სენსორული, იგივე შეგრძნებების ინტეგრაცია არის ნეირობიოლოგიური პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის. შეგრძნებების ეფექტურად გადამუშავება გვაძლევს ინფორმაციას ჩვენი სხეულის ფიზიკურ მდგომარეობასა და ირგვლივ არსებულ გარემოსთან დაკავშირებით. ასევე, უზრუნველყოფს ბავშვის წარმატებულ თანამონაწილეობას ყოველდღიურ აქტივობებში.
ბავშვმა შეიძლება უარი თქვას ახალი სვიტრის ჩაცმაზე, რადგან მას არ გააჩნდეს ნაცნობობის განცდა მისი ვიზუალური ხატის მიმართ. მრავალჯერადი შეხებისა და დანახვის გამოცდილება ეხმარება ბავშვს ნაცნობობის განცდის შემუშავებაში. ნებისმიერი ახალი სიტუაცია, მათ შორის ახლად დაწყებული თერაპიული პროცესიც, ბავშვისთვის წარმოადგენს არაორგანიზებულ და დისკომფორტის მომტან გარემოს. რის გამოც, ბავშვის რეაქციები ხშირად არის პროტესტი და უარყოფა, მანამ სანამ ერთსა და იმავე გარემოში არ აღმოჩნდება მრავალჯერ და არ მოხდება ამ გარემოს, როგორც უსაფრთხოს და ნაცნობის წარმოდგენის შექმნა.
ვერბალური ინფორმაციის გადამუშავების სირთულიდან გამომდინარე სიტყვიერად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული შთაბეჭდილებებიც შეიძლება იყოს მწირი და არა შესაბამისი.
იმ შემთხვევაში, როცა კუნთებიდან, სახსრებიდან, ვესტიბულარული სისტემიდან მიღებული ინფორმაციის რეგისტრირებისა და ინტეგრაციის პრობლემაა, ბავშვს უჭირს საკუთარი სხეულის სწორად აღქმა, უჭირს გარემოსთან ინტერაქცია, ვერ ახერხებს მოძრაობების დაგეგმვას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე, რადგან ბავშვი შეიძლება ვერ ჩაერთოს სხვადასხვა თამაშსა და აქტივობაში, რომელიც ხელს უწყობს აღნიშნული უნარების განვითარებას.