სენსორულ ინტეგრაციაზე მუშაობის დროს შესაძლებელია სხვადასხვა გარემოს გამოყენება - სახლი, ეზო, სათამაშო მოედანი. ყველაზე აქტიურად კი გამოიყენება სენსორული ოთახი, რომელიც აღჭურვილია სპეციფიკური მასალით.
სენსორული ოთახის ტიპი დამოკიდებულია ბენეფიციარების ასაკზე და ასევე სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის თუ სპეციალისტის არჩევანზე.
სტანდარტული, მრავალფუნქციური სენსორული ოთახი მოწყობილი უნდა იყოს მრავალფეროვანი მასალითა თუ აღჭურვილობით და აკმაყოფილებდეს ბავშვის სენსორულ საჭიროებებს პირდაპირი სერვისის მიღების პირობებში.
საყურადღებოა სენსორული ოთახის მდებარეობა და მისი მოწყობის საკითხები:
- ოთახში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იყოს უნივერსალური დიზაინის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები და ქვეყანაში არსებული ტექნიკური რეგლამენტი “ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე”
- ოთახი სასურველია მდებარეობდეს შენობის პირველ სართულზე, არ ჰქონდეს კიბეები და იყოს ყველასთვის მარტივად მისაწვდომი.
- მრავალფუნქციური, ანუ ყველა შეგრძნებაზე სამუშაოდ განკუთვნილი ოთახი უნდა იყოს ნათელი. არ უნდა იყოს მუდმივად დაბნელებული ან ფერადი განათებებით გადატვირთული. ხოლო, ვიზუალური სტიმულაციისთვის, ინდივიდუალური საჭირობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ოთახის ჟალუზით ან ფარდით დაბნელება.
- აღჭურვილობის და სათამაშოების ორგანიზებულად დასაწყობად, ოთახში უნდა იყოს ღია და დახურული კარადები.
- გასათვალისწინებელია ბაზისური პირობები, როგორიცაა: ოთახების გათბობა და განიავება, დასუფთავება, მოვლა და ა.შ.
რაც შეეხება სენსორული ოთახის აღჭურვილობას, ის უნდა შედგებოდეს თითოეულ შეგრძნებაზე სამუშაოდ მინიმუმ სამი ინვენტარისა თუ სამუშაო მასალისგან. მაგალითად ტაქტილური შეგრძნებისთვის შესაძლებელია ქვიშის, ქაფის და სხვადასხვა ფაქტურის ნაჭრის გამოყენება. ხოლო, პროპრიოცეპტული შეგრძნებისთვის - ბურთებიანი აუზი, კიბე, მძიმე საბანი და სხვა.
უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ექცევა სენსორულ ოთახში იქიდან გამომდინარე, რომ სენსორული აქტივობები ხშირად აქტიურ ფიზიკურ მოქმედებებთან და სხვადასხვა აღჭურვილობის გამოყენებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად გასათვალისწინებელია ზოგადი საკითხები:
- სენსორული ინტეგრაციის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას, რომ უზრუნველყოფს უსაფრთხო თერაპიულ გარემოს, როგორც ბენეფიციარისთვის, ისე სპეციალისტისთვის. აქტიურად და დაუყონებლივ უნდა რეაგირებდეს სპეციალისტის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ უკუკავშირზე.
- ოთახში არსებული აღჭურვილობა უნდა დამონტაჟდეს უსაფრთხოდ, ფუნქციურად და უნდა ხდებოდეს მისი პერიოდული შემოწმება.
- მნიშვნელოვანია ოთახში არსებული რისკების და პოტენციური საფრთხის შემცველი სიტუაციების იდენტიფიცირება და შესაბამისად მოქმედება. მაგალითად, იატაკის დარბილება ხალიჩით, ავეჯის ან აღჭურვილობის კუთხეების შეფუთვა. ელექტრონული მოწყობილობები და ჩამრთველები კი დამონტაჟებული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გათვალისწინებით.
- სენსორულ ოთახში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი დახმარების ყუთი ბაზისური სამედიცინო მასალებით.
- გარდა ზემოთ დასახელებული საკითხებისა, სენსორულ ოთახში გასათვალისწინებელია ინფექციის კონტროლის ძირითადი პრინციპები. მაგალითად, ოთახის, აღჭურვილობის სველი წესით დალაგება და დეზინფექცია. ასევე მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის გამოყენების წესის განსაზღვრა. მაგალითად ოთახში უნდა შედიოდნენ გამოსაცვლელი ფეხსაცმლით ან ბახილებით.