ცერებრული დამბლა

ცერებრული დამბლის მკურნალობა

ცერებრული დამბლის მკურნალობა მხოლოდ ერთი სახის თერაპიის გზით და ერთი ექიმის მონაწილეობით შეუძლებელია.  ცერებრული დამბლის მართვა მოითხოვს პროფესიონალთა მულტიდისციპლინურ მიდგომას.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია სხვადასხვა დარგის პროფესიონალებით გუნდის გაერთიანება, რომლებიც ერთობლივად გამოავლენენ ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს და შეიმუშავებენ მკურნალობის შეთანხმებულ  გეგმას.

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვის მკურნალობა მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, გამოვლენილ სიმპტომებზე რეაგირებას და მათ უკუგანვითარებაზე მუშაობას, მაგ.: სპასტიკის შემცირება, გულყრების კუპირება (შეწყვეტა), ხოლო მეორე მხრივ - ბავშვის ფუნქციური უნარების განვითარებას, მაგ.: თავის ჭერის, დამოუკიდებლად ჯდომის, საგნის ხელში ჭერის, თამაშის, ყოველდღიური  აქტივობების შესრულების უნარის განვითარებას და გაძლიერებას.

მიუხედავად იმისა, რომ ცერებრული დამბლის განკურნება შეუძლებელია, ჩარევა / ინტერვენცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვის მდგომარეობას. ცერებრული დამბლის  მქონე მრავალი ბავშვი ცხოვრობს სრულფასოვანი ზრდასრული ადამიანის ცხოვრებით,  თუკი მისი შეზღუდული შესაძლებლობა ადრეული ასაკიდან სწორად არის მართული.

საზოგადოდ, რაც უფრო ადრეულ ეტაპზე ხდება მკურნალობის / ინტერვენციის დაწყება, მით უკეთესი შანსი უჩნდება ბავშვს გადალახოს ამა თუ იმ სფეროში გამოვლენილი შეზღუდული შესაძლებლობა, ან დაისწავლოს სხვადასხვა გზები რთული დავალებების შესასრულებლად.

გვახსოვდეს! ხშირად მკურნალი ექიმი აყოვნებს ცერებრული დამბლის დიაგნოზის დადგენას და ბავშვს, გარკვეული დროით, განაკუთვნებს ცერებრული დამბლის რისკ ჯგუფს, სანამ არ დარწმუნდება დიაგნოზის მოცემულობაში; თუმცა, გამოვლენილ სიმპტომებზე რეაგირება და შესაბამისი ინტერვენციის წამოწყება რეკომენდებულია გადავადების გარეშე.   

ცერებრული დამბლის მკურნალობის მეთოდები

არსებობს მკურნალობის მრავალი მეთოდი. ბავშვის მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, რომელი სპეციალისტის და რა ტიპის მკურნალობა არის მოცემული შემთხვევისთვის შესაბამისი.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ ჩაერთვება მულტიდისციპლინურ გუნდში, ეფუძნება ბავშვის მდგომარეობებსა და საჭიროებებს, რომლებიც შეფასების საფუძველზე ვლინდება. ერთი რამ უდავოა: ყველა ბავშვის მდგომარეობა განსხვავებულია და მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას, როგორც სპეციალისტების, ის მკურნალობის და თერაპიის შერჩევისას.

სხვადასხვა თერაპიები ორიენტირებულია სხვადასხვა უნარის და სფეროს განვითარებაზე. თერაპიები, ასევე, გულისხმობს ინსტრუქციების მიწოდებას დამხმარე საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, ოჯახის წევრების კონსულტაციებს ბავშვის ხელში ჭერის, სწორი პოზების, საწოლში და საწოლიდან მობილობასთან, კვებასთან  დაკავშრებით.

ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლებელია  კლებულობდეს ინდივიდუალური თერაპიის ინტენსივობა და მატულობდეს გუნდის მიერ გაწეული საკონსულტაციო მომსახურება. თუკი ბავშვის მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, მიზანშეწონილია, მოხდეს მისი მხრიდან პასუხისმგებლობის აღება გარკვეული ვარჯიშების სახლში შესრულებაზე, ან თერაპიებისას მიღებული რეკომენდაციების დაცვაზე. ხშირად, თერაპევტები ადგენენ საშინაო პროგრამას, რომელთა განხორციელება მშობლებს ევალებათ, რომლებიც სპეციალურ ტრენინგს ან ინსტრუქტაჟს გაივლიან მოცემულ საკითხებზე.

მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად წახალისდეს ბავშვის  მონაწილეობა ასაკის შესაბამის აქტივობებში: იაროს საბავშვო ბაღში, სკოლაში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებზე. ღონისძიებებმა უნდა წაახალისონ ბავშვის ფუნქციური დამოუკიდებლობის ზრდა და თანამონაწილეობა.

ზრდასთან ერთად, ბავშვებს, შესაძლებელია, მეტად დასჭირდეთ პირადი ასისტენტის სერვისი, მხარდაჭერა პროფესიული განათლების მიღებისას და დასაქმებისას.

გახსოვდეთ! ცერებრული დამბლის მქონე პირები, ჩვეულებრივ, დადიან სკოლაში, საქმდებიან, ქორწინდებიან, ჰყავთ შვილები და ცხოვრობენ სრულფასოვანი ცხოვრებით.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+