ბავშვის სენსორულ საჭიროებებზე მუშაობის დაწყებამდე დიდი როლი ენიჭება პროფესიულ შეფასებას და შემდგომ რეკომენდაციებს სხვადასხვა გარემოში, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი თერაპიის ჩასატარებლად.
სრულყოფილი შეფასება უზრუნველყოფს იმ ფაქტორების იდენტიფიცირებას, რაც გავლენას ახდენენ ბავშვის ფუნქციურ უნარებზე და მის თანამონაწილეობაზე ყოველდღიურ აქტივობებში. შეფასების შედეგად მიღებული მონაცემები ინტერვენციის ეფექტურად დაგეგმვას განსაზღვრავს. სწორად შერჩეული შეფასების ინტრუმენტები კი იძლევა დეტალურ ინფორმაციას სენსორული ფუნქციონირების შესახებ.
შეფასების პროცესი, პირობითად, შესაძლოა დაიყოს რამდენიმე ძირითად ეტაპად:
- ინტერვიუ ბავშვის ძირითად მზრუნველთან და დაკვირვება სრულფასოვანი ინფორმაციის მისაღებად. ამ მიზნით, სენსორული ინტეგრაციის სპეციალისტმა შესაძლოა გამოიყენოს შემდეგი სკრინინგ/კითხვარები: სენსორული გადამუშავების შეფასების ფორმა და სენსორული პროფილი. ეს უზრუნველყოფს ინფორმაციის შეგროვებას ბავშვის ყოველდღიურ აქტივობებში ჩართულობის შესახებ. ხოლო, რაც შეეხება დაკვირვებას, ის სასურველია ჩატარდეს ერთზე მეტ გარემოში. ვთქვათ, სახლში, სკოლაში, კლინიკურ გარემოში და სხვა.
- მეორე ნაბიჯი შესაძლოა მოიცავდეს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სპეციფიკური, სტანდარტიზებული შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებას, ბავშვის სენსორული გადამუშავებისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების შესაფასებლად. მაგალითად, სენსორული ინტეგრაციისა და პრაქსისის ტესტი, რომელიც 4 წლისა და 0 თვიდან - 8 წლისა და 11 თვემდე ასაკში გამოიყენება. ტესტის გამოყენება მოითხოვს სპეციალიზირებულ ტრენინგსა და პრაქტიკას. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ოკუპაციური თერაპევტის გადაწყვეტილებით, ან ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეფასების ინსტრუმენტის ყველა ტესტი სრულად არ ტარდება და საჭირო ხდება მხოლოდ რამდენიმე მათგანის ცალკეულად გამოყენება.
- მესამე ნაბიჯია შეფასების შედეგების დამუშავება, ინტერპრეტირება და სამუშაო მიზნების, ინტერვენციის გეგმის ჩამოყალიბება.
- ხოლო ბოლოს, ინტერვენციის ეფექტურობისთვის აუცილებელია მიღებული შედეგების, მიზნების და გეგმის მშობლისთვის თუ ბავშვთან მომუშავე სპეციალისტთა გუნდისთვის გაცნობა.