ტიკური აშლილობა, მიუხედავად მისი ფორმის და სიმწვავის, არ ახდენს გავლენს ინტელექტუალურ განვითარებაზე. შესაბამისად, ბავშვებს ტიკური აშლილობით, აქვთ ნორმლური ინტელექტი და სხვადასხვა ძლიერი მხარე. ისინი ისევე ეუფლებიან ცოდნას და ვითარდებიან, როგორც მათი თანატოლები, ერთი განსხვავებით- მათ დამატებით უწევთ სხვა ნევროლოგიური დავალების შესრულებაც.
იშვიათად, ისევე როგორც ზოგიერთ ტიპიური განვითარების მქონე ბავშვის შემთხვევაში, ტურეტის სინდრომის მქონე მოსწავლეს სწავლებისას შესაძლოა დასჭირდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და სპეციალიზირებული მიდგომა სკოლაში. ზოგ შემთხვევაში, ინდივიდუალური მიდგომა შესაძლოა, მხოლოდ გარემოს მორგებით ან ბავშვის ემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფით გამოიხატოს და არ საჭიროებდეს სასწავლო მასალის გამარტივებას. მიუხედავად იმისა, რომ ემოციური სირთულეები ტიკური აშლილობის მქონე ბევრ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს, ინდივიდუალური გეგმით სწავლების აუცილებლობა მხოლოდ მათთან დგება, ვისაც ემოციური სირთლეები ხელს უშლის გაკვეთილში ჩართულობაში, სწავლასა და ურთიერთობებში.
იმისთვის, რომ არ გამოგვეპაროს ბავშვის რეალური საჭიროებები, მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ გარემოებებზე:
- ბავშვს არ ჰყავს მეგობრები, თანატოლების მხრიდან არ ვლინდება მიმღებლობა მის მიმართ.
- ბავშვის დამოკიდებულება მასწავლებლებისა და თანატოლებისადმი გაუარესდა
- იმატა ქცევის პრობლემებმა
- უარს ამბობს სკოლაში სიარულზე
- გახშირდა და გაძლიერდა ტიკები
- ტიკები ხელს უშლის სასკოლო აქტივობების შესრულებაში.
ამ ყველაფრის ადრეული იდენტიფიცირება და შესაბამისი მხარდაჭერის მიწოდება მნიშვნელოვანია, რათა აღმოიფხვრას ბავშვის მხრიდან სკოლის უგულებელყოფა, გაცდენები, კლასში ჩატოვების რისკი, აკადემიური ჩამორჩენა.
- დახმარებისთვის პირველი ნაბიჯი არის ცნობიერების ამაღლება ტიკურ აშლილობასთან დაკავშირებით როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. ეს სასურველია განხორციელდეს პროფესიონალების მხრიდან, ვიდეო მასალის ჩვენებით და საკითხავი რესურსების მიწოდებით. ბავშვთან ურთიერთობაში მყოფმა პირებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ნევროლოგიური საფუძვლის დარღვევაა, რომ ტიკები უნებლიედ და არამიზანმიმართულად ვლინდება; ის, რომ ტიკები იცვლება და შესაძლოა ზოგიერთი მათგანი ჩანაცვლდეს სხვა ფორმის ტიკით, რომ ეს დარღვევა მეტ-ნაკლებად მართვადია, თუმცა არა განკურნებადი. თუ ბავშვს დააძალებენ ტიკების შეკავებას, ეს უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს მისი მხრიდან და შესაბამისად ნეგატიურად აისახება მის ყურადღების კონცენტრირებასა და გაკვეთილში ჩართულობაზე.
- თანაკლასელებს მოდელირებითა და როლური თამაშებით უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ მოახდინონ ტიკების იგნორირება და არ გაბრაზდნენ, არ გამოხატონ იმედგაცრუება ამ მოსწავლესთან ურთიერთობისას. (იმ გამონაკლისი შემთხვევის გარდა, როცა გამოვლენილი ტიკი მათთვის ფიზიკური ზიანის შემცველია).
- ცნობიერების ამაღლების საფეხურზე, უნდა ჩამოყალიბდეს მასწავლებელსა და მშობლებს შორის ურთიერთთანამშრომლობა და ერთობლივი ზრუნვა მოსწავლის წარმატებისთვის. ხშირად მშობელი თვლის, რომ სკოლა არ პასუხობს ბავშვის საჭიროებებს ადეკვატურად, სკოლა კი თავისმხრივ, ბავშვის პრობლემას ოჯახის უყურადღებობით ხსნის. ასეთი ურთიერთბრალდებები იწვევს დაპირისპირებას სკოლასა და მშობელს შორის- ეს კი ნეგატიურად აისახება ბავშვის სასკოლო აქტივობებში ჩართულობაზე.
- სწავლის პრობლემების გამოვლენისას, მნიშვნელოვანია, შემეცნებითი და აკადემიური უნარების შეფასება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შედგენა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ დოკუმენტების შექმნა არ განაპირობებს ცალსახად ბავშვის აკადემიურ წარმატებას. მნიშვნელოვანია მასწავლებლის დამოკიდებულება და სურვილი, რომ დაეხმაროს ბავშვს. თუ მასწავლებელს, კლასს და ადმინისტრაციას არ აქვს მიმღებლობა ბავშვის მდგომარეობის მიმართ, კარგად გაწერილი სამუშაო მიზნები პრობლემას ვერ მოაგვარებს. ხოლო, როცა ურთიერთობები მხარდამჭერი და პოზიტიურია, ბავშვისთვის აკადემიური და სოციალური სარგებლის მიღება სკოლის მხრიდან მყარია.
- ინტენსიური და მწვავე ტურეტის სინდრომის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა და ფსიქოლოგმა განსაზღვრონ ტიკისადმი ტოლერანტობის რაციონალური ზღვარი კლასში ანუ, განისაზღვროს ის დონე, რომლის იგნორირებაც შესაძლებელია ისე, რომ არ იყოს პროცესში ხელის შემშლელი. სხვა შემთხვევაში აქტიურად მიმართონ დამატებით სტრატეგიებს, როგორიცაა:
გარემოს აკომოდაცია- კლასში პერიფერიული ადგილის შერჩევა, მაგალითად უკანა მერხზე დასმა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ნაკლებად არის შესამჩნევი ბავშვის მიერ გამოვლენილი ტიკები. შესაბამისად, ნაკლებად არის ხელისშემშლელი სხვებისთვის და თავად ბავშვისთვის. ამასთან, მერხზე უნდა ელაგოს მხოლოდ მიმდინარე აქტივობისთვის საჭირო ნივთები, რათა მოტორული ტიკების შემთხვევაში, არ გადმოეყაროს და არ გამოიწვიოს ხმაური
დროის მიცემა ბავშვისთვის საკლასო სივრცის გარეთ, დაცულ გარემოში განსამუხტად
მასალის კარგად სტრუქტურირებული და საინტერესო ფორმით მიწოდება
ნაკლები დავალების მიცემა, შფოთვის შემცირების მიზნით
წერისას -ღია კითხვების ჩანაცვლება დახურულით, შემოსახაზი პასუხები
საჭიროების შემთხვევაში ბეჭდვის შეთავაზება, ხელით წერის ნაცვლად
დავალების შესრულებისთვის დროის დამატება
ქცევის მართვის სტრატეგიების გამოყენება (იმ არასასურველ ქცევებთან მიმართებაში, რომელიც ბავშვს აქვს დასწავლილი და არ წარმოადგენს მისი მდგომარეობის მახასიათებელს. მაგალითად, ნივთების დაზიანება, დავალების შესრულებაზე უარის თქმა და ა.შ.).