სმენის დაზიანების დროს, ბავშვთან გამოყენებული ინტერვენციები დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე და არა მხოლოდ სმენის დაქვეითების ხარისხზე. სმენის დაქვეითების ადრეული დიაგნოსტიკის ღირებულება, ინტერვენციის რაც შეიძლება დროულ და სწორ წარმართვაში მდგომარეობს. ბავშვისთვის საჭირო ინტერვენციის განსაზღვრაში შესაძლოა ჩართული იყვნენ შემდეგი დარგის სპეციალისტები:
- ექიმი ოტორინოლარინგოლოგი, სხვაგვარად ცნობილი როგორც "ყურის, ცხვირის და ყელის" სპეციალისტი, რომელიც სპეციალიზებულია სმენასა და მასთან დაკავშირებულ ანატომიაში.
- აუდიოლოგი, სპეციალისტი, რომელიც აფასებს სმენის სხვადასხვა ასპექტს და საჭიროების შემთხვევაში, ურჩევს ადამიანს სმენის აპარატს. აუდიოლოგს გავლილი აქვს სპეციალური მომზადება სმენის შეფასებაში, სმენის ანალიზატორის ანატომიასა და ფიზიოლოგიაში და ბგერის დამუშავების ფუძემდებლურ პრინციპებში.
- ოფთალმოლოგი, ექიმი, რომელიც სპეციალიზებულია თვალისა და მხედველობის დაავადებებში. ოფთალმოლოგის კონსულტაციის გავლა მნიშვნელოვანია ყრუ ბავშვებისთვის, რადგან მხედველობა მათთვის წამყვან როლს ასრულებს კომუნიკაციაში.
ინტერვენციები შეიძლება მოიცავდეს:
- ბავშვისთვის სმენის დამხმარე მოწყობილობების შერჩევას და გამოყენების ხელშეწყობას;
- სამკურნალო პროცედურებს;
- სმენისა და მეტყველების განვითარებაზე და ოჯახის გაძლიერებაზე ორიენტირებული ინტერვენციას.