სმენის დაქვეითების გამოვლენის შემთხევაში, საბოლოო დიაგნოზის დასრულებიდან ძალიან მალევე, ყველა ბავშვმა მყისიერად უნდა მიიღოს სათანადო მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის ენობრივი, კომუნიკაციური და სხვა უნარების განვითარებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ოჯახის ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ბავშვის დიაგნოზთან შეგუების ხელშეწყობა, რადგან დასმულ დიაგნოზს შეუძლია საკმაოდ დიდი სტრესის გამოწვევა ოჯახის წევრებში. ადრეულმა ინტერვენციამ ხელი უნდა შეუწყოს ოჯახებს იმ სტრატეგიების სწავლასა და გამოყენებაში, რომლითაც ხელს შეუწყობენ თავიანთ შვილებს სრულფასოვანი თანამონაწილეობა მიიღონ ოჯახის ცხოვრებაში, სამეზობლოში და თანატოლების წრეში. ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მშობლების აღჭურვას ბავშვთან კომუნიკაციისა და ინტერაქციის, თამაშის და სწავლის ხელშეწყობის სათანადო სტრატეგიებით.
ამასთანავე, რომ ბავშვს, სმენის დაზიანებასთან ერთად, დამატებით სხვა შემზღუდველი მდგომარეობებიც შეიძლება ჰქონდეს (მაგ., მხედველობის დარღვევა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, აუტიზმი, ინტელექტუალური განვითარების შეფერხება და სხვ.). თანმდევი მდგომარეობების არსებობა, ადრეული ინტერვენციის პროგრამაში დამატებითი სპეციალისტების ჩართვას და ოჯახისთვის გაფართოებული მხარდაჭერის გაწევას მოითხოვს. ხშირ შემთხვევაში, ადრეულ ასაკში დაწყებული მხარდაჭერის გაგრძელება შემდგომ წლებშიც მნიშვნელოვანია.
სმენის დაზიანების შემთხვევაში, ბავშვს შესაძლოა შემდეგი ტიპის ინტერვენციები და მხარდაჭერა დასჭირდეს:
მეტყველებისა და ენის თერაპია: ბავშვები მეტყველებას სწავლობენ სხვების მოსმენით. სმენის დაქვეითების მქონე ბავშვი, როგორც წესი, მოკლებულია ამ შესაძლებლობას და ამიტომ, სჭირდება დამატებითი მხარდაჭერა ენის გაგება-გამოყენებისა და სიტყვების წარმოთქმის შესასწავლად. მაშინაც კი, თუ ბავშვი ძირითადად ჟესტურ ენაზე საუბრობს, მათ უნდა ისწავლონ ზეპირი მეტყველების უმრავლესობის ენაზე წერა-კითხვა. სმენის დაზიანების მქონე ბავშებთან ენისა და მეტყველების თერაპია შეიძლება მოიცავდეს მოსმენის, ენის, მეტყველების, კომუნიკაციური და წიგნიერების უნარების განვითარების და ბავშვისთვის კომუნიკაციის მოდალობისა და საკომუნიკაციო მიდგომების შერჩევის ხელშეწყობას.
აუდიოლოგიური/აუდიო-ვერბალური ტრენინგი (სმენის აბილიტაცია/რეაბილიტაცია): ამ ტიპის ინტერვენცია რამდენიმე სახელით არის ცნობილი; თუმცა, ყველა შემთხვევაში, ის მიზნად ისახავს ნარჩენი სმენის ან კოხლეარული იმპლანტაციის შედეგად შეძენილი სმენის გამოყენების ხელშეწყობას. აუდიოლოგიური ტრენინგი ასევე შეიძლება მოიცავდეს მეტყველების ბაგეებიდან წაკითხვის უნარზე მუშაობასაც და სიტყვების გამოთქმის გაუმჯობესებას.
წიგნიერების ხელშეწყობა: ზოგიერთ ქვეყანაში წიგნიერების სპეციალისტი ერთვება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის სმენის დაქვეითება საკმაოდ მძიმეა და სავარაუდოა, რომ ბავშვის კითხვისა და წერის უნარები სათანადო დონეზე ვერ განვითარდება სპეციალისტის ჩარევის გარეშე კითხვის ათვისების მნიშვნელოვან პერიოდში.
ჟესტური ენის სწავლება: ბავშვებს, რომლებსაც არ შეუძლიათ კომუნიკაცია ტრადიციული, აუდიო-ორალური ფორმით (სმენის და ზეპირი მეტყველების გამოყენებით), შეუძლიათ ისწავლონ ჟესტური ენა. ცალკეულ ქვეყანას აქვს თავისი ჟესტური ენა, რომელიც ეფუძნება განსხვავებულ ლინგვისტურ წესებსა და გრამატიკას. სმენის დაზიანების მქონე ბევრ ბავშვს, მათ შორის კოხლეარული იმპლანტის მქონეს, მეტყველებასთან ერთად, ასევე ჟესტურ ენასაც ასწავლიან. როგორც ნებისმიერი ენის შემთხვევაში, ჟესტურ ენაზე თავისუფლად მეტყველება დამოკიდებულია პრაქტიკაზე და ჟესტური ენით სხვებთან კომუნიკაციის შესაძლებლობის ქონაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჟესტური ენის სწავლება მოხდეს არა მხოლოდ სმენის დაზიანების მქონე ბავშვისთვის, არამედ მისი უახლოესი გარემოცვისთვისაც, ოჯახისთვის.