ცერებრული დამბლა

ცერებრული დამბლის მქონე პირთა განათლების ფორმები

Preview

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზანია ყველა მოსწავლემ მიუხედავად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და / ან ჯანმრთელობის მდგომარეობისა განათლება მიიღოს საჯარო სკოლაში თანატოლებთან ერთად. ამავდროულად, სამინისტრო უზრუნველყოფს განათლების ალტერნატიულ ფორმებსაც, იმისათვის რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ჩაერთოს განათლების  მისთვის ყველაზე  ხელსაყრელ ფორმაში.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებმა ზოგადი განათლება შესაძლებელია მიიღონ საჯარო ან სპეციალიზირებული პროფილის სკოლებში; ჩვეულებრივ ზოგადსაგანმანათლებლო  ან ინტეგრირებულ კლასებში; შესაძლებელია ასევე შინ სწავლების უზრუნველყოფაც.  

საჯარო სკოლა და კლასი

ამ შემთხვევაში მოსწავლე ჩართულია ასაკის შესაბამის კლასში და ის სასწავლო დროს სრულად ან მის დიდ უმეტესობას  თანატოლებთან ერთად მიმდინარე გაკვეთილებზე ატარებს.  საჭიროების შემთხვევაში მოსწავლისთვის იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ის სარგებლობს სპეც.მასწავლებლის და / ან სხვა სპეციალისტების მხარდაჭერით. ამავდროულად შესაძლებელია, მოსაწავლე სასწავლო დროის გარკვეულ მონაკვეთს რესურს ცენტრში ატარებდეს.  

სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლა

სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლას ჩვეულებრივი საჯარო სკოლისგან განასხვავებს ის, რომ აქ სწავლობენ მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. სპეციალიზირებული სკოლა შესაძლებელია იყოს როგორც პანსიონური მომსახურებით, ისე მის გარეშე. პანსიონური მომსახურების შემთხვევაში მოსწავლეები საგანმანათლებლო / სააღმზრდელო დაწესებულებაში რჩებიან 24 საათის განმავლობაში, სკოლის პერიოდის დასრულების შემდეგ იღებენ სააღმზრდელო მომსახურებას, აქვთ სამჯერადი კვება, იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

სპეციალიზირებული სკოლის უპირატესობა არის ის, რომ აქ გარემო მორგებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე, მასწავლებლებს აქვთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების მდიდარი გამოცდილება; თუმცა განათლების აღნიშნული ფორმის ნაკლოვანებას წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეები ნაკლებად ურთიერთობენ თანატოლებთან, როგორც ამას ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში სწავლისას შეძლებდნენ. 

ინტეგრირებული კლასი

ინტეგრირებულ კლასები დაფუძნებულია ზოგიერთ საჯარო სკოლაში. ინტეგრირებულ კლასს ჩვეულებრივი კლასისგან განასხვავებს ის, რომ აქ  სწავლობენ მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, რომლებსაც მსგავსი მდგომარეობა აღენიშნებათ. განათლების ამ ფორმაში ჩართვისას, მოსწავლე ირიცხება (რეგისტრირებულია) ჩვეულებრივ კლასში, ხოლო ინტეგრირებულ კლასში განსაზღვრულ გაკვეთილებს ესწრება ან თერაპიულ მომსახურებას იღებს. ინტეგრირებული კლასის უპირატესობაა მოსწავლეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებია - სპეც.მასწავლებლები. ამავდროულად, ინტეგრირებულ კლასში სწავლისას, მოსწავლეს აქვს რეგულარული კონტაქტი თავის თანაკლასელებთან და ის ესწრება გაკვეთილებს მათთან ერთად. თუმცა განათლების აღნიშნული ფორმის ნაკლოვანებას წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეები ნაკლებად ურთიერთობენ თანატოლებთან, როგორც ამას ჩვეულებრივ საჯარო კლასში სწავლისას შეძლებდნენ. 

შინ სწავლება

შინ სწავლება ენიშნება მოსწავლეს, თუკი ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს  სკოლაში სიარულს. შინ სწავლების შემთხვევაში საგნის მასწავლებელი და / ან სპეც.მასწავლებელი ახორციელებენ ვიზიტს მოსწავლესთან და ამეცადინებენ მას ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით. შინ სწავლების უპირატესობაა, მოსწავლისთვის განათლების უზრუნველყოფა მისი მდგომარეობის მიუხედავად, ხოლო შეზღუდვაა, ის, რომ კვირის განმავლობაში ის ნაკლები დროით არის ჩართული სასწავლო პროცესში (მასწავლებლები მასთან კვირაში რამდენჯერმე დადიან, რამდენიმე საათით), ვიდრე იმ შემთხვევაში, მას რომ სკოლაში  ევლო.

გადაწვეტილების მიღება განათლების რომელ ფორმაში ჩაერთოს მოსწავლე?

გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ განათლების რომელი ფორმაა მოსწავლისთვის მიზანშეწონილი, ფრთხილად და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მიიღება.

მსჯელობაში მნიშვნელოვანია მშობლის და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მონაწილეობა. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ბავშვის შეფასების,  მშობლის ხედვის გაზიარების  და ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

გვახსოვდეს: გადაწყვეტილება, მოსწავლის სპეციალიზირებული პროფილის სკოლაში განთავსების ან შინ სწავლების დანიშვნის შესახებ, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიიღება, რადგან ყოველთვის პრიორიტეტია მოსწავლის ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში და განათლების მიცემა  თანატოლებთან ერთად.

რა ხდება სავალდებულო განათლების დასრულების შემდეგ

საქართველოში სავალდებულო განათლება საბაზო საფეხურის დასრულებას, ანუ ცხრა კლასის განათლებას გულისხმობს.

ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს. რასაკვირველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფალია თავის არჩევანში და გადაწყვეტილებაში გააგრძელოს ფორმალური განათლება და გადავიდეს შემდეგ საგანმანათლებლო ეტაპზე, თუ სხვა ტიპის აქტივობებს მოკიდოს ხელი (დასაქმდეს, ჩაერთოს არაფორმალურ განათლებაში). მნიშვნელოვანია მშობლის და სპეციალისტების ჩართულობით მოზარდმა აწონ-დაწონის არსებული შესაძლებლობები და მიიღოს  ინფორმირებული გადაწვეტილება. რასაკვირველია უნდა წახალისდეს მოსწავლის უწყვეტ საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობა, თუკი სხვა რამ არ არის მისი მხრიდან პრიორიტეტულად განსაზღვრული.

თუკი მოსწავლე გადაწყვეტს ფორმალური განათლების გაგრძელებას, საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ, მოსწავლეს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება - სწავლა გააგრძელოს განათლების საშუალო საფეხურზე (ისწავლოს კიდევ სამი წელი) ან სწავლა გააგრძელოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაში (კოლეჯში).

საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლე იღებს საბაზო საფეხურის ატესტატს. აღნიშნული ატესტატის მისაღებად, მოსწავლეს არ ევალება გამოცდების ჩაბარება, თუკი სკოლა რომელშიც ის ირიცხება, ინდივიდუალურად არ დაადგენს გამოცდებს თავისი სკოლის მოსწავლეებისთვის.  როგორც წესი საბაზო საფეხურის ატესტატი ცხრა კლასის დასრულების საფუძველზე, გამოცდის გარეშე გაიცემა .

განვიხილოთ სწავლის გაგრძელების თითოეული შესაძლებლობა ცალ-ცალკე

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსახვედრად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტმა უნდა წარადგინოს საბაზო საფეხურის (9 კლასის) ატესტატი, რომელსაც ის მიიღებს 9 კლასის დასრულებისთანავე; ამავდროულად, პროფესიული განათლების სისტემაში მოსახვედრად, მან უნდა გაიაროს პროფესიული ტესტირება, რომელიც მისი საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით დაიგეგმება. პროფესიული ტესტირების დროს შეფასდება, რამდენად არის თანხვედრაში აპლიკანტის მიერ შერჩეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მის ინტერესებთან და შესაძლებლობებთან.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსახვედრად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

  • სწავლა გააგრძელოს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე;
  • დაასრულოს აღნიშნული საფეხური; ჩააბაროს სკოლის დამამთავრებელი (საატესტატო) გამოცდები, აიღოს ზოგადი განათლების ატესტატი;
  • ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საჭიროების გათვალისწინებით ხდება, როგორც საატესტატო გამოცდების, ისე მისაღები გამოცდების გარემო პირობების ადაპტაცია. მულტიდისციპლინური გუნდის მხრიდან საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, მოსწავლეს შეიძლება მიეცეს მეტი დრო საგამოცდო დავალებების შესასრულებლად; გაეზარდოს წერილობითად მიცემული მასალის შრიფტი და ა.შ. ამავდროულად საყურადღებოა, რომ არ ხდება საგამოცდო მასალის შინაარსის გამარტივება. 

იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლე ვერ გადალახავს საატესტატო გამოცდისთვის დადგენილ ზღვარს და ვერ მიიღებს საშუალო განათლების დამადასტურებელ ატესტატს, მას გადაეცემა სკოლის დამთავრების სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატის საფუძველზე ის შეძლებს სწავლის გაგრძელებას პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (პროფესიული ტესტირების გავლის შემდეგ), თუმცა ვერ შეძლებს უმაღლესში მისაღები გამოცდებისთვის დარეგისტრირებას.

სკოლის დამთავრების სერტიფიკატი მოსწავლეს ეძლევა საატესტატო გამოცდებზე გასვლის გარეშეც.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+