სენსორული, იგივე შეგრძნებების ინტეგრაცია, არის ნეირობიოლოგიური პროცესი, რომელიც სხვადასხვა შეგრძნების საშუალებით უზრუნველყოფს ინფორმაციას სხეულის ფიზიკურ მდგომარეობასა და გარემოს შესახებ.
შეგრძნებებია: სმენა, მხედველობა, ყნოსვა, გემო, შეხება, პროპრიოცეფცია, ანუ სხეულის პოზისა და გადაადგილების შეგრძნება და ვესტიბულური, იგივე მოძრაობისა და წონასწორობის შეგრძნება.
სენსორული ინტეგრაცია დიდ როლს თამაშობს სოციალურ - ემოციური, მოტორული, შემეცნებითი, ადაპტური და სხვა უნარების განვითარებასა და შენარჩუნებაში. ასევე, გავლენას ახდენს ბავშვის ისეთ ყოველდღიურ აქტივობებში ჩართულობაზე, როგორიცაა: თვითმოვლა და პირადი ჰიგიენის დაცვა, კვება, ჩაცმა და სხვა. სენსორული სტიმულებით მდიდარი გარემო და აქტივობები აუმჯობესებს ბავშვის უნარს, უკეთ გაუმკლავდეს ყოველდღიურ გამოწვევებს და გახდეს ფუნქციურად დამოუკიდებელი.
განვიხილოთ სათამაშო მოედნის მაგალითი, სადაც ბავშვი თამაშის პროცესში იღებს მრავალფეროვან სენსორულ გამოცდილებას - ეხება სხვადასხვა ნივთს ან აღჭურვილობას, ადის კიბეზე, სრიალებს სასრიალოზე, ქანაობს საქანელაზე და სხვა. ამ დროს ის სხეულის სათანადო პოზასა და წონასწორობას ინარჩუნებს. პარალელურად ესმის გარემოში არსებული ფონური ან პირდაპირი ხმები, იღებს მრავალფეროვან ვიზუალურ ინფორმაციას. მიღებული სტიმულების გადამუშავება ხელს უწყობს ბავშვის ეფექტურ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში სათამაშო მოედნის აქტივობებში. ამ ყველაფერში კი უდიდეს როლს თამაშობს შეგრძნებები და მათი გადამუშავების უნარი.