ეპილეფსია შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ასაკში. უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა კვლევის თანამედროვე საშუალებებით, ზოგჯერ კი ამის ამოცნობა შეუძლებელია (ე.წ. იდიოპათიური ეპილეფსიები).
ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა:
ახალშობილებში ყველაზე ხშირია:
- თავის ტვინის თანდაყოლილი პათოლოგიები;
- სამშობიარო ტრავმები;
- დაბადებისას ჟანგბადის ნაკლებობა;
- გენეტიკური დაავადებები;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევები თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები;
- ქალასშიდა სისხლჩაქცევები (ინსულტი);
- დედის მიერ ორსულობაში ალკოჰოლისა და წამლების ბოროტად გამოყენება.
ჩვილებსა და ბავშვებში:
- თავის ტვინის ინფექციები;
- თავის ტვინის სიმსივნეები (იშვიათად);
- ქალა-ტვინის ტრავმები (საწოლიდან გადმოვარდნა, ხელიდან გავარდნა).
მოზარდებსა და მოზრდილებში:
- გენეტიკური დაავადებები (დაუნის სინდრომი, ანგელმანის სინდრომი, ტუბეროზული სკლეროზი ან ნეიროფიბრომატოზი);
- თავის ტვინის პროგრესულად მიმდინარე დაავადებები (ენცეფალოპათიები);
- ქალა-ტვინის ტრავმები (ავტოავარიები, ინციდენტები);
- ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება;
ხანდაზმულ ასაკში ძირითადი მიზეზებია:
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა (ინსულტი);
- დემენციები (ალცჰაიმერის დაავადება);
- ქალა-ტვინის ტრავმა (დავარდნის დროს).