სმენის დაზიანების ტიპიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, ბავშვს შესაძლოა დაენიშნოს სმენის აპარატი ან კოხლეარული იმპლანტაცია. კოხლეარული იმპლანტაცია მეტწილად კეთდება სმენის მძიმე ან ღრმა დაზიანების შემთხვევაში, როდესაც სმენის რეცეპტორების უმეტესობა დაზიანებულია და სმენის აპარატს არ შეუძლია ბავშვისთვის სათანადო შედეგის მოტანა. კოხლეარული იმპლანტის ჩადგმისას ნადგურდება კოხლეაში დაუზიანებელად შერჩენილი სმენის უჯრედები, ამიტომ, კოხლეარული იმპლანტის ჩადგმის შემდგომ, სმენის აპარატს აღარ შეუძლია იმავე ყურში სარგებლის მოტანა. ამასთანავე, იმპლანტი რომ გაკეთდეს, ერთ-ერთ აუცილებელი წინაპირობაა, სმენის ნერვი და ცენტრალური ნერვული სისტემის სმენითი გზები დაუზიანებელი იყოს და თავის ჩვეულ ფუნქციას ასრულებდნენ.
ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც ხდება სამედიცინო სპეციალისტების მიერ სმენის დამხმარე საშუალების შერჩევისას, არის რამდენად მოუტანს სმენის აპარატი ბავშვს სარგებელს ენისა და მეტყველების დამუშავების კუთხით, თუ უნდა მოხდეს კოხლეარული იმპლანტის ქირურგიულად ჩადგმა. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს და ბავშვებს (ასაკის გათვალისწინებით) შეეძლოთ ინფორმირებული და მათთვის საუკეთესო არჩევანის გაკეთება.
სმენის აპარატი უზრუნველყოფს ბავშვის მიერ ნარჩენი სმენის მაქსიმალურად გამოყენებას. სასმენი აპარატის შერჩევაზე პასუხისმგებელი აუდიოლოგი. სმენის აპარატი ელექტრონული მოწყობილობაა, რომელსაც იყენებენ ყურზე და რომლის ფუნქციაც ხმის გაძლიერება ანუ აკუსტიკურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სმენის აპარატი შესაძლებლობას აძლევს მის მომხმარებელს მოისმინოს მოსაუბრის მეტყველება და სხვადასხვა ხმა. დღესდღეობით, საკმაოდ განვითარებულია ტექნოლოგია და არსებული თანამედროვე სმენის აპარატები, აკუსტიკური ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, ბევრ შესაძლებლობას ქმნის. სმენის აპარატის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის ბავშვის მიერ და სმენის აბილიტაცია-რეაბილიტაციის კუთხით, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებად განიხილება.
მნიშვნელოვანია, რომ სმენის აპარატი თავისი მახასიათებლებით ეხმიანებოდეს კონკრეტული ბავშვის სმენით საჭიროებებს და, ამასთანავე, მაქსიმალურად მორგებული იყოს ბავშვის ყურის ზომაზე. ბავშვისთვის სმენის აპარატის შერჩევა და მორგება შესაძლოა ხანგრძლივი პროცესიც იყოს. სმენის აპარატს დიდი ამოცანა აქვს. მან უნდა:
- გახადოს ბგერები უფრო ხმამაღალი, მაგრამ არ გახადოს ისედაც ხმამაღალი ბგერები არაკომფორტულად ხმამაღალი ბავშვისთვის;
- უზრუნველყოს იმ სიხშირის ბგერების გაძლიერება, რომელთა მიმართებითაც სმენის დაქვეითება ყველაზე დიდია
- ეცადოს, არასასურველი ხმები, როგორიცაა ფონური ხმაური, მოარიდოს იმ სიგნალს, რომელიც აპარატის მომხმარებელს მიეწოდება
კოხლეარული იმპლანტი არის პატარა მოწყობილობა, რომელიც მოთავსებულია კანქვეშ და ატარებს ელექტროენერგიას შიგნითა ყურში. აღნიშნული მოწყობილობა ახდენს შიგნითა ყურში ლოკოკინის (კოხლეას) ელექტრონულ სტიმულაციას მასში იმპლანტირებული ელექტროდების მატრიცის მეშვეობით. სწორედ აქედან მოდის მისი დასახელებაც – კოხლეარული იმპლანტი. ჩანერგილი ელექტროდების მატრიცა ასრულებს დაზიანებული სმენის უჯრედების ფუნქციას. კოხლეარული იმპლანტი შედგება შიდა და გარე ნაწილებისგან: ყურში ჩადგმული მიმღები/სტიმულატორი და ხმის პროცესორი, რომელიც მოთავსებულია ყურის უკან და აგზავნის ინფორმაციას შიდა ნაწილში. ისინი ერთად მუშაობენ, რათა ადამიანმა ხმა აღიქვას. უნდა ვიცოდეთ, რომ კოხლეარული იმპლანტით წარმოქმნილი ხმა, ხელოვნური ხმაა და იმპლანტი არ უზრუნველყოფს „სმენას“ ტიპიური ფორმით, შესაბამისად ბავშვმა უნდა ისწავლოს შემოსული ბგერების გაგება რაც საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.
