იქიდან გამომდინარე, რომ კვების სირთულეები შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, თითოეული ბავშვისთვის საჭირო სერვისი და მასთან მომუშავე სპეციალისტის ჩართულობა შეიძლება განისაზღვროს ინდივიდუალურად.
კვებასთან დაკავშირებული სირთულეების დროს შესაძლებელია გარკევული სპეციალისტების მომსახურების მიღება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ესენია: რეაბილიტაცია /აბილიტაციის, ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისი, აუტისტური სპექტრის ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა და დღის ცენტრის მომსახურეობა.
რეაბილიტაცია /აბილიტაციის სერვისის მიზანია - ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. სერვისი განკუთვნილია 0 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და გულისხმობს, ოკუპაციური თერაპევტის, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტის, ქცევით თერაპევტის, ფსიქოლოგის და ფიზიკური თერაპევტის მომსახურეობას. სერვისი ბავშვს მიეწოდება რეაბილიტცია/აბილიტაციის ცენტრში, პროგრამაში არსებული სპეციალისტების ჩართულობა და რაოდენობა განისაზღვრება ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე. გარდა სახელმწიფო პროგრამისა, აღნიშნულ რეაბილიტაციის ცენტრებში შესაძლებელია ფასიანი სერვისის მიღებაც.
ბავშვის ადრეული განვითარების სერვისი განკუთვნილია დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის ან განვითარების დარღვევის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება და ადრეული ჩარევა, ფორმალურ განათლებაში ჩართვისა და სოციალური ინტერაქციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება. სერვისის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს ბავშვის კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური, ემოციური სფეროს და ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გაძლიერებაზე. სერვისი ბავშვს მიეწოდება ადრეული განვითარების ცენტრში ან სახლის გარემოში და გულისხმობს ინდივიდუალური ან ჯგუფურ თერაპიულ სესიებს შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით.
აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა ითვალისწინებს - აუტიტური სპექტრის დარღვევების მქონე 18 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას. ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) ჩართულობით.
წლის განმავლობაში მომსახურება მოიცავს 12 კურსს (1 კურსი - 15 სეანსი, მათ შორის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის მინიმალური რაოდენობა - 12 სეანსი). სერვისით სარგებლობა შეუძლიათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ბავშვები.
დღის ცენტრის სერვისი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარების ხელშეწყობას, მათ სოციალურ ინკლუზიას ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ჩართვას და ოჯახის მხარდაჭერას. დღის ცენტრი ზრუნავს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების, ფუნქციური აკადემიური უნარებისა და წინარე პროფესიული უნარების განვითარებაზე. დღის განმავლობაში ბავშვი ჩართულია როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ აქტივობებში სპეციალური მასწავლებლის და ფსიქოლოგის მონაწილეობით. საჭიროების შემთხვევაში, ბავშვს მიეწოდება სხვა დამატებით სპეციალისტების - მეტყველების თერაპევტის და ოკუპაციური თერაპევტის სერვისი, რომლებიც უზრუნველყოფენ კვებასთან დაკავშირებით სჭირო რეკომენდაციების მიწოდებას.
დღის ცენტრის სერვისი განკუთვნილია 6 დან 18 წლმადე ასაკის ბავშვებისთვის.