ბავშვის კვებისა და ყლაპვის დარღვევების, ან სხვა სიძნელეების დროს მნიშვნელოვანია ადრეული ჩარევა და საჭირო დახმარების მოძიება. ამ დროს დიდი როლი აქვს მშობლის მიერ პრობლემის იდენტიფიცირებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციას. კვების და ყლაპვის დარღვევებზე მუშაობს მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის წევრებიც შეიძლება იყვნენ:
ექიმი პედიატრი - განსაზღვრავს სამედიცინო საჭიროებებს და შესაბამის ინტერვენციას. ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე დამატებითი კვლევებისთვის ამისამართებს ბავშვს სპეციალური პროფილის ექიმ სპეციალისტთან.
ოკუპაციური თერაპევტი - მუშაობს ფუნქციური უნარების გამომუშავება/გაუმჯობესებაზე, რომლის მიზანია ბავშვის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა ისეთ ყოველდღიურ აქტივობებში, როგორიცაა: კვება, ტუალეტის მოხმარება, გახდა ჩაცმა და ა.შ
სენსორული ინტეგრაციის სპეციალისტი - მუშაობს სენსორული გადამუშავების სირთულეებზე და ეხმარება ბავშვს ყოველდღიურ აქტივობებში სრულფასოვნად ჩართვაში.
კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი - მუშაობს როგორც ვერბალური ისე არავერბალური კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესებაზე, ასევე კვებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაზე.
დიეტოლოგი - ახორციელებს ბავშვის ზრდა-განვითარების მონიტორინგს და არჩევს ბავშვისთვის საჭირო კვების სწორ რაციონს.
ქცევის თერაპევტი - მუშაობს ქცევის ცვლილებაზე და სოციალურად მისაღები ქცევის პატერნების გამომუშავებაზე. მათ შორის კვების პროცესთან დაკავშირებულ ისეთ ქცევით სირთულეებზე, როგორიცაა საკვების თავიდან არიდება, შერჩევითობა და სხვა.
ფსიქოლოგი - მუშაობს ბავშვთან და მის ოჯახთან, ემოციური, სოციალური და კომუნიკაციური სირთულეების დაძლევის მიზნით.
ფსიქიატრი - მუშაობს კვებითი აშლილობების მართვაზე, საჭიროების შემთხვევაში იყენებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.
სტომატოლოგი - აფასებს ბავშვის ორალურ ღრუს და განსაზღვრავს იმ თავისებურებებს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს კვების პროცესზე.
გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ ვინ ჩაერთვება მულტიდისციპლინურ გუნდში, ეფუძვნება ბავშვის მდგომარეობასა და საჭიროებებს, რომლებიც შეფასების საფუძველზე გამოვლინდება.