გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ რომელ სკოლაში, ჩვეულებრივ (ინკლუზიურ) თუ სპეციალიზებული პროფილის მქონეში (რესურსსკოლაში) უნდა ისწავლოს სმენის დაზიანების მქონე ბავშვმა, მშობლებისთვის რთულია. ყრუ ბავშვები, რომლებიც დადიან არასპეციალიზებულ სკოლებში, ხშირად აცხადებენ, რომ თავს იზოლირებულად გრძნობენ და არ არიან თავდაჯერებულები. ასევე, მათ აკლიათ თანატოლების წრესთან მიკუთვნება და კომუნიკაცია. ზოგ შემთხვევაში, სმენის დაქვეითების მქონე ბავშვები სმენის იმავე სტატუსის მქონე თანატოლთან სწავლასა და სრულფასოვანი კომუნიკაციის ქონას ანიჭებენ უპირატესობას, რაც სპეციალიზებულ საგანმანათლებლო გარემოში უფრო მეტად არის შესაძლებელი. სპეციალური პროფილის მქონე „ყრუთა სკოლა“, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ძლიერ ლინგვისტურ და სოციალურ გარემოს ყრუ ბავშვებისთვის, თუმცა, როგორც წესი, ნაკლებად შეიძლება იყოს ორიენტირებული მაღალ აკადემიურ შედეგებზე. ამასთანავე, ხშირად, სპეციალიზებული სკოლები გეოგრაფიულად შორს არის უმეტესი ბავშვის სახლიდან, რის გამოც, ბავშვს სწავლის დროს სკოლასთან არსებულ პანსიონში ოჯახისგან მოშორებით უწევს ცხოვრება. ასეთ შემთხვევაში, მშობლები შეიძლება მხოლოდ შაბათ-კვირას ან/და არდადეგებზე ხედავდნენ თავიანთ შვილებს, რაც კიდევ უფრო აშორებს ოჯახს და ყრუ ბავშვს ერთმანეთისგან.
არის შემთხვევები, როცა სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვები საჯარო სკოლაში დადიან განათლების პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში და შემდეგ, ვლინდება აკადემიური ჩამორჩენა, რადგან ენობრივი უნარების სათანადო ფლობა უფრო და უფრო აუცილებელი ხდება სწავლის პროცესში. ასევე ხშირია, როდესაც არასპეციალიზებულ სკოლებში მასწავლებლებს არ აქვთ გავლილი სატანადო მომზადება ინკლუზიურ გარემოში ყრუ ბავშვის განათლების მხარდაჭერის მიმართულებით. გარდა ამისა, როგორც წესი, საჯარო სკოლაში ბავშვისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის ჟესტური ენის თარჯიმანი. აღნიშნულმა გარემოებებმა, შესაძლოა განაპირობოს განათლების შემდგომ საფეხურზე, საჯარო სკოლიდან ბავშვის სპეციალიზებული პროფილის მქონე სკოლაში გადაყვანა.
კითხვაზე, თუ რომელი სკოლის გარემოშია უმჯობესი ისწავლოს ყრუ ბავშვმა, მარტივი პასუხი არ არსებობს. აღნიშნული გადაწყვეტილება ცალკეული ოჯახის ინდივიდუალური არჩევანია, რომელსაც ოჯახები ადვილად ვერ აკეთებენ. ბავშვისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო ფორმისა და გარემოს შერჩევისას, შემდეგი ფაქტორები შეიძლება იყოს გათვალისწინებული:
- ბავშვის ენობრივი და კომუნიკაციური უნარები, ბავშვის მიერ გამოყენებული ენის მოდალობა;
- სმენის დაქვეითების ხარისხი და ნარჩენი სმენის გამოყენების უნარი გამაძლიერებელი მოწყობილობით და მათ გარეშე;
- ბავშვის სოციალური, ემოციური და კულტურული საჭიროებები, მათ შორის თანატოლებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის საჭიროება;
- ბავშვის საცხოვრებელ არეალში, თემში, სხვადასხვა დამხმარე რესურსის, მომსახურების ხელმისაწვდომობა (მაგ., ჟესტური ენის თარჯიმანი).
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სმენის დაზიანების მქონე ბავშვს სკოლაში გადასვლის პროცესში განსაკუთრებული, გაფართოებული მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეს, რათა ემოციურად მომზადებულმა დაიწყოს სკოლა. თუმცა, ასეთივე მომზადება სჭირდებათ მშობლებს და სკოლებს, რათა ხელი შეუწყონ სკოლაში ბავშვის უმტკივნეულო ტრანზიციას.
მიუხედავად იმისა, თუ რომელ საგანმანათლებლო გარემოში ისწავლის ბავშვი, საგანმანათლებლო პროცესი მის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული. კვლევების თანახმად, სათანადო საგანმანათლებლო პირობებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებს ისევე შეუძლიათ სწავლა, როგორც მათ სმენის მქონე თანატოლებს და სმენის შეზღუდვა თავისთავად არ იწვევს გადაულახავ დაბრკოლებებს.