უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ტიპის გულყრა არ არის ეპილეფსიური წარმოშობის. სამედიცინო კვლევების შემდეგ შეიძლება დადგინდეს, რომ გულყრა გამოწვეულია არა ეპილეფსიის, არამედ სულ სხვა სამედიცინო მდგომარეობით და, შესაბამისად, მკურნალობაც იმ დაავადების საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა წარიმართოს.
ეპილეფსიური გულყრების მსგავსი შეტევები ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:
- სინკოპე - გულის წასვლა;
- ფსიქიკური აშლილობები (ისტერია, პანიკური შეტევები, ტანტრუმის და მრისხანების შეტევები, უყურადღებობა და ფიქრებში წასვლა);
- ძილის დარღვევები (სომნამბულიზმი, ჰიპნოტური რეფლექსები, ძილთან დაკავშირებული რიტმული მოძრაობები, პარასომნიები, ძილის დამბლა, ნარკოლეფსია);
- შაკიკი ან/და შაკიკის მსგავსი მდგომარეობები;
- მოძრაობის დარღვევები (ტიკები, ნევროტულობა, შიში და შფოთვა, სტერეოტიპული მოძრაობები).
აღნიშნულის გარდა, არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც დგინდება ეპილეფსიური გულყრის/გულყრების არსებობა, მაგრამ ეპილეფტოლოგი თავს იკავებს გულყრების საწინააღმდეგო წამლების (ანტიკონვულსანტების) დანიშვნისგან. ასეთ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი, კლინიკური და ლაბორატორიული კვლევების დაწვრილებითი ანალიზის საფუძველზე და ამ საკითხების პაციენტთან/მისი ოჯახის წევრებთან განხილვის შემდეგ.
მაგალითად, ანტიკონვულსატი შეიძლება, არ დაინიშნოს ისეთ შემთხვევებში,
- თუ ადამიანს ჰქონდა ერთი ეპილეფსიური გულყრა და მისი განმეორების შანსი დაბალია;
- თუ ეპილეფსიური გულყრა პროვოცირებულია რომელიმე აგენტით, რაიმე შინაგანი ან გარემო ფაქტორით;
- თუ ეპილეფსიის კლინიკური და ინსტრუმენტული კვლევის მონაცემები მიუთითებენ თვითგანკურნებადი ეპილეფსიური სინდრომის არსებობაზე და სხვა.