ბავშვის ყოველდღიური ფუნქციონირების ხელშესაწყობად, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ხშირად გამოიყენება სხვადასხვა თერაპიული მიდგომა. მაგალითად: ოკუპაციური თერაპია, ფიზიკური თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია და სხვა. თითოეული მათგანი შეიძლება შეთავაზებული იყოს ცალკეულად ან კომბინირებულად.
თუ ბავშვს უჭირს სენსორული სტიმულების ეფექტურად გადამუშავება, რაც გავლენას ახდენს მის ჩართულობაზე ყოველდღიურ აქტივობებში - გამოიყენება სენსორული ინტეგრაციის თერაპია.
სენსორული ინტეგრაციის თერაპია კომპლექსურ მიდგომაა, რომელიც ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების და ოჯახის წევრების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. პროცესში, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, გამოიყენება პირადაპირი და არაპირდაპირი თერაპია. მოკლედ განვმარტოთ თითოეული მათგანი:
პირდაპირი თერაპია - გულისხმობს სპეციალისტის მიერ უზრუნველყოფილ ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ თერაპიას სხვადასხვა გარემოში, რომელიც მიმართულია ბავშვთან დასახული კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
არაპირდაპირი თერაპია - სენსორული ინტეგრაციის სპეციალისტის ხელმძღვანელობით და რეკომენდაციებით, გულისხმობს პროცესს, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვთან აქტიურ ურთიერთობაში მყოფი პირები: მშობლები, პერსონალური ასისტენტი, მასწავლებელი და სხვა სპეციალისტები.
სენსორული ინტეგრაციის თერაპიის პროცესში დიდი როლი აქვს მშობლის ჩართულობას, ასევე თერაპევტის მიერ მშობლის ინფორმირებასა და გაძლიერებას. სენსორული ინტეგრაციის სპეციალისტი და მშობელი ერთობლივად თანხმდებიან სამუშაო გეგმაზე, რომელიც ბავშვის სენსორული გადამუშავების საჭიროებების მიხედვით არის შედგენილი. ორივე მხარე იღებს პასუხისმგებლობას პირდაპირი და არაპირდაპირი თერაპიის უზრუნველსაყოფად და მუშაობენ შეთანხმებულად, ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
განვიხილოთ სენსორული ინტეგრაციის თერაპიის ძირითადი მიზანი და პრინციპები:
- სენსორული ინტეგრაციის თერაპიის ძირითადი მიზანია ბავშვის ყოველდღიური ფუნქციონირების ხელშეწყობა. თერაპია ფოკუსირდება მრავალფეროვანი სენსორული სტიმულების გამოყენებაზე ბავშვის ადაპტური პასუხის გამოსავლენად. აქვე მოკლედ განვმარტოთ ადაპტური პასუხის მნიშვნელობა - ეს გახლავთ შესაბამისი პასუხი გარემო თუ სიტუაციურ მოთხოვნებზე. ადაპტური პასუხი მნიშვნელოვანია ახალ გამოცდილებასთან, თუ სიტუაციასთან გასამკლავებლად და შესაგუებლად. ასევე, კომპლექსურ, გამომწვევ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.
- სენსორული ინტეგრაციის თერაპია ხელს უწყობს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო, სოციალური, ემოციური, კომუნიკაციური და აკადემიური უნარების განვითარებას. ასევე, თვითმასტიმულირებელი და თვიდამაზიანებელი ქცევის შემცირებას.
- თერაპიული პროცესი გულისხმობს დინამიკურ, ინდივიდუალურ, თამაშზე დაფუძნებულ და ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ პროცესს.
- ინდივიდუალურად დგინდება თერაპიის ინტენსივობა და სესიის ხანგრძლივობა. თუმცა, ინტენსივობა სტანდარტულად შესაძლოა მერყეობდეს 2 - 3 სესიამდე კვირაში, ხოლო ხანგრძლივობა კი 45 - 60 წუთამდე.
ხშირად ბავშვისთვის რთულია ერთ გარემოში, მაგალითად სენსორული ოთახში სხვადასხვა აქტივობების შესრულება, რადგანაც გარკვეული სტიმულები მისთვის ზედმეტად ინფორმაციულია/გამაღიზიანებელია. უჭირს მისი გადამუშავება და ფოკუსირება კონკრეტულ აქტივობაზე.
ამ დროს საჭიროა სპეციალური თერაპიული გარემოს და განრიგის შემუშავება.
თერაპიული გარემოს და განრიგის შესაქმნელად, ხშირად რეკომენდებულია სივრცის სპეციფიკურად ორგანიზება და აქტივობების შესაბამისად დაგეგმვა. ამასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მნიშვნელოვანია სენსორული ინტეგრაციის სპეციალისტის რჩევების გათვალისწინება.