ტიკები, სპეციფიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ერთიანდება ორი ძირითად კატეგორიაში: მოტორული და ვოკალური. მოტორული ტიკები მოძრაობების სახით ვლინდება, ხოლო ვოკალური - ხმოვანი სახით.
თავის მხრივ, მოტორული და ვოკალური ტიკები იყოფა მარტივ და კომპლექსურ ტიპებად. მარტივი ტიკი მოიცავს კუნთების ერთ ჯგუფს და ძალიან ხამოკლეა (რამდენიმე მილისეკუნდიდან -წამამდე); ასეთია - თვალების ხამხამი, ლოყის გამოძრავება, მხრების აჩეჩვა, თავის ტრიალი, სახის მიმიკური მოძრაობები. მარტივი ტიკები უმეტესად სხეულის ზედა ნაწილით შემოიფარგლება და უფრო ხშირად სახის კუნთების ჩართულობით. მარტივი ტიკი ვოკალური/ხმოვანი სახითაც შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად: ჩახველების, ენის ტკაცუნის, ბგერის წამოყვირების, სრუტუნის, ყეფის მსგავსი ქცევებით.
კომპლექსური ტიკი უფრო დიდხანს გრძელდება (წამების განმავლობაში) და შესაძლოა ვლინდებოდეს როგორც მარტივი ტიკების კომბინაცია, მაგალითად, თავის ტრიალი და მხრების აჩეჩვა ერთდროულად, საკუთარ სხეულზე რამდენჯერმე ხელის დარტყმა და აშ. ზოგჯერ კომპლექსური ტიკები უფრო მიზანმიმართული ქცევის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ეს ასე არ არის. ასეთ შთაბეჭდილებას განაპირობებს ხშირად მისი შინაარსი; შესაძლოა ადამიანს, რომელსაც კომპლექსური მოტორული ან ვოკალური ტიკი აქვს ახასიათებდეს სხვისი მოძრაობის გამეორება, თავისი ან სხვისი ნათქვამის ბოლო ფრაზის ბევრჯერ წარმოთქმა, უცენზურო სიტყვების ან რასისტული თუ რელიგიური შინაარსის ფრაზების უკონტექსტოდ წამოძახება დიალოგური მეტყველებისას.მარტივი და კომპლექსური ტიკის მაგალითებია:
- ხმა /ვოკალიზაცია: ხველა, ყეფა, ყელის ‘გასუფთავება’ - ჩახველების მსგავსად, ხმების გამოცემა, გადაყლაპვის მსგავსი ხმა, ფრაზების ან მელოდიების გამეორება და აშ.
- ხელები: თითების ერთმანეთში გადაგრეხვა, თითების დაჭიმვა, გასინჯვა, ხელით ხელის “გახეხვა”, თითების კაკუნი, თითებით კაწვრა, მუშტების შეკვრა-გაშლა და აშ.
- თვალები: თვალების პაჭუნი, ქუთუთოს მოჭმუხვნა, თვალის დაბრილება/ დაჭიმვა.
- სახე: ცხვირის მოძრაობა, ლოყების შეკუმშვა/გაბერვა, მოჭმუხვნა, შუბლის დაჭიმვა.
- პირი: ტუჩების მოძრაობა, ღეჭვის მსგავსი მოქმედება, კბილების ღრჭიალი (ზედა და ქვედა ყბის კბილების ერთმანეთზე სმა), ენის კბენა, ენის გრეხვა, ფრჩხილების კვნეტა.
- თავი: თავის ტრიალი, წინ, უკან გვერდზე გაწევა.
- მხრები: მხარის ან მხრების აჩეჩვა, წინ და უკან წამოწევა- გაწევა.
- მუცელი: მუცლის დაჭიმვა, გაბერვა.
- ფეხები: ფეხების შეთანხმებული მოძრაობები, ან ცალკეული კიდურის აწევა, დაწევა, გაწევა.
- სხეული: სხეულის დაძაბვა, ტორსის ტალღისებური ან სპირალისებური მოძრაობები
- გონება: უწყვეტი გამეორება მელოდიის, აზრის, ფრაზის.
ტიკების გამოვლენის სიხშირე სხვადასხვაა, შესაძლოა წუთის განმავლობაში 200 ჯერაც იჩინოს თავი. თუმცა, შეიძლება რამდენიმე წუთში ერთხელ გამოვლინდეს, ან უფრო იშვიათად.
მარტივი ტიკები ძირითადად 0-5 წლამდე იჩენს თავს. მოტორული ტიკები ხშირად უსწრებს ვოკალური ტიკების განვითარებას. იშვიათია, რომ ადამიანმა ტიკი შეიძინოს მოზრდილობის ასაკში და ეს არ იყოს ტრავმის ან ოპერაციის შედეგი.