როგორც აღვნიშნეთ, შფოთვითი აშლილობების გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია, თუმცა მშობლის აღზრდის სტილსა და გამოყენებულ მიდგომებს, შეუძლიათ შეამცირონ შფოთვითი აშლილობის ჩამოყალიბების ან მისი არსებობით გამოწვეული გართულებების რისკები:
➔ ესაუბრეთ და დაუსვით კითხვები: მნიშვნელოვანია ესაუბროთ ბავშვს მისი შფოთვისა და სხვა ნეგატიური განცდების შესახებ. უფროსი ასაკის ბავშვებთან შეგიძლიათ ისაუბროთ შფოთვის, როგორც მდგომარეობის რაობაზე და მის თანმდევ ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე, როგორებიცაა მაგალითად გახშირებული გულისცემა, ჰაერის უკმარისობა, განგაშის შეგრძნება, სხეულის დაჭიმულობა, ოფლიანობა და სხვ. საკუთარი შიშების და განცდების სახელდება და გაზიარება ეხმარება ბავშვებს ამ ემოციების გადამუშავებაში. იმის ცოდნა, თუ რა აზრები უსწრებს წინ და ახლავს თან შფოთვას, ასევე ეხმარება მშობლებს კონკრეტული დამხმარე სტრატეგიების შემუშავებაში. წაახალისეთ ბავშვები, რომ ისაუბრონ საკუთარ ემოციებზე, მაგრამ არ დასვათ ისეთი მიმართულებისმიმცემი კითხვები როგორიცაა მაგალითად: „გეშინია მათემატიკის გამოცდის?“, „თანაკლასელებთან შეხვედრის გამო ღელავ?“. ამის ნაცვლად, დაუსვით ღია კითხვები, მაგალითად - „როგორ ხარ განწყობილი მათემატიკის გამოცდის მიმართ?“
➔ გამოიჩინეთ თანაგრძნობა: ბავშვების შფოთვა და შიში, ხშირად ეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც მოზრდილი ადამიანისათვის რთულად გასაგები ან ნაკლები მნიშვნელობისაა. გესმოდეთ ბავშვის, აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ეთანხმებოდეთ მას. მოერიდეთ როგორც ბავშვის ემოციების გაკრიტიკებას და დაკნინებას, ასევე, მისი მდგომარეობის გაზვიადებას. დაუდასტურეთ, რომ გესმით მისი განცდების, რომ ის მარტო არაა და ეცდებით დახმარებას.
➔ არ წაახალისოთ ამრიდებელი ქცევა, სანაცვლოდ, დაეხმარეთ ბავშვს შფოთვის მართვაში: ხშირად შეუძლებელი, ზოგჯერ კი, გაუმართლებელია, რომ ბავშვს თავიდან აარიდოთ ყველა ის სტრესორი, რომელიც მასში შფოთვის მომატებას იწვევს. მსგავსი სტრესორების მოშორება და შესაბამისად, ბავშვის განრიდება შფოთვისმომგვრელი სიტუაციიდან, მხოლოდ დროებით ამცირებს შფოთვას. გარდა ამისა, ამრიდებელი ქცევის წახალისებით, ბავშვი სწავლობს, რომ შფოთვის მართვის საუკეთესო საშუალება მისი თავიდან არიდებაა და მომავალში, სამყაროს აქტიური შემეცნების ნაცვლად, მისი გამოკვლევის მხოლოდ უსაფრთხო და კომფორტულ გზებს აირჩევს. ამგვარად, სტრესორის ჩამოშორების ნაცვლად, დაეხმარეთ ბავშვს ისწავლოს ემოციებთან გამკლავება და ფუნქციონირება მომატებული შფოთვის ფონზე.
➔ წინასწარ მოიფიქრეთ შფოთვასთან გამკლავების გზები: ბავშვთან ერთად გაითამაშეთ შფოთვისსმომგვრელი სიტუაციები და დაეხმარეთ გაივარჯიშოს საპასუხო ქცევები. წაახალისეთ ბავშვი რომ კარგად დაფიქრდეს მის წარმოსახვაში არსებულ სიტუაციებზე. მაგალითად, - „რა მოხდება, თუ უცხო ადამიანთან გამოლაპარაკება დაგჭირდება? როგორ წარმოგიდენია, ყველაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს? რა არის მოსალოდნელი რომ მოხდეს? რა კითხვები, პასუხები და ქცევა შეიძლება მოიფიქრო წინასწარ ასეთი შემთხვევისათვის?“
➔ შეიმუშავეთ რეალისტური მოლოდინები: ნუ ეცდებით ბავშვის მიმართ ისეთი მოლოდინების დაწესებას, რომელიც მისგან მოითხოვს ყველაფრის უნაკლოდ შესრულებას, რათა მარცხის შემთხვევაში არ გაუჩნდეს განცდა, რომ ამით ღირსებას ან თქვენს პატივისცემას დაკარგავს.
