ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების ყოველდღიურ აქტივობებში თანამონაწილეობის გაზრდის მიზნით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებები. სწორად შერჩეული და მორგებული დამხმარე საშუალება ზრდის დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც ხელს უწყობს ბავშვის თვითშეფასების ამაღლებას.
დამხმარე საშუალებების შერჩევისას მნიშვნელოვანია თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობა, საჭიროებების სწორად განსაზღვრა და შესაბამისი ინდივიდუალური საშუალებების სწორად შერჩევა.
ბავშვისთვის დამხმარე საშუალებების შერჩევაში მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა სპეციალისტები - ოკუპაციური თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ორტეზისტი. დამხმარე საშუალებების შერჩევისას, შესაძლებელია საჭირო გახდეს ექიმთან კონსულტაციაც. სპეციალისტის ჩართულობა განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რისთვის ხდება დამხმარე საშუალების შერჩევა - ყოველდღიური აქტივობებისთვის, მობილობისთვის, კომუნიკაციისთვის თუ სხვ.
1. დამხმარე საშუალები მობილობისთვის
ცერებრული დამბლა ძირითადად ხასიათდება მობილობის (გადაადგილების) შეზღუდვით. შესაბამისად, ხშირად ბავშვებისთვის საჭირო ხდება დამხმარე საშუალებების შერჩევა გადაადგილებისთვის, რომლებიც შესაძლებელია იყოს როგორც მარტივი, მაგალითად ხელჯოხი, ასევე მაღალტექნოლოგიური, როგორიცაა ელექტრო ეტლი.
განვიხილოთ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებები გადაადგილებისთვის.
სავარძელ-ეტლი
ცერებრული დამბლის შემთხვევაში ბავშვის გადაადგილების ხელშესაწყობად მისი საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენება როგორც მექანიკური, ასევე ელექტრო ეტლები.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს უჭირს ჯდომისას სხეულის აღმართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, სწორად ჯდომის ხელშეწყობისთვის ხდება ეტლების აღჭურვა დამატებითი დამხმარე საშუალებებით - ღვედით, გვერდითა დამჭერებით, ფეხების გამშლელით, თავის დამჭერით და ა.შ.
ეტლის და დამხმარე საშუალებების შერჩევის შემდეგ, მნიშვნელოვანია მათი მორგება ბავშვისთვის - მაგალითად, სატერფულის, ხელის საყრდენის და / ან თავის დამჭერის სიმაღლის სწორად შერჩევა; დასაჯდომი ზედაპირის სიგანის და /ან სიღრმის ცვლილება; ეტლის უკან გადახრა და ა.შ.
სასიარულო ჩარჩო
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებთან, რომლებსაც შეუძლიათ დგომა და გადაადგილება სხვა პირის დახმარებით ან დამხმარე საშუალებით, ხშირად გამოიყენება სასიარულო ჩარჩო. აღნიშნული დამხმარე საშუალების გამოყენებისთვის ბავშვს ზედა კიდურებში უნდა ჰქონდეს კუნთთა საკმარისი ძალა და გამძლეობა; უნდა შეეძლოს მიზანმიმართული მოძრაობების შესრულება და სივრცეში სწორად ორიენტაცია.
არსებობს სასიარულო ჩარჩოს განსხვავებული მოდელები. ზოგიერთ შემთხვევაში სასიარულო ჩართო ბავშვს ზურგს უკან ერგება, ზოგიერთ შემთხვევაში კი - წინიდან.
სასიარულო ჩარჩოს ტიპის შერჩევა და მათი სიმაღლის მორგება ასევე ხდება ინდივიდუალურად ბავშვის საჭიროების გათვალისწინებით.
ხელჯოხი
ხელჯოხი გამოიყენება ცერებრული დამბლის შედარებით მსუბუქი ფორმების შემთხვევაში, როგორიცაა ჰემიპლეგია ან მონოპლეგია. ამ შემთხვევაში, ბავშვებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება, თუმცა სჭირდებათ დახმარება სტაბილურობისთვის და ბალანსის შესანარჩუნებლად. არსებობს სხვადასხვა ტიპის ხელჯოხები და მათი შერჩევის შემდეგ, მნიშვნელოვანია მისი სიმაღლის სწორად დარეგულირება.
2. დამხმარე საშუალებები სწორად ჯდომის და დგომის ხელშეწყობისთვის
ადაპტირებული სკამი და მაგიდა
ადაპტირებული სკამი და მაგიდა ხშირად რეკომენდებულია ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებთან, რადგან უზრუნველყოფს მეტ სტაბილურობას და დაცულობას ჯდომის დროს. ბავშვისთვის სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდა გადამწყვეტია დამჯდარ მდგომარეობაში სხვადასხვა საქმიანობების შესასრულებლად. მხოლოდ სტაბილურობის განცდის პირობებში შეძლებს ბავშვი ზედა კიდურების (ხელების) მოხერხებულად გამოყენებას ჭამისას, წერისას / ხატვისას, თამაშისას. შესაბამისად, ადაპტირებული მადიდა და სკამი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და აიოლებს ყოველდღიურ აქტივობებში ბავშვის ჩართულობას.
