ეპილეფსია

ეპილეფსიური გულყრის ტიპები

Preview

გამოყოფენ ეპილეფსიური გულყრების ორ დიდ ჯგუფს: გენერალიზებულს და ფოკალურს, ანუ ლოკალურს.

გენერალიზებული გულყრების შემთხვევაში ეპილეფსიური აქტივობა იმდენად სწრაფად ვრცელდება მთელ ტვინში, რომ შეუძლებელია მისი აღმოცენების პირვანდელი ლოკალიზაციის ანუ ეპილეფსიური კერის დადგენა.

გენერალიზებული ტიპის გულყრებიდან ყველაზე ხშირია:

აბსანსი

აბსანსის ტიპის გულყრები ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში გვხვდება და ხასიათდება ცნობიერების ხანმოკლე (რამდენიმე წამი), უეცარი გამოთიშვით და უეცარი აღდგენით. ამ დროს ბავშვი უეცრად ჩერდება, წყვეტს მოძრაობას რამდენი წამის განმავლობაში, აქვს უაზრო მზერა, კითხვაზე არ პასუხობს. გულყრის ჩამთავრების შემდეგ სწრაფად უბრუნდება ცნობიერება, აგრძელებს გულყრამდე დაწყებულ მოქმედებას და თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. აბსანსები ხანმოკლე ეპიზოდებია და ძალიან ჰგავს უყურადღებობის ან „ფიქრებში წასვლის“ ეპიზოდებს, რის გამოც, ხშირად ვერ ხერხდება მისი დროული დიაგნოსტიკა. სპეციალისტთან მიმართვა ხორციელდება უკვე მას შემდეგ, როდესაც ბავშვს უვლინდება სწავლის სირთულეები, ან უვითარდება ტონურ-კლონური გულყრა.

მიოკლონური გულყრა

“მიო” - ნიშნავს კუნთს, ხოლო “კლონუსი” - სწრაფ შეკუმშვას. აქედან გამომდინარე, მიოკლონია კუნთების სწრაფი შეკუმშვაა. მიოკლონური ეპილეფსიური გულყრები ხასიათდება კუნთების უეცარი, ხანმოკლე და განმეორებითი შეკრთომებით, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს კიდურების, სხულის ან სხვადასხვა ნაწილის მასიური კრთომებით. მიოკლონური ტიპის გულყრები ყველაზე ხშირად აღმოცენდება დღის პირველ ნახევარში, გამოღვიძების შემდეგ, შედარებით იშვიათია ჩაძინებისას, თუმცა, ასევე შეიძლება გამოვლინდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

მიოკლონური ტიპის გულყრები ძირითადად ახასიათებს ბავშთა და მოზარდობის ასაკში დაწყებულ ეპილეფსიებს. თუმცა, ასევე შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში.

ატონური გულყრა 

ადამიანის სხეულის ნებისმიერი ნაწილის მოძრაობა ხორციელდება კუნთთა ტონუსის ფიზიოლოგიური ცვლილებების საფუძველზე. კუნთთა ტონუსის დაქვეითებას ჰიპოტონია ეწოდება, ხოლო ტონუსის გაქრობას - ატონია (“ა” -  უარყოფის თავსართი).  გულყრა ატონურია, როდესაც გულყრის დროს ხდება მთელი სხეულის ან სხეულის რომელიმე ნაწილის კუნთებში  ტონუსის უეცარი დაქვეითება, რის გამოც ადამიანმა, შეიძლება უეცრად ჩაბუქნოს/ჩამუხლოს, თავი ჩაქინდროს ან მოწყვეტით დავარდეს. ასეთი ტიპის შეტევები ძალზე ხანმოკლეა და სულ რამდენიმე წამი გრძელდება. გულყრის შემდეგ ადამიანი აგრძელებს ჩვეულ ქმედებას, თუმცა, ზოგჯერ ასეთი ტიპის შეტევას შეიძლება მოჰყვეს კრუნჩხვითი გულყრა. მიუხედავად იმისა, რომ ატონური გულყრები ძალზე ხანმოკლეა, ხასიათდება ფიზიკური ტრავმის მიღების მაღალი რისკით. ასეთი გულყრების დროს ხშირია სხვადასხვა ტიპის ტრავმები, რის გამოც საჭირო ხდება დამატებითი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ქალა-ტვინის ტრავმების თავიდან აცილების მიზნით, ატონური გულყრების მქონე ადამიანებს ურჩევენ ჩაფხუტის გამოყენებას.

