სიტყვის მთლიანობითი კითხვის აქტივობა
ამ მეთოდის გამოყენებით ბავშვი სიტყვის ამოკითხვას შესაბამის სურათთან მიმართებაში სწავლობს. ვიზუალური და სმენითი ინფორმაციის კომბინაცია სიტყვის უკეთ დამახსოვრებაში ეხმარება.
ეს აქტივობა შესაძლებელია სხვადასხვანაირად დაიგეგმოს.
მაგალითად, შეარჩიეთ რამოდენიმე ბარათი სადაც იქნება სურათი და მისი აღმნიშვნელი სიტყვა.
აჩვენეთ ბავშვს სურათი და სთხოვეთ დაასახელოს რას ხედავს. მაგალითად, ვაშლის სურათი.
შემდეგ, სთხოვეთ წაიკითხოს იმავე ბარათზე დაწერილი სიტყვა - ვაშლი.
მიუთითეთ დაწერილ სიტყვაზე.
თუ ბავშს აქვს სიტყვის ამოკითხვის სირთულე, მიუთითეთ სურათზე და მიეცით მინიშნება. შემდეგ დააფარეთ ხელი სურათს და სთხოვეთ ხელახლა ამოიკითხოს სიტყვა.
ფონოლოგიურად მსგავსი სიტყვების გარჩევის აქტივობა
ფონოლოგიური გადამუშავება მჭიდროდ არის დაკავშირებული კითხვის უნარის განვითარებასთან. ფონოლოგიურად მსგავსი სიტყვების გარჩევა კი ამ უნარის გავარჯიშებაში გვეხმარება.
აქტივობა სხვადასხვანაირად შეიძლება დაიგეგმოს. მაგალითად, ჩამოწერეთ მსგავსი ჟღერადობის მქონე სიტყვები სხვადასხვა ბარათებზე და სთხოვეთ ბავშვს, რაც შეიძლება მეტი სიტყვა ამოიკითხოს ლიმიტირებულ დროში, მაგალითად 1-2 წუთში. თქვენც ჩაერთეთ აქტივობის შესრულებაში და მოტივაციის ამაღლების მიზნით - მიეცით თამაშის ფორმა.
აქტივობის მიზანია, გაწაფული კითხვის გავარჯიშება და მიხვედრით კითხვის დროს ჟღერადობით მსგავს სიტყვებზე ყურადღების მიქცევის სწავლება.
- ბა - ტი კ - არი
- ბა - რი ზ - არი
- ბა - ნი ბ - არი
- ბა - ვშვი ქნ - არი
- ბა - სრი ძმ - არი
- ბა - ნტი დ - არი
ბგერების სიტყვაში გაერთიანების აქტივობა
დაასახელეთ სხვადასხვა სირთულის სიტყვები ასო-ასოა ან/და დამარცვლით და სთხოვეთ თქვას რა სიტყვა გამოვიდა.
- მარტივი ხ - ე
- საშუალო ბ - უ - რ - თ - ი (ან ბუ-რთი)
- რთული ფ - ო - რ - თ - ო - ხ - ა - ლ - ი (ან ფო-რთო-ხა-ლი)
ტექსტის დაკავშირება თვალსაჩინოებასთან
კითხვის დაწყებამდე მოამზადეთ სიუჟეტური სურათი (ან სურათები), რაც დაკავშირებული იქნება წაკითხული ტექსტის შინაარსთან და კითხვისას დაეხმარეთ ბავშვს, რომ შინაარსი დაუკავშიროს მოცემულ სიუჟეტურ სურათს. ეს სტრატეგია ინფორმაციის დამახსოვრებაში და შემდგომ ამ ინფორმაციის გახსენებაში დაეხმარება.
ასევე დამხმარე სტრატეგიაა წაკითხული შინაარსის წარსულ ცოდნასთან ან/და პირად გამოცდილებასთან დაკავშირება.
ტექსტის დამუშავება ფერების ან/და სიმბოლოების საშუალებით
ტექსტის წაკითხვის დროს მნიშვნელოვანი ადგილების მონიშვნა სიმბოლოების ან/და ფერების საშუალებით ხელს უწყობს ინფორმაციის გაგებას, დამახსოვრებას და გახსენებას.
ხაზზე წერის სწავლება
ფურცელზე სივრცის დაცვის და ხაზზე წერის სირთულის დროს, შესაძლებელია ფურცელზე გავამკვეთროთ ხაზები ან დროებით გამოვიყენოთ პატარა თეთრი დაფა, სადაც მარკერით მკვეთრად მონიშნავთ ხაზებს და ისე ასწავლით ასოების წერას და სივრცის დაცვას.
წერისას ორგანაიზერების გამოყენება
წერისას სპეციალური გრაფიკების, ორგანაიზერების გამოყენება ხელს უწყობს იდეების გენერირებას და წერილობითი ფორმით აზრის უკეთ ფორმულირებას.