ქცევითი თერაპია
ქცევითი თერაპიის მიზანია პრობლემური ქცევების მისაღები ქცევებით შეცვლა. ქცევითი თერაპია ADHD ის მქონე პირს ასწავლის სტრატეგიებს, პრობლემური სფეროს (ორგანიზაცია, ფოკუსირება და იმპულსის კონტროლი) გასაუმჯობესებლად. ქცევითი თერაპია საჭიროებს ბავშვის, მშობლის და მასწავლებლის აქტიურ ჩართულობას, რამდენადაც მათ მხრიდან ბავშვის ქცევაზე სწორი რეაგირებები და გარემოს ადაპტირება/მორგება განსაზღვრავს ბავშვის წარმატებას.
ხშირ შემთხვევაში ქცევითი თერაპია შეწყვილებულია მედიკამენტებთან, თუმცა, ზოგჯერ საკმარისად ეხმარება ადამიანს ეფექტორად მართოს ADHD სიმპტომები მედიკამენტების გარეშე.
კოგნიტურ-ქცევითი თერაპია
ხშირი წარუმატებლობის, შეცდომების, გამორჩენილი მნიშვნელოვანი თარიღების, შეუსრულებელი დაპირებების თუ არაპუნქტუალურობის გამო, ADHD ის მქონე პირებს ხშირად დაბალი თვითშეფასება და ნეგატიური წარმოდგენები აქვთ საკუთარ თავზე.
მსგავს დამოკიდებულებებთან და წარმოდგენებთან სამუშაოდ, ეფექტურია კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, რომელიც წარმოადგენს ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ მიმართულებას და ეხმარება ადამიანს არაადაპტური ქცევებისა და მათ საფუძვლად მდებარე ირაციონალური აზრების ჩანაცვლებაში. ADHD-ს შემთხვევაში, ასეთი აზრები შეიძლება იყოს:
- “მე ყოველთვის არასწორად ვიქცევი;”
- “დავალება ბრწყინვალედ უნდა შევასრულო, მე კი- დამაკმაყოფილებლადაც არ გამომივა...”
- “ყველას თვალში არაეფექტური და უსარგებლო ვარ
ირაციონალური აზრები იწვევენ შფოთვას, დისფუნქციურ ქცევებს, ყოველივე ამის ასარიდებლად, კი მნიშვნელოვანია ირაციონალური აზრების რაციონალურით ჩანაცვლების სტრატეგიების გამომუშავება.
კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის დროს ადამიანები სწავლობენ რომ არ იყვნენ რადიკალურები მოვლენების შეფასებისას (“მე ყოველთვის, მე არასდროს..”) უმაღლესი მოლოდინების წაყენება და “ასე უნდა იყოს” ფორმულირება აზრების, ამწვავებს თვითკრიტიკულობასა და შფოთვას ადამიანებში. ასევე, იმის გააზრება, რომ ჩვენ სხვების და მითუმეტეს ყველას გონების კითხვა არ შეგვიძლია, ეხმარება ადამიანებს, რომ გადააწყონ ირაციონაური აზრი (“ყველას თვალში არაეფექტური ვარ”) და გააკეთონ საწინააღმდეგო აღმოჩენები.
ADHD- ის მქონე პირისგან შეიძლება მოისმინოთ - “მე ძალიან კარგად ვიცი რა და როგორ უნდა გავაკეთო, მაგრამ ვერ ვაკეთებ”, კოგნიტურ-ქცევითი თერაპია ეხმარება ადამიანს დაძლვის სტრატეგიების შემუშავებაში, რომელიც სწორედ იმ ნეგატიური მოლოდინების და დამამუხრუჭებელი ქცევების მართვას განაპირობებს, რომელიც უხეშად ერევა მის მიერ დაგეგმილის განხორციელებაში.
კოგნიტურ-ქცევითი თერაპია არ კურნავს ყურადღების დეფიციტს, იმპულსურობასა და ჰიპერაქტივობას, ის ეხმარება ADHD- ის მქონე პირებს, უკეთ შეძლონ, დროის მართვა, დაგეგმვა და შეძლონ აქტივობების ორგანიზება, გაიუმჯობესონ დღის რუტინა და ძილის ხარისხი, რაც აადვილებს ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების ყოველდღიურობას.
ნეიროფიდბეკი
ADHD– ის მკურნალობის კიდევ ერთ, შედარებით ახალ ალტერნატიულ მეთოდს წარმოადგენს ნეიროფიდბეკი. აღნიშნული მეთოდი ეფუძნება კომპიუტერის გამოყენებას. კერძოდ, წინასწარ შერჩეული პარამეტრებით და უკუკავშირით, ხდება ტვინის ელექტრული აქტივობის მოდულაცია სამიზნე არეებში. 20-40 შეხვედრის შემდეგ დგება დროში მდგრადი შედეგი, ტვინი აღწევს აქტივაციის ადეკვატურ დონეს და მცირდება ADHD -ის მახასიათებლები.