ადამიანების უმეტესობა, სიტყვებს „შფოთვა“ და „შიში“, ხშირად მსგავსი მნიშვნელობით იყენებს. მართალია ორივე ემოცია და ორივე საფრთხისშემცველ სიტუაციებს უკავშირდება, თუმცა მათ შორის არსებითი განსხვავებაცაა.
შიში ჩნდება აქ და ამჟამად მოცემულ, კონკრეტულ სახიფათო მოვლენაზე საპასუხოდ, შფოთვა კი აწყმოს ნაცვლად, მომავალისკენაა მიმართული. შიში უმეტესად ამზადებს ადამიანს მის წინაშე არსებული საფრთხისგან გაქცევის ან მასთან შებრძოლებისთვის. შფოთვის დროს კი კუნთების დაჭიმულობის ხარჯზე სხეულში იმატებს დაძაბულობა, იზრდება სიფრთხილე და მზაობა მოსალოდნელ, პოტენციურ საფრთხესთან შესახვედრად. როგორც შიში, ისე შფოთვა, ადამიანის ცხოვრების ნორმალური და განუყოფელი ნაწილია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ემოციები დიდი ხნის წინ, ადამიანის ევოლუციის პროფესში წარმოიშვა რათა საშიშ სიტუაციებთან ან პოტენციურ საფრთხეებთან გამკლავებაში დაგვხმარებოდა.
შფოთვა თანამედროვე სამყაროშიც ადაპტაციურ ფუნქციას ასრულებს. იგი გვაიძულებს სათანადო ყურადღებით მოვეკიდოთ და მოვემზადოთ პოტენციურად სახიფათო სიტუაციებისთვის, შესაბამისად, სულაც არ არის საჭირო ან სასარგებლო მისი სრული გაქრობა ჩვენი ცხოვრებიდან. შფოთვა პრობლემად იქცევა მხოლოდ მაშინ, როდესაც საფრთხე არარეალურია ან როდესაც იგი მოსალოდნელი საფრთხის არაპროპორციულია.
ზოგიერთი ადამიანი იმდენად ხშირად, ძლიერად და ხანგრძლივად განიცდის შფოთვას, რომ იგი ხელს უშლის გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, სწავლაში, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებაში ან ცხოვრების რომელიმე სხვა სფეროში ფუნქციონირების თვალსაზრისით.
ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქმე გვაქვს არა შფოთვის ნორმალურ, არამედ პათოლოგიურ გამოვლინებასთან და ადამიანი შეიძლება დიაგნოსტირდეს შფოთვითი აშლილობით.