სმენის დაზიანება შეიძლება უკავშირდებოდეს ყურის სხვადასხვა ნაწილის სტრუქტურასა და ფუნქციას. სმენის დაქვეითების ორი ძირითადი ტიპი არსებობს: კონდუქტიური (გამტარობითი) და ნეიროსენსორული (სენსონევრალური). ასევე, ადგილი შეიძლება ჰქონდეს სმენის "შერეულ" დაზიანებასაც, რომელიც არის დაზიანების ამ ორი ტიპის კომბინაცია.
- როდესაც სმენის დაქვეითება ხდება იმის გამო, რომ ბგერას არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილება/გავლა გარე და შუა ყურის მეშვეობით და შიგნითა ყურამდე მისვლა, ის მოიხსენიება, როგორც კონდუქტიური ანუ გამტარობითი სმენის დაქვეითება. კონდუქტიური დაზიანების მიზეზები შეიძლება მოიცავდეს ყურის ინფექციას, ყურის აპკის დაზიანებას, გოგირდის დაგროვებას ან გარეთა ყურის არხში უცხო სხეულებს. ხშირად (თუმცა არა ყოველთვის), კონდუქტიური დაზიანება შეიძლება გამოსწორდეს სამედიცინო ჩარევით ანუ შეიძლება შექცევადი იყოს, რაც დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე.
- სმენის დაქვეითება, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ შიგნითა ყურამდე მისული ბგერა არ გარდაიქმნება ელექტრულ სიგნალად ან არ გადაეცემა სმენითი ნერვით ტვინს, განიხილება, როგორც სენსონევრალური სმენის დაქვეითება. სენსონევრალური დაზიანების მიზეზები ძალიან განსხვავდება და შეიძლება მოიცავდეს ინფექციას, გარკვეულ დაავადებებს (მაგ., მენიერის დაავადება, მენინგიტი), იყოს განპირობებული გენეტიკით ან ასაკით. ამ ტიპის დაზიანება, როგორც წესი, მუდმივია და შეიძლება იყოს სტაბილური ან პროგრესული.
სმენის დაზიანება ასევე შეიძლება იყოს ცალმხრივი და ორმხრივი. სმენის ცალმხრივი დაზიანებაც საყურადღებოა, რადგან გავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვების განვითარებაზე და აკადემიურ შედეგებზე.
სმენის დაზიანების ხარისხები
- ნორმალური სმენა ანუ დაქვეითების არქონა 0 დბ - 20 დბ
- მსუბუქი დაქვეითება 20 დბ - 40 დბ
- საშუალო დაქვეითება 40 დბ - 60 დბ
- მძიმე დაქვეითება 60 დბ - 80 დბ
- ღრმა დაქვეითება 80 დბ ან მეტი