ცერებრული დამბლა თითქმის ყოველთვის ახდენს გავლენას ბავშვის მოძრაობისა თუ გადაადგილების უნარზე. მოძრაობისა და გარემოში გადაადგილების შესაძლებლობა, ძირითადად, დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე.
ცერებრული დამბლა, მოტორული დარღვევების სიმძიმის მიხედვით, კლასიფიცირდება მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებად. რიგ შეთხვევაში ფორმები ურთიერთგადამფარავია.
მსუბუქი ფორმა - ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და მისი ყოველდღიურ აქტივობებში ჩართულობა არ არის შეზღუდული.
საშუალო ფორმა - ბავშვს სჭირდება სხვადასხვა დამხმარე საშუალებები გადაადგილებისა და ყოველდღიურ აქტივობებში მონაწილეობისთვის.
მძიმე ფორმა - ბავშვი საჭიროებს ეტლის გამოყენებას და აქვს მნიშვნელოვანი სირთულეები ყოველდღიური აქტივობების განხორციელების პროცესში.
გავრცელებულია ცერებრული დამბლის კლასიფიკაცია მსხვილი მოტორული უნარების ფუნქციური გამოყენების მიხედვით. ფუნქციური კლასიფიკაცია ყურადღებას ამახვილებს ბავშვის ჯდომის, პოზების ცვლილების, გარეთ და შინ სიარულის უნარზე, ყოველდღიური საქმიანობების შესრულებაზე და გადაადგილებისთვის საჭირო დამხმარე საშუალებების გამოყენებაზე, როგორიცაა: გადასაადგილებელი ჩარჩო, ხელჯოხები, ყავარჯნები და სავარძელ-ეტლები.
I დონე: დადის / გადაადგილდება სირთულეების გარეშე
- არ საჭიროებს დამხმარე საშუალებებს (ხელჯოხს, ყავარჯენს);
- შეუძლია შინ და გარეთ გადაადგილება, კიბეზე ასვლა / ჩასვლა სირთულის გარეშე;
- შეუძლია ყოველდღიური აქტივობების შესრულება - სირბილი, ხტუნვა;
- ახასიათებს შენელებული მოძრაობები, სირთულეები ბალანსსა და კოორდინაციაში.
II დონე: დადის / გადაადგილდება შეფერხებით
- ქუჩაში, შინ და კიბეებზე გადაადგილდება სახელურების დახმარებით;
- აწყდება სირთულეებს უსწორმასწორო ზედაპირზე, დაქანებაზე და გადატვირთულ ადგილებში;
- აქვს სირბილის და ხტომის მინიმალური უნარი.
III დონე: გადაადგილდება დამხმარე საშუალების გამოყენებით
- შინ და გარეთ სწორ ზედაპირზე გადაადგილდება დამხმარე საშუალების გამოყენებით;
- შესაძლებელია, შეძლოს კიბეზე ასვლა სახელურების დახმარებით;
- შესაძლებელია, შეძლოს მექანიკური ეტლის ტარება (დასჭირდება დახმარება დიდ დისტანციაზე და უსწორმასწორო ზედაპირზე).
IV დონე: გადადგილდება სირთულეებით სავარძელ - ეტლის გამოყენებით
- დამოუკიდებელი გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია დამხმარე საშუალებების მიუხედავად;
- უმეტესად, გადაადგილდება სავარძელ-ეტლით; შესაძლებელია მართავდეს ელექტრო ეტლს.
V დონე: გადააადგილებენ სავარძელ-ეტლით
- აღენიშნება ფიზიკური შეზღუდვა, რაც აფერხებს ნებისმიერი მოძრაობების შესრულებას, კონტროლს და თავისა და კისრის აღმართული მდგომარეობის შენარჩუნებას;
- დარღვეულია მოტორული ფუნქციონირების ყველა სფერო;
- არ შეუძლია დამოუკიდებლად ჯდომა და დგომა დამხმარე საშუალებების გამოყენების მიუხედავად;
- არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაადგილება, თუმცა შესაძლებელია შეძლოს ელექტრო ეტლის გამოყენება.