სმენის დაქვეითება და სიყრუე
სმენა შეიძლება იყოს დაქვეითებული ან ადგილი ჰქონდეს სიყრუეს. ფართო გაგებით, ადამიანი მიიჩნევა სმენის დაზიანების მქონედ, თუ მას ისევე კარგად არ ესმის, როგორც ნორმალური სმენის მქონე ადამიანს, რაც გულისხმობს სმენის ზღურბლს 20 დბ-ს ან ნაკლებს ორივე ყურში (ჯანდაცვის Მსოფლიო ორგანიზაცია).
სმენის ზღურბლი ეს არის ბგერის ყველაზე დაბალი ინტენსივობა, რომელიც ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს შემთხვევების 50%-ში და რომლის ქვემოთაც ადამიანის ყურს არ შეუძლია ბგერის დაფიქსირება. ეს არის ჩურჩული, რომლის გვესმის, მაგრამ არა სრულად. 0-დბ-ის ქვემოთ ადამიანის ყურს არ შეუძლია ბგერის დაფიქსირება. რაც უფრო მაღალია სმენის ზღურბლი, მით უფრო ნაკლებია სმენა და პირიქით. ზრდასრულებში შემზღუდველი გავლენის მქონედ განიხილება 40 დბ-ზე მეტი სმენის ზღურბლი უკეთესი სმენის მქონე ყურში, ხოლო ბავშვებში კი, 30 დბ-ზე მეტი (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია). აღნიშნული განსხვავება განპირობებულია იმით, რომ ბავშებში ჯერ სრულად არ არის ჩამოყალიბებული ენობრივი და კოგნიტური უნარები და შესაბამისად, აუდიო ინფორმაციის გაგებისა და დამუშავებისთვის, ბავშვებს უკეთესი სმენა და სმენითი გარემო სჭირდებათ.
სიყრუე განისაზღვრება, როგორც სმენის დაზიანება, რომელიც იმდენად მძიმეა, რომ ადამიანს არ შეუძლია სმენის საშუალებით ენის (ლინგვისტური ინფორმაციის) ან გარემოს ხმების დამუშავება მაშინაც კი, როცა სმენის გამაძლიერებელ მოწყობილობას იყენებს.
სმენის ნებისმიერ დაქვეითებას, რომელიც ხდება დაბადებისას ან დაბადებიდან მალევე, თანდაყოლილი ეწოდება. სმენის დაქვეითება, რომელიც ხდება მოგვიანებით, განიხილება, როგორც შეძენილი. რაც უფრო ადრე ხდება სმენის დაქვეითება, მით უფრო დამაზიანებელია მისი გავლენა ბავშვზე. ბავშვებს, რომლებიც სმენის დაქვეითებით იბადებიან, თავიდანვე აქვთ შეზღუდული წვდომა მათ გარშემო არსებულ ბგერებზე, მათ შორის მეტყველებაზე. სმენის დაქვეითება, რომელიც ხდება მანამ, სანამ ბავშვს განუვითარდება მეტყველების და ენის უნარები, განიხილება, როგორც პრელინგვური. სმენის დაქვეითება, რომელსაც ადგილი აქვს მას შემდეგ, რაც ბავშვს განუვითარდება მეტყველებისა და ენის უნარები, ცნობილია, როგორც პოსტლინგვური.