სელექციური, იგივე შერჩევითი მუტიზმი ხასიათდება მეტყველების შეუძლებლობით შერჩევით სოციალურ გარემოში, იმის მიუხედავად, რომ ინდივიდს შეუძლია საუბარი სხვა სიტუაციებში.
როგორც წესი, სელექციური მუტიზმი ვითარდება ადრეულ ბავშვობაში, 2-დან 5 წლამდე პერიოდში, თუმცა, ხშირად, დიაგნოსტირება არ ხდება სკოლის ასაკამდე, სადაც განსაკუთრებით შესამჩნევი და ხელისშემშლელი ხდება მეტყველების შეუძლებლობა.
სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვები მეტყველებით კომუნიკაციას მხოლოდ ისეთ შერჩეულ გარემოში ამყარებენ, სადაც უფრო უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ თავს. მაგალითად, საუბრობენ ოჯახის წევრების თანდასწრებით, მაგრამ არ საუბრობენ ოჯახის ახლობლების, თუნდაც ბებია-ბაბუის, ნათესავების და ოჯახის ახლო მეგობრების გარემოცვაში. ბავშვები ასევე არ საუბრობენ სკოლასა და ბაღში, რის გამოც ექმნებათ აკადემიური და ინტერპერსონალური სირთულეები.
სელექციური მუტიზმი შესაძლოა სხვადასხვა ხარისხით იყოს გამოხატული. აშლილობის მქონე ბავშვების უმეტესობა საერთოდ არ ამყარებს მეტყველებით ან სხვა ფორმით კომუნიკაციას შერჩევით სიტუაციებში. ზოგიერთ ბავშვს შეუძლია კომუნიკაციისას თქვას სიტყვა „დიახ“ ან „არა“, ან თავის დაქნევით მიანიშნოს პასუხი. ბავშვების მცირე ნაწილი საუბრობს ერთ ან ორსიტყვიანი ფრაზებით, ზოგი კი კომუნიკაციას ამყარებს ჩურჩულით.