➔ წაახალისეთ ინიციატივა და ჩართულობა: მომატებული შფოთვის მქონე ბავშვები, როგორც წესი, წინასწარ ღელავენ შესაძლო შეცდომებზე და იმ ფაქტზე, რომ ვერ შეძლებენ ყველაფრის იდეალურად შესრულებას. წარუმატებლობის შიშის გამო, ისინი ხშირად თავს არიდებენ გარკვეულ სიტუაციებს და აქტივობებს, ინიციატივის გამოჩენას და პირველი ნაბიჯის გადადგმას. წაახალისეთ მათი ჩართულობა მათთვის ახალ, საინტერესო აქტივობებში და შეაქეთ მცდელობისა და გამოვლენილი ძალისხმევისთვის.
➔ დაყავით აქტივობა მცირე ნაწილებად: მომატებული შფოთვის მქონე ბავშვებს ზოგჯერ უჭირთ ყურადღების ხანგრძლივად შენარჩუნება ერთსა და იმავე დავალებაზე ან დავალებას აღიქვამენ ზედმეტად რთულად. იქნება ეს საშინაო დავალება თუ სხვა ყოველდღიური აქტივობა, დაეხმარეთ შესასრულებელი ამოცანის მცირე საფეხურებად დაყოფაში. მცირე დავალებების ეტაპობრივად შესრულება გაზრდის თვით-კომპეტენტურობის განცდას და შეამცირებს შფოთვას.
➔ იყავით გულწრფელი: ხშირად ბავშვებს აქვთ შფოთვა ისეთ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მედია საშუალებებიდან აქვთ. მაგალითად ბავშვის შფოთვა შეიძლება ეხებოდეს ომს ან ბუნებრივ კატასტროფას. ამ საკითხებით დაინტერესება ნორმალურია და ეცადეთ არ აარიდოთ თავი პასუხის გაცემას. უპასუხეთ გულწრფელად და მიაწოდეთ ინფორმაცია მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. მოერიდეთ ფაქტების როგორც ზედმეტად შელამაზებას, ისე დამძიმებას. ამავე დროს, ხაზი გაუსვით ყველა იმ უსაფრთხოების ზომას, რომელსაც იღებენ შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
➔ მოიხმეთ ფაქტები: მაღალი შფოთვის მქონე ბავშვები ხშირად წარმოიდგენენ სიტუაციიის განვითარების ყველაზე უარეს სცენარს. შეგიძლიათ გააქარწყლოთ ეს აზრები და შეახსენოთ რეალური ფაქტები, რომლებიც მათ შიშს აბათილებს. მაგალითად, გაახსენეთ ბოლო შემთხვევა, როდესაც ბავშვი მსგავს სიტუაციას გაუმკლავდა და ყველაფერი იმაზე უკეთ დასრულდა, ვიდრე თავად ვარაუდობდა.
➔ მიეცით მაგალითი: ბავშვები უფროსებზე დაკვირვებით სწავლობენ. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ მოუწოდოთ ღელვის შეწყვეტისკენ, მიეცით მაგალითი. როდესაც სტრესს ან შფოთვას განიცდით, გაახმოვანეთ საკუთარი ემოციური მდგომარეობა და აჩვენეთ როგორ უმკლავდებით მას.
➔ აკონტროლეთ საკუთარი ქცევა: ბავშვის მიმართ ზემზრუნველობის გამოჩენა, აფიქრებინებს მას, რომ სამყარო უკიდურესად საშიში ადგილია, სადაც ყველაფერს შეუძლია ზიანის მოტანა და სადაც თავად ბავშვი უსუსურია უფროსის გარეშე. მიეცით მას პიროვნული თავისუფლება და გადაწყვეტილებების თავად მიღების შესაძლებლობა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არ საჭიროებს უფროსის ჩარევას.
➔ მიმართეთ დახმარებისთვის სპეციალისტს: იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხარდაჭერისა და გამოყენებული მიდგომების მიუხედავად, ბავშვის მდგომარეობა არ უმჯობესდება, და მისი შფოთვა იმდენად მაღალია, რომ ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის სწავლაში, დასვენებისას, თანატოლებთან ურთიერთობაში - მნიშვნელოვანია დამატებითი კონსულტაციის მიმართოთ სპეციალისტს.