- გულყრის დროს ადამიანი ვერ გადაყლაპავს ენას. ეს ფიზიკურად შეუძლებელია;
- გულყრის მიმდინარეობისას არ უნდა ჩაუდოთ ადამიანს ძალით რაიმე პირში. ასეთ დროს შეიძლება დაუზიანოთ კბილი, გაუჭრათ ღრძილი ან მოტეხოთ ყბა;
- გულყრის მიმდინარეობისას არ გააკავოთ ადამიანი. გულყრის უმეტესობა თავისით დამთავრდება რამოდენიმე წამში ან წუთში. გაკავებით გულყრის მიმდინარეობას ვერ შეაჩერებთ;
- ეპილეფსია გადამდები დაავადება არ არის და ის თქვენ მეორე ადამიანისგან არ გადაგედებათ;
- ეპილეფსია შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ასაკში;
- ეპილეფსიის მქონე ადამიანების უმეტესობა საზოგადოების სრულფასოვანი წევრია და მას შეუძლია შეასრულოს ისეთივე აქტივობები, რასაც ახორციელებენ სხვა, ეპილეფსიის არმქონე პირები. თუმცა, არსებობს ზოგიერთი სპეციალობა და სამუშაოს ტიპი, რომლისგანაც ეპილეფსიის მქონე ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს. მაგალითად, თუ ადამიანს ეპილეფსიური შეტევები არა აქვს შეწყვეტილი, მანქანის მართვა შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს როგორც თავად მას, ისე მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს; მეხანძრეობისა თუ პილოტის პროფესიები ასევე სარისკოა ეპილეფსიის მქონე ადამიანისთვის და ა.შ.
აღნიშნულის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში ეს საკითხები განხილულ უნდა იქნას მკურნალ ექიმთან ერთად, რომ შეირჩეს ეპილეფსიის მქონე ადამიანისთვის ოპტიმალური ვარიანტები ისე რომ, ერთი მხრივ, დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, შენარჩუნდეს ეპილეფსიის მქონე ადამიანის საზოგადოებრივი უფლებები.