სპეციფიკური ფობია გულისხმობს გადაჭარბებულ შიშს ისეთი სპეციფიკური ობიექტის ან სიტუაციის მიმართ, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს. შფოთვისმომგვრელი ობიექტთან თუ სიტუაციასთან მიახლოებას მოჰყვება დაუყონებლივი რეაქცია, რაც გულისხმობს მოჭარბებული შფოთვის განცდას და ობიექტის/სიტუაციისგან დაუყონებლივ განრიდებას. ბავშვების შემთხვევაში, შიში და შფოთვა შესაძლოა გამოვლინდეს ტირილის, ტანტრუმის, გაშეშებისა და უფროსზე ჩაბღაუჭების ფორმით.
არსებობს სხვადასხვა სახის სპეციფიკური ფობია, იქიდან გამომდინარე, თუ რა ობიექტის/სიტუაციის შიში აქვს ადამიანს. მაგალითად, გავრცელებული ფობიებია: სიმაღლის ფობია, სხეულის დაზიანების ფობია, ცხოველების ფობია და სხვა.
სპეციფიკური ფობია, როგორც წესი, ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში და შემთხვევათა უმეტესობა ვლინდება 10 წლის ასაკამდე. ფობია, როგორც წესი, ყალიბდება პირადი ტრავმული გამოცდილების შედეგად (მაგ. ცხოველის თავდასხმა), სხვისი ტრავმული გამოცდილების ნახვის შედეგად (მაგ. ზღვაში დახრჩობა), პანიკური შეტევის შემთხვევის შედეგად საფრთხისშემცველ გარემოში (მაგ. პანიკური შეტევა მეტროში) ან ინფორმაციული გადატვირთვით (მაგ. ავიაკატასტროფების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მედიაში). თუმცა, სპეციფიკური ფობიის მქონე ადამიანთა უმეტესობას, უჭირს გაიხსენოს და დაასახელოს ფობიის გამომწვევი კონკრეტული მოვლენა.