ახალშობილთა სკრინინგი. ბავშვებისთვის განსაკუთრებული სარგებელი მოაქვს ახალშობილთა სკრინინგს, რომელიც, როგორც წესი, ჩვილებს სამშობიაროში დაბადების პირველ დღეებში უტარდებათ. ახალშობილთა სმენის სკრინინგი მიზნად ისახავს საშუალოდან მძიმე სმენის დაქვეითების მქონე ბავშვების იდენტიფიცირებას; თუმცა, ზოგ შემთხვევაში, მათ ასევე შეუძლიათ იდენტიფიცირება ჩვილების, რომლებსაც აქვთ სმენის დაქვეითების გაცილებით მსუბუქი ხარისხი. ახალშობილების სმენის სკრინინგი უმტკივნეულო, უსაფრთხო და სმენის დაზიანების სიცოცხლის პირველსავე დღეებში და თვეში გამოვლენის საშუალებაა. თუ გარკვეული მიზეზით, სამშობიაროში ახალშობილს სმენის სკრინინგი არ ჩაუტარდება, მშობელმა თავად მალევე უნდა მიმართოს სპეციალისტს სკრინინგისთვის. ჩვილში სკრინინგის ჩატარების შედეგად მიღებული დადებითი პასუხი (ანუ ბავშვმა წარმატებით ვერ გაიარა სკრინინგი), აუცილებლობით არ ნიშნავს, რომ ბავშვს სმენის დაზიანება აქვს, რადგან ტესტის წარმატებულად გავლაზე ზოგჯერ გავლენას ახდენს ყურში უცხო სხეული ან სითხე. ამიტომ, შესაძლოა ბავშვის ზუსტი დიაგნოსტირება გარკვეულ პერიოდამდე, მაგალითად 3 თვემდე ვერ მოხდეს. თუმცა, თუ ჩვილი ახალშობილის სმენის ტესტს წარმატებით ვერ გაივლის, აუცილებელია მშობელმა არ დატოვოს აღნიშნული ფაქტი უყურადღებოდ და მიჰყვეს სმენის შემოწმების რეკომნდებულ პროცედურებს. როგორც წესი, ახალშობილების სკრინინგის პროგრამები ორ-ეტაპიანი. სკრინინგის პირველი ეტაპი ხორციელდება ცხოვრების პირველივე დღეებში. ბავშვებმა, რომლებიც წარმატებით ვერ გადიან სკრინინგის პირველ ტესტს უნდა გაიარონ განმეორებითო ტესტირება ანუ მეორე ეტაპი უკვე სამშობიაროდან გასვლის შემდეგ დაახლოებით 2-8 კვირის პერიოდში. მეორე ეტაპის დადებითი შედეგები ანუ ტესტის წარუმატებლად გავლა, შემდგომ უნდა შემოწმდეს და დამოწმდეს ოტოლარინგოლოგიური და აუდიოლოგიური კვლევით და სხვა ელექტროფიზიოლოგიური ტესტირებით, მესამე თვეში.
აუდიოლოგია სმენის შეფასების ფორმალური დასახელებაა. სმენის შეფასება, მიზნად ისახავს განსაზღვროს სმენის დაქვეითების ხარისხი, დაზიანების სავარაუდო ლოკაცია და მიზეზი და დაეხმაროს სპეციალისტს იმ გავლენის დადგენაში, რომელიც სმენის დაქვეითებას შეიძლება ჰქონდეს ბავშვის ფუნქციონირებაზე. ამასთანავე, დიაგნოსტირების შედეგად განისაზღვრება აბილიტაცია/რეაბილიტაციის და ბავშვის მხარდაჭერის კურსი.
ტერმინი აუდიომეტრია გულისხმობს სმენის სხვადასხვა ტესტს, რომელსაც ატარებს აუდიოლოგი. არსებობს აუდიომეტრიის ოთხი ძირითადი ტიპი: სუფთა ტონის აუდიომეტრია, მეტყველების აუდიომეტრია, წინაღობა და ცენტრალური დამუშავება.
o სუფთა ტონის აუდიომეტრია: ტესტირება ხდება ინდივიდისთვის ბგერების მიწოდებით სხვადასხვა სიხშირეზე და სიმაღლეზე. ადამიანს სთხოვენ აწიოს ხელი ან დააჭიროს ღილაკს, როდესაც გაიგონებს სიგნალს. ტერმინი "სუფთა ტონი" ეხება სპეციალიზებულ ტონს, რომელსაც არ აქვს ზედმეტი ფონური ხმა - ის არის "სუფთა" იმ გაგებით, რომ მხოლოდ ერთი სიხშირის მოსმენა შესაძლებელია ერთ ჯერზე. ტესტირება სრულდება ორი მექანიზმით:
- ჰაერის გამტარობა: სმენის ტესტირება ხდება ბგერების ჩვეული არხებით. გამოიყენება ყურსასმენები, რომლებიც დაკავშირებულია აუდიომეტრთან, რომელიც წარმოქმნის სხვადასხვა სიხშირის ბგერას.
