ბავშვთან მომუშავე გუნდის თანამშრომლობა და შეთანხმებული მოქმედება - ბავშვის ყოველდღიურ აქტივობებში წარმატებული მონაწილეობისთვის უმნიშვნელოვანესია სენსორულ - მოტორული ფუნქციების სხვადასხვა გარემოში განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად უნდა შეირჩეს სამუშაო გუნდი, რომელშიც მოიაზრება მშობლები, ოჯახის წევრები, მასწავლებელი, საჭიროებისამებრ სენსორული ინტეგრაციის სპეციალისტი და ა.შ. მათ თანამშრომლობას და შეთანხმებულ მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
აქტივობის, რუტინის და გარემოს მორგება - ზოგჯერ აუცილებელი ხდება ყოველდღიური აქტივობების, რუტინის თუ გარემოს მორგება სენსორული საჭიროებების გათვალისწინებით. აქტივობების მორგება შესაძლებელია ტაქტილური და პროპრიოცეპტული სტიმულების გამოყენებით, რაც დაეხმარება ბავშვს მოქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. მაგალითად რამდენიმე მოქმედებიანი ფიზიკური აქტივობის შეთავაზება და მისი გამარტივება ან გართულება. ბანაობის რუტინის მორგება შესაძლებელია დილის რუტინის საღამოს რუტინით შეცვლით, რასაც შესაძლოა ჰქონდეს დამამშვიდებელი ეფექტი და გამარტივდეს ბავშვის მომზადება ძილისთვის. გარემოს მორგების მაგალითი კი შეიძლება იყოს სამუშაო კუთხის მყუდროდ მოწყობა და სტიმულების შემცირება.
სენსორული აქტივობების ინტენსივობის და ხანგრძლივობის განსაზღვრა - ბავშვის ჩართვა სენსორულ აქტივობებში ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტულ საჭიროებაზე. აქტივობების პროცესში დააკვირდით ბავშვის რეაქციებს, ხომ არ ავლენს უარყოფით ნიშნებს - მაგალითად ტირილი, გაღიზიანება, თავიდან არიდება და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ სენსორული აქტივობებს უნდა მოჰქონდეს დადებითი გამოცდილება და არ უნდა იყოს დაკავშირებული უარყოფით ემოციებთან. შესაბამისად, თუ ბავშვი უარს ამბობს, ღიზიანდება და არ მოსწონს კონკრეტული სენსორული გამოცდილება - ნუ დააძალებთ, მიეცით დრო და ფრთხილად, ეტაპობრივად ჩართეთ შეთავაზებულ აქტივობებში.
სწორი გამოწვევის შეთავაზება - ბავშვს უნდა შევთავაზოთ ისეთი სენსორული აქტივობები, რომლებიც არც ძალიან მარტივი და არც ძალიან რთულია. თავდაპირველად შესაძლებელია მარტივი აქტივობებით დაწყება და გართულება მისი შესაძლებლობების შესაბამისად ისე, რომ ჰქონდეს მოტივაცია და ასევე სიამოვნებდეს ახალი სენსორული გამოცდილების მიღება.
ამის მაგალითია პროპრიოცეპტული (ფიზიკური) აქტივობების დროს მოქმედებების გამარტივება ან გართულება. ვთქვათ თუ ბავშვმა მიზანში ბურთის სროლისთვის უნდა შეასრულოს შემდეგი “ბარიერების კურსი” - გვირაბში გაძრომა, ასკინკილით კონკრეტულ ნიშნულამდე მისვლა, ბატუტზე ხტომა - შესაძლებელია მისი გამარტივება და პირველ ეტაპზე მხოლოდ გვირაბში გაძრომის აქტივობის გამოყენება.
ბავშვთან თანამშრომლობა - სენსორული აქტივობებში ჩართულობისას მშობელი თუ სპეციალისტი არ უნდა იყოს პროცესის სრულად დამგეგმავი და წარმმართავი. მაქსიმალურად უნდა წახალისდეს ბავშვის სურვილები და ასევე აქტივობებში ცვლილებების შეტანაც ერთობლივად უნდა ხდებოდეს. წახალისებული უნდა იყოს ახალი იდეები და პრობლემის გადაჭრის გზები. ამის მაგალითია გარემოს ერთობლივად მოწყობა, სასურველი სათამაშოს თუ აღჭურვილობის შერჩევა, აქტივობების თანმიმდევრობის განსაზღვრა და ა.შ.
აქტივობებში წარმატებული მონაწილეობის ხელშეწყობა - ბავშვი ყოველდღიურად ჩართულია სხვადასხვა სირთულის აქტივობებში, ზოგიერთი მათგანი მისთვის შესაძლოა ახალი გამოცდილება იყოს, სჭირდებოდეს რამდენიმე მცდელობა მის შესასრულებლად. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მთლიანობაში ჰქონდეს წარმატების შეგრძნება. შესაბამისად, მეტი მოტივაცია და თვითდაჯერებულობა მის შესასრულებლად. მაგალითად პროცესში შესაძლებელია ვერბალური თუ ფიზიკური დახმარება და აქტივობის ბოლო ნაბიჯების/ნაბიჯის დამოუკიდებლად დასრულების საშუალების მიცემა.
თამაში - სენსორული აქტივობები მჭიდროდ არის დაკავშირებული თამაშთან, ამ გზით იღებს ბავშვი იმ სენსორულ გამოცდილებას, რომელიც ეხმარება შეგრძნებების ინტეგრაციაში.
დღის რუტინის შედგენა - ყოველდღიურად დაბალანსებული უნდა იყოს როგორც პროდუქტიული აქტივობები, ისე დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. მაგალითად აკადემიური აქტივობების და სენსორული თამაშის მონაცვლეობა. ამისთვის შესაძლებელია სურათების განრიგის გამოყენებაც, სადაც თანმიმდევრობით ასახული იქნება ბავშვის დღის, კვირის თუ კონკრეტული აქტივობის შემადგენელი ნაბიჯები.
ასევე აღსანიშნავია, რომ სახლში მუშაობის პროცესი უნდა იყოს ბუნებრივი, ბავშვისთვის სახალისო და მორგებული მის შესაძლებლობებზე. მაგალითად ტაქტილურ და პროპრიოცეპტულ სტიმულაციაზე მუშაობა შესაძლებელია სამზარეულო აქტივობების საშუალებით - ცომის მოზელვა, პროდუქტების დახარისხება, სუფრის მომზადება და სხვა.
სტიმულების კონტროლი - შეამცირეთ სტიმულები, რომლებიც ხელს უშლიან ბავშვს კონკრეტულ აქტივობაზე ფოკუსირებაში. მაგალითად გამორთეთ ტელევიზორი, ან გამოიყენეთ ხმაურის დამხშობი ყურსასმენები ბავშვისთვის უსიამოვნო აუდიალური სტიმულების შესამცირებლად.