ზოგიერთ შემთხვევაში, მომატებული შფოთვა შეიძლება დაკავშირებული იყოს ჯანმრთელობის სხვადასხვა სირთულესთან ან წარმოადგენდეს მედიკამენტების მიღების გვერდით ეფექტს. სწორედ ამიტომ, შფოთვითი აშლილობის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი, რათა გამოირიცხოს შფოთვის რაიმე ფიზიკური მიზეზის არსებობა.
ექიმი დეტალურად შეისწავლის ადამიანის სამედიცინო ისტორიის და მიმართავს შესაბამის ფიზიკურ გამოკვლევას. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს კონკრეტული ლაბორატორიული ტესტი ან სკანირების მეთოდი, რომელიც შფოთვითი აშლილობის დიაგნოსტირებას შეძლებდა, მაგრამ ექიმის დანიშნულებით შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა გამოკვლევა, შფოთვის სიმპტომების საფუძვლადმდებარე ფიზიკური მიზეზების არსებობის გამოსარიცხად.
ქვემოთ მოცემულია ჯანმრთელობის ის გავრცელებული პრობლემები, რომლებიც შესაძლოა იწვდნენ შფოთვისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს:
- გულის დაავადებები
- დიაბეტი
- ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად ჰიპერთირეოზი
- რესპირატორული დარღვევები, როგორიცაა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ასთმა
- ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება ან მათი აღკვეთის მდგომარეობა
- ალკოჰოლისგან აღკვეთა
- შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ბენზოდიაზეპინები) ან სხვა მედიკამენტები
- ქრონიკული ტკივილი ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- იშვიათი ტიპის სიმსივნეები
- დემენცია
თუკი გამოკვლევის საფუძველზე, ექიმი ვერ აღმოაჩენს ისეთი ფიზიკური ავადმყოფობის ნიშნებს, რომლებიც შეიძლება პასუხისმგებელი იყოს ადამიანის შფოთვის სიმპტომების გამოწვევაზე, იგი როგორც წესი პაციენტს ამისამართებს ფსიქიატრის ან ფსიქოლოგის კონსულტაციაზე, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ფსიქიკური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიმართულებით. ფსიქიატრი ან ფსიქოლოგი იყენებს სპეციალურად შემუშავებულ ინტერვიუს და შეფასების ინსტრუმენტებს იმის დასადგენად, აქვს თუ არა ინდივიდს შფოთვითი აშლილობა და კერძოდ, რომელი.
სპეციალისტი დიაგნოსტირებისას ეყრდნობა შემდეგ ინფორმაციას:
- ინდივიდის მიერ აღწერილი სიმპტომები: რა ტიპის აზრები, განცდები და ქცევებია დამახასიათებელი ინდივიდისთვის და რა სიხშირე, სიძლიერე და ხანგრძლივობა ახასიათებთ მათ.
- ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე ზეგავლენის ხარისხი: სპეციალისტი ინდივიდთან ერთად განიხილავს და აფასებს, თუ რამდენად ხელშემშლელია ინდივიდისთვის შფოთვა, აფერხებს თუ არა იგი ინდივიდის ფუნქციონირების ცხოვრების რომელიმე ან რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში.
- ინდივიდის ქცევასა და განწყობაზე დაკვირვების მონაცემები.
მონაცემების შეგროვების შემდეგ, სპეციალისტი ადარებს ინდივიდის სიმპტომებს ფსიქიკური აშლილობების საერთაშორისო საკლასიფიკაციო სისტემაში მოცემულ სხვადასხვა დიაგნოსტიკურ კატეგორის. იმ შემთხვევაში თუკი ინდივიდი აკმაყოფილებს რომელიმე შფოთვითი აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტი გასცემს რეკომენდაციას მკურნალობის დაწყებასთან დაკავშირებით. მკურნალობის დროული დაწყება მნიშვნელოვანია შფოთვითი აშლილობით გამოწვეული სირთულეების შემცირების მიზნით.