მშობლებისთვის სრულყოფილი და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება კოხლეარულ იმპლანტთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, კრიტიკულია. კოხლეარული იმპლანტის გაკეთება ნიშნავს მასზე მთელი სიცოცხლის მანძილზე ზრუნვის ვალდებულებას. აღნიშნული მოიცავს სპეციალურ პროცედურებს როგორც ოპერაციამდე, ასევე, მის შემდგომ და ოჯახისა და პროფესიონალების მიერ ბავშვის გრძელვადიან მხარდაჭერას. ასევე, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ როდესაც ხმის პროცესორი, კოხლეარული იმპლანტის გარეთა ნაწილი, ამოღებულია (მაგალითად, ძილის დროს), ბავშვი კვლავ ყრუა. მშობლებისთვის აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ კოხლეარული იმპლანტაციის შედეგები ვარირებს ბავშვიდან ბავშვამდე, რაც არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი, იმპლანტაციის ასაკია - რეკომენდებულია იმპლანტის ჩადგმა 2 წლის ასაკამდე, რაც ბავშვის ენისა და მეტყველების განვითარების არის კრიტიკული.
ხმის გამაძლიერებელი დამხმარე მოწყობილობები გამოიყენება ბავშვის ინდივიდუალურ სასმენ აპარატთან ან კოხლეარულ იმპლანტთან ერთად ბავშვისთვის უკეთესი სმენითი შესაძლებლობებს შექმნის მიზნით. განსაკუთრებით ეფექტურია მათი გამოყენება სასწავლო გარემოში. აღნიშნული მოწყობილობები სასმენი აპარატის და კოხლეარული იმპლანტის ე.წ. იმ სუსტ მხარეს ეხმიანება, რომლის მიზეზითაც, სამიზნე აუდიო სტიმულთან ერთად ბავშვს ფონური ხმებიც გაძლიერებულად შეიძლება ესმოდეს. აღნიშნული ტიპის სისტემები მოსაუბრის მეტყველებას უფრო ხმამაღალს ხდის, ვიდრე გარემოში არსებული ფონური ხმებია. ხმის გამაძლიერებელი დამხმარე მოწყობილობები არ ანაცვლებს ბავშვის სმენის აპარატს ან კოხლეარულ იმპლანტს, არამედ მათთან ერთად გამოიყენება. ხმის გამაძლიერებელ სისტემები:
- ახდენს ვოკალური ინფორმაციის მაქსიმალურად გაზრდას;
- ზრდის მეტყველებაზე ბავშვის ხელმისაწვდომობას და აადვილებს მოსმენას;
- ზრდის კლასში ბავშვის მრავალფეროვანი განთავსების შესაძლებლობას (არ არის აუცილებელი მასწავლებლის სიახლოვეს ჯდომა);
- ამცირებს მოსმენით გამოწვეულ დაღლას;
- იძლევა სკოლის სხვადასხვა გარემოში/სივრცეში გამოყენების შესაძლებლობას;
- უზრუნველყოფს აუდიო ინფორმაციის გაუმჯობესებულად მიღებას სხვა ელექტრონული მოწყობილობებიდანაც (მაგ.: ტელევიზორი, კომპიუტერი, სმარტ დაფა, ტელეფონი და სხვ.).