სხვადასხვა საქმიანობებში ბავშვის წარმატებული ჩართულობა დაკავშირებულია სენსორული ინტეგრაციის ისეთ კომპონენტებთან, როგორიცაა მაგალითად: სენსორული რეგისტრაცია, მოდულაცია, დისკრიმინაცია და პრაქსისი. განვმარტოთ თითოეული მათგანი:
- სენსორული რეგისტრაცია გულისხმობს შინაგანი და გარეგანი სენსორული სტიმულების აღმოჩენას და დაფიქსირებას - რაც უმნიშვნელოვანესია შეგრძნებების გადამუშავების პროცესში. მაგალითად, კვების დროს შეხებითი შეგრძნების საშუალებით, ბავშვი ამჩნევს როდის დაესვარა ტუჩები და ცდილობს მის მოწმენდას.
- ყოველდღიურად ბავშვი უამრავ სენსორულ სტიმულს სხვადასხვა ინტენსივობით იღებს. შესაბამისად საჭიროა მიღებული ინფორმაციის გაფილტვრა და ორგანიზება, რაც გულისხმობს სასურველ სტიმულზე ფოკუსირებას, ხოლო არასასურველი ან ხელისშემშლელი სტიმულის უგულებელყოფას. სწორედ ამ პროცესს უზრუნველყოფს სენსორული მოდულაცია. მაგალითად, როდესაც ბავშვი მოთხრობას კითხულობს, ტექსტზე ფოკუსირდება და აქცენტს გარკვეულ საინტერესო მონაკვეთებზე აკეთებს. ხოლო, ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ფონურს ხმებს, სხეულის სიმძიმის შეგრძნებას სკამზე ჯდომისას, ან ოთახში მყოფი სხვა პირების აღქმას - მეტნაკლებად უგულებელყოფს.
- შემდეგი განვმარტოთ სენსორული დისკრიმინაცია, რომელიც ხელს უწყობს მიღებული სტიმულების ინტერპრეტირებას და ობიექტის სხვადასხვა დეტალის განსხვავებას. მაგალითად ყუთში არსებული სათამაშოების ფაქტურის მიხედვით გარჩევას.
- ხოლო პრაქსისი არის კომპლექსური პროცესი, რომლის საშუალებითაც წარვმართავთ ჩვენს სხეულს, ვგეგმავთ, ვასრულებთ ისეთ მოქმედებებს და ამოცანებს, როგორიცაა: სათამაშოებით თამაში, სხვადასხვა აღჭურვილობის გამოყენება, სივრცეში გადაადგილება, ან ყოველდღიურ საქმიანობებში მონაწილეობა.