ეპილეფსია თავის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით მსოფლიოში ეპილეფსია აღენიშნება 50 მილიონზე მეტ ადამიანს (WHO, 2019).
ეპილეფსიის ძირითადი სიმპტომია არაპროვოცირებული ეპილეფსიური გულყრა; ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის (International League Against Epilepsy, ILAE) 2005 წლის დეფინიციის მიხედვით ეპილეფსია დიაგნოსტირდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ორი ან მეტი არაპროვოცირებული გულყრის გამოვლენას 24 საათზე მეტი ხანგრძლივობის შუალედში ან/და ერთ არაპროვოცირებულ გულყრას განმეორების მაღალი ალბათობით (60%<) შემდგომი 10 წლის მანძილზე (Fisher, 2014).
ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგისა და ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ბიუროს (International Bureau for Epilepsy, IBE) დეფინიციით კი ეპილეფსია ისეთი მდგომარეობაა, როდესაც თავის ტვინს ახასიათებს მყარი მიდრეკილება ეპილეფსიური გულყრების აღმოცენებისკენ და თან ახლავს ნეირობიოლოგიური, კოგნიტური, ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები (Fisher, 2005).