შფოთვითი აშლილობები მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე კარგად მართვად და განკურნებად მდგომარეობებად, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი ჩარევის შემთხვევაში, მაღალია სიმპტომების შემცირების ალბათობა. შფოთვითი აშლილობების უმეტესობისთვის განსაკუთრებულად ეფექტურ მკურნალობად ითვლება შემდეგი ორი ტიპის მიდგომა: ფსიქოთერაპია და მედიკამენტოზური ჩარევა. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს როგორც რომელიმე ერთი მიდგომის, ისე მათ კომბინირებულ გამოყენებას.
ფსიქოთერაპია: შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ სხვადასხვა თერაპიული მიდგომა გამოიყენება. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიაა (კბთ). ფუნდამენტური დაშვება, რომელსაც აღნიშნული მიდგომა ეყრდნობა, შემდეგნაირად ჟღერს: ჩვენს რეაქციებს მოვლენაზე, განსაზღვრავს არა თავად მოვლენა, არამედ ამ მოვლენის ჩვენეული შეფასებები. ადამიანის შინაგანი ხმა, რომელსაც „თვით-საუბარი“ შეიძლება ვუწოდოთ, შეიძლება სავსე იყოს ნეგატიური აზრებითა და მოვლენების დამახინჯებული, ირაციონალური შეფასებებით, რაც თავის მხრივ იწვევს მომატებულ შფოთვას და გვიბიძგებს არადააპტური ქცევებისკენ. აღნიშნული მიდგომის თანახმად, ინდივიდს დასწავლილი და განმტკიცებული აქვს მოვლენებზე რეაგირების აღნიშნული პატერნები. ფსიქოთერაპიის ფარგლებში ადამიანი სწავლობს საკუთარი შფოთვასთან დაკავშირებულ აზრებზე, ემოციებსა და ქცევებზე დაკვირვებას და მათ ჩანაცვლებას ახალი, ადაპტური ფორმებით.
მედიკამენტოზური მკურნალობა: მედიკამენტების მიღებით შფოთვითი აშლილობების სრული განკურნება არ ხდება, მაგრამ მათ შეუძლიათ გარკვეული სიმპტომების შემსუბუქება, რაც დადებითად აისახება ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე. მედიკამენტების დანიშვნა შეიძლება მოხდეს ნევროლოგის ან ფსიქიატრის მიერ. შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ ყველაზე ხშირად ინიშნება შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები (როგორც წესი, მცირე დროით) და ანტიდეპრესანტები. აღსანიშნავია, რომ ე.წ. ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც გულის დაავადებების დროს გამოიყენება, ზოგჯერ გამოიყენება შფოთვის ფიზიკური სიმპტომების სამართავადაც.
ნებისმიერი მედიკამენტის დანიშვნის შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია პაციენტს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია, მათ შორის მედიკამენტის მიღების დადებითი მხარეებისა და თანხმლები გვერდითი მოვლენების შესახებ.
ქვემოთ მოცემული შეკითხვები დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ სრულად ფლობთ ინფორმაციას მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით:
რა უნდა ვკითხოთ ექიმს დანიშნულ მედიკამენტებთან დაკავშირებით?
- რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს თან წამლის მიღებას, როგორც მისი მიღებისთანავე, ისე მოგვიანებით?
- წამლის მიღებით გამოწვეული რომელი გვერდითი ეფექტები მოითხოვს საგანგებო ყურადღებას?
- რა სიხშირითაა რეკომენდებული ექიმთან ვიზიტი წამლის მიღებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების მონიტორინგის მიზნით?
- რამდენად ეფექტურია წამალი?
- დაახლოებით რამდენ ხანშია მოსალოდნელი წამლის მიღებით გამოწვეული დადებითი ცვლილებების შემჩნევა?
- რა დოზით უნდა მოხდეს წამლის მიღება?
- როდის და რა ინტერვალით მოხდება წამლის დოზის ცვლილება?
- საჭიროა თუ არა სისხლის ანალიზის ან სხვა ტიპის გამოკვლევის ჩატარება მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ან დაწყების შემდეგ?
- ურთიერთქმედებს თუ არა რომელიმე საკვები ან სხვა წამალი, დანიშნულ მედიკამენტთან?
- რისი გაკეთებაა რეკომენდებული იმ შემთხვევაში, თუ წამლის დღიური დოზის მიღება დაგვავიწყდა?
- რამდენი ხნის განმავლობაში უნდ ამოხდეს წამლის მიღება?
- როგორ მიიღება გადაწყვეტილების მიღება მედიკამენტების შეწყვეტის შესახებ?