განშორებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში, ადამიანის შფოთვა უკავშირდება მიჯაჭვულობის ობიექტთან განშორებას. ამ ტიპის შფოთვა სავსებით ნორმალურია განვითარების ადრეულ ეტაპზე და იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვსა და მასზე მზრუნველ პირს შორის არსებობს მჭიდრო ემოციური კავშირი. ბავშვების უმეტესობა განშორებასთან დაკავშირებულ შფოთვის გადალახვას დაახლოებით 3 წლის ასაკისთვის ახერხებს. შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში კი ბავშვის მიერ განცდილი ემოციების ინტენსივობა და სიხშირე სცდება ასაკობრივ ნორმებსა და არსებულ კონტექსტს.
განშორებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობა უმეტესად თავს იჩენს სკოლამდელ ასაკში, თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს მოგვიანებით, იშვიათ შემთხვევაში კი ზრდასრულ ასაკშიც.
აშლილობის გამოვლენის ფორმები იცვლება ასაკთან ერთად. მცირე ასაკში, შფოთვას უმეტესად ადგილი აქვს უშუალოდ განშორებისას, რის გამოც ბავშვებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ბაღში ან სკოლაში წასვლის სურვილი და თავს არიდებდნენ მას. ასაკის მატებასთან ერთად, შფოთვა ძლიერდება და მოიცავს სპეციფიკურ შიშებს მიჯაჭვულობის ობიექტის დაკარგვასთან დაკავშირებით. სხვადასხვა ასაკში, განშორებას ან მოლოდინს განშორების შესახებ თან ახლავს ფიზიოლოგიური ჩივილებიც, მაგალითად, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და/ან გულისრევა. აშლილობისათვის ასევე დამახასიათებელია მარტო ან მიჯაჭვულობის ობიექტის გარეშე დარჩენის შიში სახლსა თუ სხვა გარემოში, სახლის გარეთ ან მიჯაჭვულობის ობიექტისგან მოშორებით დაძინებაზე უარის გაცხადება და განშორებასთან დაკავშირებული განმეორებადი ღამეული კოშმარები.