ყოველდღიური დამოუკიდებლობა შედგება სხვადასხვა კომპონენტისაგან და შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს: პირადი ჰიგიენა და საკუთარი თავის მოვლა, ბანაობა, ტუალეტის მოხმარება, ჩაცმა/გახდა, კვება, ფუნქციური მობილობა, პირადი ნივთების მოვლა და სხვა. ასევე, მოგვიანებით ეტაპზე მოიაზრება ისეთი საკითხები, როგორიცაა მაგალითად: ტრანსპორტის გამოყენება, ფინანსების განკარგვა, საყიდლებზე წასვლა, საჭმლის მომზადება, სახლის საქმიანობები.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთათვის შესაძლოა გართულებული იყოს ყოველდღიური საქმიანობების შესრულება. შესაბამისად, მისი წახალისება და სწავლება რეკომენდირებულია ადრეული ასაკიდანვე.
ამ უნარებზე ყველაზე აქტიურად მუშაობს როგორც ოკუპაციური თერაპევტი, ასევე ბავშვის ოჯახი. მათ შეთანხმებულ და კოორდინირებულ მოქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
გამომდინარე იქედან, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ყოველი ბავშვი ინდივიდუალურია - შეფასება და სამუშაო გეგმის შედგენა ხდება ინდივიდუალურად, ხოლო მის განხორციელებაზე მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა გარემოში. მაგალითად სკოლა, რეაბილიტაციის ცენტრი, სათამაშო მოედანი და სახლი. ეს უკანასკნელი თამაშობს უმთავრეს როლს აღნიშნული უნარების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში.
დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების სწავლების პროცესში თანმიმდევრულ მიდგომასა და პრიორიტეტული საკითხის გამოყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა განისაზღვროს თუ საიდან დაიწყოს მუშაობა, რათა ბავშვი არ გადაიტვირთოს რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულებით.
პროცესში მნიშვნელოვანია ზოგიერთი ძირითადი სტრატეგიის გათვალისწინება:
- აქტივობის დაყოფა მის შემადგენელ ნაბიჯებად და თანმიმდევრულად სწავლების წახალისება. მაგალითად ხელების დაბანის დროს, თავდაპირველად ყურადღება გამახვილდება ონკანის მოშვებაზე, შემდეგ ხელების წყლით დასველებაზე და ა.შ.
- ხშირი განმეორება - ამა თუ იმ უნარის გამომუშავებისთვის, რეკომენდირებულია ინტენსიური მუშაობა და ხშირი პრაქტიკა. მაგალითად კოვზით დამოუკიდებლად კვების ხელშეწყობა ყოველდღიურად.
- დახმარების ხარისხის განსაზღვრა - მნიშვნელოვანია ბავშვის წახალისება და მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება არსებული უნარების მაქსიმალურად გამოსავლენად. ასევე, უნდა განისაზღვროს დახმარების ხარისხი, რომელიც არ უნდა იყოს გადაჭარბებული. მაგალითად ბავშვმა უნდა დაივარცხნოს თმები დამოუკიდებლად, იმ შემთხვევაშიც თუ ამას დიდ დროს ანდომებს.
- აქტივობების გამარტივება - თუ ბავშვს უჭირს კონკრეტული მოქმედების შესრულება, ამ დროს ხდება მისი გამარტივება. მაგალითად ჩაცმა/გახდის სწავლებისას, მუშაობის დაწყება შესაძლებელია შედარებით დიდი ზომის ტანსაცმლის გამოყენებით ან დიდი ზომის ღილების და თასმების შერჩევა შესაკრავების სწავლებისას.
- გარემოს მორგება - მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის ფუნქციურ დამოუკიდებლობაში, რათა ეფექტურად ჩაერთოს ყოველდღიურ აქტივობებში. მაგალითად: სათანადო სიმაღლის პირსაბანი, საჭირო ნივთების ორგანიზება, სათანადო სიმაღლეზე დალაგება და სხვა.