სკამისა და მაგიდის ადაპტირების შემთხვევაში საჭიროა
- სკამის სიმაღლის რეგულირება, იმისათვის, რომ ბავშვს ჰქონდეს იატაკის ზედაპირზე ტერფების სრული ყრდნობა;
- მაგიდის სიმაღლის რეგულირება, იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს ზედა ტანის აღმართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, შემცირდეს ბავშვის წინ ან გვერდზე ზედმეტი გადახრა, ან მხრების ზევით ზედმეტად აზიდვა;
- მაგიდის ზედაპირის ბავშვისკენ დახრა, ხელს უწყობს ზედა ტანის ვერტიკალურ მდგომარეობაში მოყვანას; უზრუნველყოფს ხელის კუნთების მოდუნებას და მტევნის საჭირო პოზაში შენარჩუნებას;
- მაგიდის ზედაპირის რკალისებურად ამოჭრა, იმისათვის, რომ ბავშვი მაქსიმალურად ახლოს მივიდეს მაგიდის ზედაპირთან, შეძლოს მკლავების მაგიდის ზედაპირზე სრული ყრდნობა. ეს უზრუნველყოფს სტაბილურობის განცდას, ზედა ტანის აღმართვას და ხელების უფრო ეფექტურ გამოყენებას.
სადგომი
სადგომი არის დამხმარე საშუალება, რომელიც საშუალებას აძლევს ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს ჰქონდეთ ფეხზე დგომის და ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნის გამოცდილება. სადგომის გამოყენება ხელს უწყობს ქვედა კიდურების კუნთებისა და ძვლების განვითარებას, რაც აუმჯობესებს ფეხზე ყრდნობის პროცესს.
3. სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებები ყოველდღიური აქტივობების განხორციელებისთვის
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ სირთულეები მსხვილ და ნატიფ მოტორულ უნარებში, უჭირთ საგნის ჩაჭიდება, რის გამოც პრობლემურია კალმის, მაკრატლის თუ კოვზის სწორად გამოყენება. მარტივი სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებები ხშირად აადვილებს საგნების ჩაჭიდების, ხელში ჭერის და გამოყენების პროცესს.
დამხმარე საშუალებები
კვებისთვის ერთ მხარეს რკალისებურად ამოჭრილი ჭიქა აიოლებს სითხის მიღებას თავის ზედმეტად უკან გადახრის გარეშე;
- ჭიქა ორმხრივი სახელურებით უზრუნველყოფს ჭურჭლის სტაბილურად ჭერას, აიოლებს ჭიქის მაგიდის წედაპირიდან აღებას და პირთან მიტანას სითხის დაღვრის გარეშე;
- კიდეებიანი თეფშიდან ბავშვს უიოლდება კოვზზე ან ჩანგალზე საკვების მოთავსება და თეფშიდან ამოღება;
- გაცურების საწინააღმდეგო მასალა, რომელიც თავსდება თეფშის ქვეშ უზრუნველყოფს მის სტაბილურ მდებარეობას მაგიდაზე. აღნიშნული დამხმარე საშუალება მიზანშეწონილია ბავშვებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ უნებლიე და არაკოორდინირებული მოძრაობები;
- მოხრილი ტარის მქონე კოვზი ან ჩანგალი აიოლებს საკვების პირთან მიტანას. აღნიშნული დამხმარე საშუალება მიზანშეწონილია, თუკი ბავშვს აქვს სირთულეები ამოძრაოს ხელი მოქნილად;
- კოვზის ან ჩანგლის ტარის გამამსხვილებელი, უზრუნველყოფს ხელის უკეთეს მორგებას ტარზე და უფრო სტაბილურ ჩაჭიდებას;
- ტარზე მიმაგრებული ტყავის ყულფი უზრუნველყოფს კოვზის ან ჩანგლის ხელზე ფიქსაციას ჩაჭიდების უნარის არარსებობის შემთხვევაში.
დამხმარე საშუალებები წერისთვის
- საწერი საშუალების სხვადასხვა ზომისა და ფორმის გამსხვილებული ტარი კალმისთვის ან ფანქრისთვის უზრუნველყოფს ხელის უკეთეს მორგებას კალმისთვის და უფრო სტაბილურ ჩაჭიდებას;
- შედარებით მძიმე ტარი, რომელიც შეიძლება მოერგოს სხვდასხვა საწერ საშუალებებს უზრუნველყოფს მეტ სტაბილურობას წერის დროს;
- დახრილი საწერი დაფა უზრუნველყოფს ხელის კუნთების მოდუნებას და მტევნის აღმართულ პოზაში უკეთეს ფიქსაციას; ასევე ეხმარება ბავშვს მაქსიმალურად შეინარჩუნოს ჯდომის აღმართული პოზა და ნაკლებად გადაიხაროს წინა მიმართულებით წერის დროს.
ტუალეტის ადაპტირება
- ადაპტირებული ანუ წინა მხარეს რკალისებურად ამოჭრილი და განსაზღვრულ სიმაღლეზე დამონტაჟებული ხელსაბანი უიოლებს ეტლის მომხმარებლის მიწვდეს ონკანს, წყალს და საჭირო ნივთებს;
- წინისაკენ გადმოხრილი სარკე, შესაძლებლობას აძლევს ეტლის მომხმარებელს დაინახოს თავის ანარეკლი მიუხედავად ეტლში ჯდომისა;
- განსაზღვრულ სიმაღლეზე დამონტაჟებული მოაჯირები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას და მეტ დაცულობას უნიტაზზე ჯდომისას და წამოდგომისას;
- განსაზღვრულ სიმაღლეზე დამონტაჟებული უნიტაზი უიოლებს ეტლის მომხმარებელს და / ან გადაადგილების სირთულის მქონე პირს უნიტაზზე დაჯდომას - წამოდგომას, ან სტაბილურობას ჯდომისას;
- ბავშვის სიმაღლის გათვალისწინებით ტუალეტის მოხმარებისას ხშირად გამოიყენება კუბები. განსაზღვრული სიმაღლის კუბი უზრუნველყოფს ტერფების ყრდნობას მის ზედაპირზე უნიტაზზე ჯდომისას და სტაბილურობის განცდას.