-
ძვლის გამტარობა: ტესტირება ხდება ჰაერის გამტარობის გზების გვერდის ავლით და უშუალოდ შიგნითა ყურის ნერვული ნაწილის ტესტირებით. ყურსასმენების ნაცვლად, პატარა დისკი (რომელიც ძვლის ვიბრატორს ეძახიან) მიმაგრებულია თავსაბურავზე და მოთავსებულია შუბლზე ან პატარა ძვალზე, რომელიც ყურის ბიბილოს უკან გამოდის.
თუ ადამიანის სმენა უკეთესია ძვლის გამტარობის ტესტის გამოყენებით ჰაერგამტარობის ტესტთან შედარებით, ეს ნიშნავს, რომ სმენის დაზიანება მდებარეობს გარეთა ან შუა ყურში. თუ განსხვავება არ არის, სავარაუდოდ, ეს არის შიგნითა ყურში ან სმენის ნერვის დაზიანება. ძვლის გამტარობის ტესტი არასდროს იძლევა უარეს შედეგებს, ვიდრე ჰაერის გამტარობის ტესტირება - ფიზიკურად შეუძლებელია.
o მეტყველების აუდიომეტრია: გულისხმობს სხვადასხვა ტესტს, რომლებიც კეთდება მეტყველების და არა სუფთა ტონის გამოყენებით. სამი განსხვავებული ტიპი მეტყველების ტესტი გამოიყენება:
- მეტყველების ამოცნობის ზღურბლი (SDT): ასევე უწოდებენ მეტყველების გაცნობიერების ზღურბლს (SAT); ეს არის ის ყველაზე დაბალი დონე, რომელზეც ადამიანს შეუძლია მეტყველების დაფიქსირება/ამოცნობა;
- მეტყველების მიღების ზღურბლი (SRT): ეს არის ის ყველაზე დაბალი დონე, რომლზეც ადამიანს შეუძლია მეტყველების გაგება;
- სიტყვების დისკრიმინაციის ტესტირება: ტესტი ტიპი, რომელიც ზომავს ადამიანის უნარს განასხვავოს სიტყვები.
o წინაღობა: ეს ტესტი ზომავს წნევას შუა ყურში. წნევის დონის განსაზღვრა ხელს უწყობს იმ პრობლემების იდენტიფიცირებას, რომლებიც სხვაგვარად არ ჩანს. მაგალითად, თუ ვინმეს აქვს შუა ყურის ინფექცია, ეს ჩვეულებრივ ვლინდება როგორც უარყოფითი ზეწოლა წინაღობის ტესტირებაზე. ცოტა არასასიამოვნოა ამ ტესტის გაკეთება - ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს თვითმფრინავში ხართ ან მთებში მაღლა და ყურები დაგუბებული გაქვთ. მაგრამ საბედნიეროდ, ეს სწრაფი ტესტია და სპეციალისტს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას აძლევს.
o სმენის ცენტრალური დამუშავება: ეს არის უფრო მოწინავე ტიპის ტესტირება, რომელიც აფასებს არა ადამიანის სმენის დონეს, არამედ რამდენად კარგად იგებს ის იმას, რაც ემის. ეს ტესტი არ ტარდება რუტინულად (როგორც სხვა ტესტები), მაგრამ გამოიყენება, როდესაც ჩნდება ეჭვი ტვინის დაზიანებაზე, ინსულტზე, ანევრიზმაზე ან სწავლის აუდიტორულ დარღვევაზე. არსებობს სწავლის უნარის დარღვევის კატეგორია, რომელიც ცნობილია როგორც "აუდიტორული დამუშავების აშლილობა", რის გამოც ადამიანს უფრო უჭირს მოსმენილი ინფორმაციის გაგება, ვიდრე დანახულის ან წაკითხულის.