დიაგნოსტირება, როგორც წესი, არ ხდება სკოლამდელ ასაკში, თუმცა გარკვეული ნიშნების არსებობით შესაძლოა, ვივარაუდოთ შემდგომში მისი განვითარების მაღალი ალბათობა. ადრეულ ეტაპზე განვითარების სფეროებში (მოტორული, კოგნიტური, ენა და მეტყველება, სოციალურ-ემოციური სფერო) გამოხატული შეფერხების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს შეფასება და ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ინტერვენციის დაგეგმვა.
დასწავლის უნარის დარღვევის დიაგნოსტირება ყველაზე ხშირად 1-დან მე-4 კლასამდე ხდება.
შეფასების პროცედურა, როგორც წესი, მოიცავს შემდეგს:
ინტერვიუ
მშობლებთან ან/და ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან, რომელიც ჩართულია მისი აღზრდის პროცესში, მიზნად ისახავს ბავშვის განვითარების, სოციალური, საგანმანათლებლო და სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას.
ინტერვიუ მასწავლებლებთან შეიძლება ჩატარდეს პირისპირ ან/და კითხვარების სახით. ეს მიზნად ისახავს ბავშვის სკოლაში ფუნქციონირების და აკადემიური მიღწევის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის შეგროვებას.
ზოგადი ინტელექტუალური და კოგნიტური ფუნქციონირების შეფასება
მიზნად ისახავს სტანდარტიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით სხვადასხვა კოგნიტური (შემეცნებითი) უნარების შეფასებას, როგორებიცაა მაგალითად, აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, მეტყველება, აზროვნება და ინფორმაციის გადამუშავება, რაც ჩართულია სწავლის და აკადემიური პროგრამის ათვისების პროცესში.
ბაზისური აკადემიური უნარების შეფასება
მიზნად ისახავს სტანდარტიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით ბაზისური აკადემიური უნარების - წერის, კითხვის, მათემატიკის და თხრობის შეფასებას და აკადემიური მიღწევის დონის განსაზღვრას;
შეფასების საფუძველზე ასევე ხდება ძლიერი მხარეების და საჭიროებების იდენტიფიცირება და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციების შემუშავება.
დიაგნოსტირების პროცესში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს სენსორული დარღვევები, ენობრივი ბარიერი და განვითარების სხვა დარღვევები, მაგალითად, როგორიცაა ინტელექტუალური განვითარების დარღვევა.
დასწავლის უნარის დარღვევის დროს ხშირია ქცევითი სირთულეები, თუმცა ხშირად ეს გამოწვეულია მოსწავლის მხრიდან სწავლისადმი და სკოლისადმი ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებით და სათანადო ინტერვენციის განხორციელების შემდგომ, სწავლის სირთულეების მოგვარების პარალელურად, როგორც წესი, გვარდება ქცევის სირთულეებიც.
დასწავლის უნარის დარღვევა ქრონიკული მდგომარეობაა, თუმცა ადრეული და სწორი ინტერვენციის შემთხვევაში მოსწავლეები აღწევენ წარმატებას სწავლაში. სწავლება შეიძლება ეფუძნებოდეს როგორც უშუალოდ სუსტი უნარების გავარჯიშებას, ასევე ძლიერი მხარეების გამოყენებით სწავლებას.