- ყურის ქრონიკული ინფექციები (ფორმალური სახელი: ქრონიკული შუა ოტიტი): მცირეწლოვან ბავშვებში სმენის დაქვეითების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ყურის ინფექციები ხშირია ბავშვებში, რადგან მათი ანატომიის კონკრეტული ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. ევსტაქის მილი აკავშირებს შუა ყურს ყელის უკანა მხარესთან და დახრილია ქვემოთ, რათა სითხეები ბუნებრივად გამოვიდეს ყურიდან. მცირე ასაკის ბავშვებში ეს მილი ვიწრო და ჰორიზონტალურია, რაც ართულებს სითხეების გადინებას. შედეგად, ისინი რჩებიან შუა ყურში, რაც იწვევს ინფექციას. ევსტაქის მილი თანდათან ფართოვდება და იცვლება, სრულ სიმწიფეს აღწევს დაახლოებით 5 წლის ასაკში. ამრიგად, მცირეწლოვან ბავშვებს ყურის ინფექციების ყველაზე დიდი რისკი აქვთ. ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში, ექიმი ხანდახან სვავს პატარა მილს ყურის დაფის აპკში, რომელიც ქმნის მეორე ხვრელს შუა ყურში დრენაჟისთვის. მილის ამოღება ხდება, როდესაც ბავშვი იზრდება და დაფის აპკის პაწაწინა ხვრელი ხორცდება ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
- ფიზიკური ტრავმა: თავში მძიმე საგნის დარტყმამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაზიანება. შუა ყური და ნერვები მოთავსებულია გარეთა ყურის უკან და დაცულია ძვლის ძალიან თხელი ფენით. დაზიანება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სახით (ავტოავარია, სპორტული ტრავმა და ა.შ.) და სმენის დაზიანების ხარისხიც დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე.
- მენინგიტი: ეს გამოწვეულია ძალიან სახიფათო ვირუსით, რომელიც თავს იჩენს ზურგის ტვინში და შეიძლება გავრცელდეს თავის ტვინშიც. მენინგიტის ორი ტიპი არსებობს - ერთი ვირუსული და ერთი ბაქტერიული. ორივე ტიპის მენინგიტი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ახლო მყოფ ადამიანებში, ისევე როგორც სხვა გადამდები დაავადებები. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები სრულად ჯანმრთელდებიან, თუ ისინი დაუყოვნებლივ მიმართავენ სამედიცინო დახმარებას. მკურნალობის დაყოვნების შემთხვევაში, მენინგიტმა შეიძლება გამოიწვიოს ფართო ნევროლოგიური დაზიანება და სიკვდილიც კი. სიცხე და კისრის გაშეშება, როგორც წესი, პირველი ჩივილებია. თუ ინფექცია აღწევს შიდა ყურს ან ნერვებს, შეიძლება გამოიწვიოს სმენის მუდმივი სენსონევრალური დაქვეითება.
- ოტოსკლეროზი: გულისხმობს ძვლების (შუა ყურის ძვლები) გამკვრივება ან არანორმალური ზრდა, რაც იწვევს სმენის გამტარობით (კონდუქტიურ) დაქვეითებას. ოტოსკლეროზის გამომწვევი მიზეზი ბოლომდე არ არის ცნობილი, თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ ის ხშირად გვხვდება ოჯახებში და შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი. ზოგიერთ შემთხვევაში, ოპერაციით შეიძლება გამოსწორდეს პრობლემა ან შემცირდეს სმენის დაქვეითება.
- ოტოტოქსიურობა: არის სმენის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია მედიკამენტების ან ქიმიკატების გამოყენებით, რომლებიც თავის მხრივ, ანადგურებენ სმენის რეცეპტორებს. ოტოტოქსიური პრეპარატები ძირითად გამოყენება კიბოს სამკურნალოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალება არ არის ეფექტური ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
- ხმაურით გამოწვეული სმენის დაქვეითება: წარსულში, სამხედროები და მონადირეები ყველაზე ხშირად დაზარალებული მოსახლეობა იყო, რადგან ცეცხლსასროლი იარაღის კუმულაციური ეფექტი აზიანებდა სმენის რეცეპტორებს გარკვეული სიხშირეების დიაპაზონში. მაგრამ დრო შეიცვალა. ჩვენი სამყარო უფრო დიდი, სწრაფი და ხმამაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ ტელევიზორის, ქუჩის, თვითმფრინავების და მუსიკის ფონურ ხმაურს. ახალგაზრდა თაობებს ბევრად მეტი პირობა აქვთ თავი „დაბომბონ“ ხმით. კერძოდ, ყურსასმენებმა შეიძლება საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის სმენას. ბევრი ვერ იაზრებს, თუ რამდენად საზიანოა ხმამაღალი მუსიკა ან ხანგრძლივი ზემოქმედება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის თანახმად, ბავშვებისა და მოზარდების 12,5%-ს და ზრდასრულთა 17%-ს მთელს მსოფლიოში აღენიშნება სმენის დაქვეითება, რომელიც გამოწვეულია ხმაურის ზემოქმედებით.
- პრესბიკუზი: ეს არის ფორმალური ტერმინი ხანდაზმულობით გამოწვეული სმენის დაქვეითებისთვის. სმენის უჯრედები ნელ-ნელა იწყებენ კვდომას 25 წლის ასაკიდან და აგრძელებენ შემცირებას დაბერებასთან ერთად. საბედნიეროდ, არსებობს მილიონობით სმენის უჯრედი, ამიტომ ადამიანი, როგორც წესი, ვერ ამჩნევს სმენის მნიშვნელოვან დაზიანებას 60 წლამდე ან უფრო გვიან.