სენსორული ინტეგრაციის სირთულეები შესაძლოა გამოვლინდეს მრავალი ფორმით ბავშვებთან, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა დიაგნოზი თუ მდგომარეობა, ასევე ტიპური განვითარების შემთხვევაშიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც ზოგადი მდგომარეობის და დიაგნოზის გათვალისწინება, ისე კონკრეტული მახასიათებლების იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ სპეციალისტთან მიმართვა.
ზოგადად, გარკვეული სენსორული სირთულეები ყველა ჩვენგანს შესაძლოა ჰქონდეს, რადგანაც ყოველთვის არ ხდება მიღებული სტიმულების სრულფასოვნად გადამუშავება. სენსორული გადამუშავების სირთულეებზე ყურადღების გამახვილება საჭიროა მაშინ, თუ ის ხელს უშლის ბავშვის ყოველდღიურ ფუნქციონირებას და აქტივობებში ჩართულობას სხვადასხვა გარემოში.
სავარაუდო სირთულეების აღმოჩენა შესაძლებელია ადრეულ ასაკში, რადგანაც სენსორული გადამუშავება პირდაპირ კავშირშია ისეთი უნარების ჩამოყალიბებასთან როგორიცაა მაგალითად: ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარები, ქცევის რეგულაცია, კვება და სხვა ყოველდღიური აქტივობები. შესაბამისად, დააკვირდით შემდეგს:
- ხომ არ არის ბავშვი ზედმეტად აქტიური ან პირიქით - პასიური?
- აქვს თუ არა ჩაძინების და ძილის პრობლემები?
- ვლინდება თუ არა სირთულეები თამაშისას? მაგალითად ბავშვს შესაძლოა უჭირდეს სათამაშოების გამოყენება ფუნქციურად, მათი ხელში მანიპულირება, არ იჩენდეს თამაშის ინიციატივას.
- ხომ არ ინტერესდება გარკვეული სტიმულებით გადაჭარბებულად ან პირიქით - თავიდან ირიდებს მათ?
- რამდენად მიყვება მოტორული განვითარების ეტაპებს და ხომ არ ჩამორჩება თანატოლებს?
- აქვს თუ არა კვების სირთულეები. მაგალითად ამრიდებლობა საკვების ან კონკრეტული ტექსტურის მიმართ, საკვების დაგროვება პირში, წოვის, ღეჭვის პრობლემები და სხვა.
სენსორული ინტეგრაციის დარღვევები უფრო ხშირად შესაძლოა შეგვხდეს ბავშვებში, რომლებსაც აქვთ აუტისტური სპექტრის დარღვევა, შესაბამისად ჩამოვთვალოთ სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციასთან დაკავშირებული მახასიათებლები ამ კონკრეტული დიაგნოზის დროს. ესენია:
- მოულოდნელ და ინტენსიურ შეგრძნებებთან გამკლავების სირთულე. მაგალითად უეცარი ხმა, უეცარი შეხება.
- დაბალი და მაღალი მგრძნობელობა, ან განსხვავებული რეაქცია სხვადასხვა შეგრძნებაზე. მაგალითად როდესაც ბავშვი უფრო სენსიტიურია ბამბის ტანსაცმელთან შეხებაზე. ან პირიქით, მისთვის ნაკლებად ინფორმაციულია უხეში ქსოვილის ტანსაცმლის ტარება.
- გრავიტაციული დაუცველობა, რაც გულისხმობს გადაჭარბებულ შიშს, დისკომფორტს ისეთი მოძრაობის მიმართ, რომლებიც რეალურად არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ყოველდღიურად. მაგალითად კიბეზე ასვლა, საქანელაზე ქანაობა.
- მაძიებელი და ამრიდებელი ქცევა, რაც ხშირად დაკავშირებულია მოძრაობასთან, ხმებთან, შეხებასთან, სუნთან და გემოსთან. მაგალითად ბავშვი შესაძლოა ინტენსიურად ცდილობდეს შეეხოს გარკვეული ფაქტურის ნივთს, ან პირიქით ცდილობდეს მის თავიდან არიდებას.
- ტაქტილური შეგრძნების გადამუშავების სირთულეები. მაგალითად ბავშვი შესაძლოა არჩევდეს აქტივობაში ჩართვას იმის მიხედვით, თუ რა ფაქტურის მასალების გამოყენებაა საჭირო პროცესში. ვთქვათ თავიდან აირიდოს ხელებით ხატვა, რადგანაც არ მოსწონდეს სველი შეგრძნება თითებზე.
- აუდიალური შეგრძნების გადამუშავების სირთულეები. მაგალითად გარემოში არსებული გარკვეული ფონური ხმების ჩასახშობად, ბავშვი ყურებზე იფარებდეს ხელებს.
- მოტორული დაგეგმარების დეფიციტი, რომელიც შესაძლოა გამოხატული იყოს თამაშის ახალი იდეების ინიცირების გაძნელებით, დღის რუტინის შემადგენელი აქტივობების დამოუკიდებლად შესრულების გართულებით და იმიტაციის მწირი უნარებით.
იმ შემთხვევაში, თუ ამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს, ან ფიქრობთ რომ გჭირდებათ კონსულტაცია ბავშვის სენსორული ინტეგრაციის სირთულეების იდენტიფიცირებისთვის, აუცილებელია სპეციალისტთან - ოკუპაციურ თერაპევტთან მიმართვა.