ტონური გულყრა

თუ ატონური გულყრის დროს ადგილი აქვს კუნთთა ტონუსის უეცარ დაქვეითებას, ტონური გულყრების დროს კუნთთა ტონუსი უეცრად მატულობს, ადამიანის სხეული და კიდურები ძალიან იჭიმება, ადამიანი შეიძლება დავარდეს და ასეთი მდგომარეობა შეიძლება 20-30 წამიდან რამდენიმე წუთამდე გაგრძელდეს. უეცარი ვარდნა ფიზიკური ტრავმის მიღების მაღალი რისკის შემცველია და ასეთ დროსაც, ქალა-ტვინის ტრავმული დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, სასურველა,  ადამიანმა ჩაფხუტი ატაროს.

ტონურ-კლონური გულყრა

ტონურ-კლონური გულყრა საზოგადოებაში ცნობილია „დიდი გენერალიზებული კრუნჩხვითი გულყრის“ სახელწოდებით, შესაძლოა დაიწყოს უეცარი ვარდნით, ან წინ უძღვოდეს რაიმე ნიშანი:  უცნაური ხმების გამოცემა (ღმუილი), თავის მიბრუნება ან სხეულის უნებური მიტრიალება/ბრუნვა რომელიმე მხარეს, რასაც მოჰყვება ცნობიერების დაკარგვა,   სხეულის დაჭიმულობა და  ტრიზმი ანუ კრიჭის შეკვრა (ტონური კრუნჩხვა),  ფეხზე დგომისას  ან ჯდომისას, შეიძლება,  დავარდეს/გადავარდეს და დაეწყოს რიტმული მოძრაობები (კლონური კრუნჩხვები). ტონურ-კლონური გულყრა გრძელდება 5 წუთამდე. შეტევის შემდეგ ადამიანს თანდათან უბრუნდება ცნობიერება, რეგულირდება სუნთქვის რიტმი, ითენთება და შესაძლოა გადავიდეს ძილში.

ტონურ-კლონური კრუნჩვების დროს ხშირად ვლინდება:

  • უნებლიე შარდვა და დეფეკაცია - ვინაიდან შეტევის დროს დაქვეითებულია თავის ტვინის მაკონტროლებელი მექანიზმების აქტივობა;
  • კანის ფერის ცვლილება - სუნთქვის გაძნელების გამო  სილურჯე (ციანოზი), მომწვანო ან მუქი შინდისფერი ელფერი, განსაკუთრებით, ცხვირ-ტუჩის მიდამოში;
  • თვალის გუგების გაფართოება;
  • პირიდან ქაფიანი ან სისხლიანი დუჟი (სუნთქვის გაძნელებისა და ენის მოკვნეტის გამო);

ფოკალური  გულყრები


გულყრა ფოკალურია როდესაც ეპილეფსიური აქტივობა აღმოცენდება ერთი ჰემისფეროს რომელიმე უბნიდან, ლოკალიზდება/შემოიფარგლება ამ უბნით, ან ვრცელდება ტვინის სხვა უბნებშიც. ფოკალური გულყრა შეიძლება მიმდინარეობდეს შენახული ან დათრგუნული ცნობიერების ფონზე.

1. ფოკალური  გულყრა შენახული ცნობიერებით

ასეთი გულყრების შემთხვევაში ადამიანს შენახული აქვს აზროვნების, შეგრძნებებისა და შემეცნებითი უნარები. ასეთი ტიპის გულყრების არსებობისას  ადამიანი თვითონვე აღწერს იმ მრავალფეროვან შეგრძნებებს, რომლებიც მას აქვს გულყრის მიმდინარეობის პროცესში (ცვლილებები მხედველბის არეში, ყნოსვისა და გემოვნების ცვლილებები, ხმის ტემბრის ცვლილება, თავბრუხვევა და სხვ).

2. ფოკალური  გულყრა დათრგუნული ცნობიერებით

ასეთი გულყრა მიმდინარეობს დათრგუნული ცნობიერების ფონზე. შეტევა შეიძლება დაიწყოს მზერის ფიქსაციით, უაზრო გამომეტყველებით, არაადეკვატური ქმედებებით, ღეჭვითი, ყლაპვითი ან ძებნითი ქმედებებით (“ავტომატიზმები”). ასევე ხშირია ქაოტური მოქმედებები, დეზორიენტაცია, გაუგებარი საუბარი, არაადეკვატური და სიტუაციისთვის შეუფერებელი ქცევები (შეიძლება აიღოს/დადოს საგნები გაუაზრებლად, გაიხადოს ტანსაცმელი, გაიქცეს, დაიწყოს რაიმეს მოგერიება). შეტევა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთი, თუმცა, გულყრის შემდგომი ბუნდოვანი ცნობიერება, შეიძლება, საგრძნობლად გახანგრძლივდეს.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+