ალტერნატიული კომუნიკაციის ერთ-ერთ პოპულარულ მეთოდს წარმოადგენს დასურათებული ბარათებით კომუნიკაცია. ამ მიდგომის საშუალებით ბავშვი სწავლობს ადრეული კომუნიკაციის უნარებს სურათების გამოყენებით.
ეს მეთოდი ეხმარება მეტყველების სირთულეების მქონე ბავშვებს გამოხატონ სურვილები, ინტერესები, უპასუხონ მარტივ კითხვებს და ზოგადად ამ გზით დაამყარონ ურთიერთობა გარშემომყოფებთან.
დასურათებული ბარათებით კომუნიკაცია გულისხმობს ისეთი ბარათების გამოყენებას, რომელზეც ბავშვის ყოველდღიურ რუტინაში ყველაზე აქტუალური მასალები და მოქმედებებია ასახული.
უმჯობესია, ბავშვის რეალურ გარემოში არსებულ ნივთების სურათების გამოყენება ვიდრე უცხო, ონლაინ სივრცეში არსებული მასალების ფოტოები. ნაცნობ ნივთებზე გადაღებული ფოტო ბავშვისთვის უფრო მეტად აღსაქმელია და ამარტივებს კავშირს ბარათს, ნივთს და მოქმედებას შორის.
სასურველია თავდაპირველად ბარათებზე აღბეჭდილი იყოს მისთვის საყვარელი ნივთი ან აქტივობა, ეს უფრო მეტად გაზრდის მის ინტერესს და მოტივაციას გამოიყენოს ბარათები ყოველდღიური კომუნიკაციისთვის.