როგორც აღვნიშნეთ, ბავშვი სხვადასხვა შეგრძნების საშუალებით იღებს ინფორმაციას როგორც საკუთარი სხეულის მდგომარეობაზე, ისე გარესამყაროზე. განვმარტოთ თითოეული შეგრძნება:
შეხება - სამყაროსთან ურთიერთობის დროს, ჩვენი ერთერთი პირველი გამოცდილება შეხება, იგივე ტაქტილური შეგრძნებაა. ძირითადი გზა ტაქტილური ინფორმაციის მისაღებად არის ჩვენი კანი, სადაც განთავსებულია შეხების მრავალი რეცეპტორი.
ტაქტილური სისტემა გვეხმარება აღვიქვათ ისეთი მნიშვნელოვანი სტიმულები, როგორიცაა ზეწოლა, ფაქტურა, ცხელი, ცივი და ტკივილი. მისი საშუალებით ბავშვი ეხება მრავალგვარ ტექსტურას, აღიქვამს და იყენებს ყოველდღიური მოხმარების საგნებს სხვადასხვა სიტუაციაში. მაგალითად, ტანსაცმლის ჩაცმა, ნაყინის მირთმევა ქუჩაში, ბურთებიან აუზში თამაში, სამზარეულო აქტივობებში ჩართულობა და სხვა.
პროპრიოცეფცია - ყოველდღიურად, ჩვენ ხშირად ვიცვლით პოზას. მაგალითად, იატაკზე დაგდებული ბურთის ასაღებად საჭიროა ჩამუხვლა, მიბრუნება, ბურთის ორი ხელით აღება, წამოდგომა და შემდეგ მისი კალათაში სროლა, რისთვისაც გვჭირდება იმის განვსაზღვრაც, თუ რა ძალა გამოვიყენოთ. მთელს ამ პროცესში, ჩვენი სხეულის ნაწილები მოქმედებენ შეთანხმებულად და თანმიმდევრულად, რაშიც პროპრიოცეფცია გვეხმარება.
პროპრიოცეფცია გულისხმობას სხეულის პოზისა და მოძრაობის შეგრძნებას, რომელიც აღმოცენდება როგორც აქტიური, ისე პასიური მოქმედებების შედეგად.
პროპრიოცეპტული ინფორმაციის მიღება ხდება სხეულიდან - მაგალითად, კუნთებისა და სახსრებისგან. მიღებული ინფორმაცია კი გავლენას ახდენს ბავშვის მოტორული დაგეგმარების და კოორდინაციის უნარზე, სხეულის აღქმაზე და ზოგადად სენსორულ ინტეგრაციაზე.
ვესტიბულური შეგრძნება - გვაწვდის ინფორმაციას სივრცეში სხეულის მოძრაობის და პოზის ცვლილების შესახებ. მას ასევე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს პოზის კონტროლისა და წონასწორობის შესანარჩუნებლად.
ვესტიბულური სისტემა უზრუნველყოფს ვიზუალური სტიმულების მიღებას, სივრცის ვიზუალურ დაფიქსირებას და მიღებული ინფორმაციის გამოყენებას ყოველდღიური საქმიანობების შესასრულებლად. მაგალითად, ოთახში გადაადგილების დროს, სხეულის კოორდინირებული მოძრაობების მეშვეობით, შეგვიძლია გავხედოთ, დავაფიქსიროთ კედელზე არსებული საათი და ამოვიცნოთ დრო.
აუდიალური შეგრძნება - გარემოში არსებული ხმები აუდიალური სისტემის საშუალებით მუშავდება. სმენის რეცეპტორები, რომლებიც შიდა ყურში მდებარეობენ, სხვადასხვა ხმოვანი სტიმულების იდენტიფიცირებას უზრუნველყოფენ. მაგალითად ხმამაღალი ან ხმადაბალი, შორს და ახლოს არსებული ხმები.
როდესაც გვესმის რაიმე ხმოვანი სტიმული, პირველ რიგში ისინი ჩვენს ცენტრალურ ნერვულ სისტემას მიეწოდება, რათა ეს ინფორმაცია სათანადოდ გადაამუშაოს და შესაბამისად — უპასუხოს. მაგალითად, ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ რა უნდა მოხდეს ხმოვანი სიგნალის შემდეგ, გამოვხატავთ მზაობას ვიყოთ თუ არა ყურადღებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება ჩვენს უსაფრთხოებას. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავიხსენოთ სახანძრო სირენის, ან მანქანის დასიგნალების ხმა.
აუდიალური გადამუშავება არის მიღებული ხმოვანი ინფორმაციის ამოცნობის და მასზე შესაბამისად რეაგირების პროცესი, რისი დარღვევაც უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
აღსანიშნავია, რომ სმენის სირთულეები მნიშვნელოვნად აისახება აუდიალურ გადამუშავებაზე.
ვიზუალური შეგრძნება - ვიზუალური შეგრძნება ჩვენს ირგვლივ არსებული გარემოს დანახვასა და აღქმაში გვეხმარება. ვიზუალური გადამუშავების დარღვევა გულისხმობს თვალების მეშვეობით მიღებული ვიზუალური ინფორმაციის აღქმის შემცირებულ უნარს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ვიზუალური გადამუშავების სირთულე მხედველობის დარღვევებისგან განსხვავებული მდგომარეობაა. ამ შემთხვევაში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სრული მხედველობა, მაგრამ უჭირდეს გარემოში არსებული ნივთების ფორმების, ზომებისა და მათი სივრცეში მდებარეობის გარჩევა. ასევე, შესაძლოა სირთულესთან იყოს დაკავშირებული ვიზუალური ინფორმაციის ზუსტი, სწრაფი აღქმა და ანალიზი.
ვიზუალური სტიმულების გადამუშავების სირთულეები ვლინდება სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, ხშირად ბავშვი ვერ პოულობს იმას, რასაც ეძებს. მისი ნაწერი გამოიყურება მოუწესრიგებლად - უჭირს ხაზების დაცვა და სიტყვებს, ან ასოებს შორის მანძილის გამოტოვება. შესაძლოა გაეფანტოს ყურადღება ისეთ ვიზუალურ სტიმულებზე, როგორიცაა საკლასო ოთახში კედლებზე არსებული ნახატები ან უბრალოდ მოძრაობა.
ყნოსვის და გემოს შეგრძნება - ყნოსვის სისტემა საშუალებას გვაძლევს ერთმანეთისგან განვასხვავოთ გარემოში არსებული სხვადასხვა სუნი. ეს კი გვეხმარება უსაფრთხო ან პოტენციურად საშიში სიტუაციების იდენტიფიცირებაში. მაგალითად, კვამლის სუნი.
გემოს შეგრძნება კი საშუალებას გვაძლევს გავარჩიოთ ოთხი განსხვავებული გემო: ტკბილი, მჟავე, მარილიანი და მწარე. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ყნოსვასთან და ანალოგიურად გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ სასურველი საკვები, რომელიც ჩვენთვის სასიამოვნოა და ასევე ის, რაც შეიძლება პოტენციურად არასასურველი იყოს, მაგალითად მწარე კერძი.