გარემო გავლენას ახდენს ბავშვის თანამონაწილეობასა და ჩართულობაზე ყოველდღიურ ცხოვრებისეულ აქტივობებში. არაადაპტირებული გარემო ქმნის ბარიერებს და ხელს უშლის ცერებრული დამბლის მქონე ადამიანის ჩართულობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გარემო ბარიერები შესაძლოა შეგვხვდეს შენობებში, გზებზე, ტრანსპორტის გამოყენებისას, ინფორმაციის მიღებისას და კომუნიკაციისას.
ფიზიკური ბარიერებს შორის აღსანიშნავია შენობის არასწორად დაგეგმარება, კიბეები, პანდუსის არარსებობა ან არასწორი დაქანება, ვიწრო შესასვლელი, არასათანადო განათება, ცუდად მოწყობილი ტროტუარი/გასასვლელი და ა.შ.
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად მნიშვნელოვანია ბარიერებისაგან თავისუფალი სივრცის შექმნა.
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვისთვის, ასევე, იმ ადამიანებისთვის ვინც მათზე ზრუნავენ, მნიშვნელოვანია, იყოს ადაპტური გარემო როგორც საჯარო სივრცეებში (მაგ: სკოლა, საავადმყოფო, სკვერი და სხვა), ასევე სახლის პირობებში.
ფიზიკური გარემოს ადაპტაცია მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
- მისაწვდომი გზა და შესასვლელი შენობებში (მაგ: პანდუსი, ლიფტი და ა.შ)
- მისაწვდომი საერთო და საზოგადოებრივი სივრცე
- შესაფერისი ზომის კარი - მაგალითად ეტლის მომხმარებელთათვის (სიგანე - მინიმუმ 90 სანტიმეტრი)
- შუქის ჩამრთველების, ელექტრონული მოწყობილობების და მსგავსი ტიპის სხვა აღჭურვილობის არსებობა მისაწვდომ სიმაღლეზე
- მოაჯირები კიბეზე
- ადაპტირებული სამზარეულო და სააბაზანო - მაგ: ხელსაბანი და სარკე მისაწვდომ სიმაღლეზე, საკმარისი სივრცე ეტლით ან გადასაადგილებელი ჩარჩოთი მოძრაობისთვის და ა.შ
გარემოში ცვლილებების შეტანა ზოგჯერ საკმაოდ მარტივია და შეიძლება მისი მორგება სახლის პირობებშიც.
მაგალითად:
- იატაკზე მოცურების თავიდან ასარიდებლად შესაძლებელია შედარებით მყარი ხალიჩების დაფენა
- მაღალი ხელსაბანის არსებობის შემთხვევაში - პატარა ზომის კუბის დადგმა იატაკზე.
- მოაჯირების დამაგრება სააბაზანოში/საპირფარეშოში.
- საბავშვო უნიტაზის დამაგრება არსებულ უნიტაზზე და ასევე ფეხების საყრდენი კუბის გამოყენება საჭიროების შემთხვევაში.
- ყოველდღიურად გამოსაყენებელი ნივთების განთავსება ბავშვისთვის მისაწვდომ სიმაღლეზე, მაგალითად: კარადის პირველ თაროზე.
ბარიერებისგან თავისუფალი სივრცე ქმნის ხელშემწყობ, ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ გარემოს.