ანგარიში
დაუნის სინდრომის მქონე პირებს უჭირთ ისეთი ცნებების გაგება, როგორიცაა: მეტი, ნაკლები, ჯამი, სხვაობა, ცოტა, ბევრი.. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ახსინასა სიტყვების თანმიმდევრობას. თუ თქვენ ეტყვით, რომ სხვაობას გამოვთვლით შეკრების შემდეგ, დიდი ალბათობით ბავშვი გაიგებს (ჯერ სხვაობა, მერე შეკრება). ამიტომ უნდა გამოვიყენოთ მარტივი ინსტრუქციები და მივცეთ 8-10 წამი დრო, ინფორმაციის გადასამუშავებლად.
არითმეტიკული უნარები მოითხოვს მუშა მეხსიერების აქტიურ მონაწილეობას, რაც დაუნის სინდრომის მქონე პირებთან სუსტ მხარეს წარმოადგენს.
- ეფექტურია ციფრების, რიცხვებისა და ანგარიშის სწავლებისას თუ გამოვიყენებთ ფულის ერთეულებს.
- ისრებიანი საათის ნაცვლად -ციფრულ საათს.
- აუცილებელია ვიზუალური მასალის გამოყენება, რომ ციფრები რაოდენობრივად ბავშვისთვის აღქმადი გავხადოთ.
- მესამე კლასის მასალიდან ბავშვს უნდა შევთავაზოთ კალკულატორის გამოყენება
- აქცენტი უნდა გავაკეთოთ ფუნქციურ არითმეტიკულ უნარებზე (ის, რაც გამოადგება პროდუქტის შეძენისას, სამზარეულოში მარტივი რეცეპტით საკვების მომზადებისას, დროის კონტროლისთვის).
კითხვა
დაუნის სინდრომის მქონე პირებს მათი კარგად განვითარებული მხედველობითი მეხსიერების დახმარებით, ხშირ შემთხვევაში ისეთივე წარმატებით ეუფლებიან კითხვას, როგორც ტიპური განვითარების ბავშვები. ისინი უფრო სწრაფად სწავლობენ სიტყვების მთლიანობრივი კითხვის მეთოდით.
კითხვის უნარზე მუშაობა შეიძლება დავიწყოთ: როცა ბავშვის შეუძლია დაახლოვებით 100 სიტვის მნიშვნელობის გაგება, შეუძლია სურათებიანი ლოტოს თამაში, (ერთნაირი სურათების იდენტიფიცირება), 2-3 სიუჟეტური ბარათის თანმიმდევრულად დაწყობა (ჯერ და შემდეგ პრინციპით).
დაუნის სინდრომის მქონე პირები კითხვის დაუფლების შემდეგ სწრაფად ივითარებენ ლექსიკურ მარაგს, კითხულობენ ქუჩების დასახელებებს, მაღაზიების, პროდუქტების სახელებს, გაფორმებულ მოთხრობებს, ტელევიზორში გამოტანილ ტექსტებს და ხვეწენ გრამატიკას მოკლე მოთხრობების თუ სხვა ამბების კითხვით. ხვდება რა ბავშვი, რომ დაწერილი სიტყვა ან ტექსტი შინაარსის მატარებელია, უჩნდება მეტი ცნობისმოეყვარეობა და ხშირად ერთობიან ამ პროცესით.
ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ მართალია, მათი კითხვის ტემპი და არტიკულაცია შესაძლოა სწორი იყოს, მაგრამ მუშა მეხსიერების დეფიციტის გამო, შეიძლება გაუჭირდეთ შიანარსის გაგება. ამისთვის უნდა შევთავაზოთ დასურათებული ტექსტები, დავუსვათ კითხვები ეტაპობრივად და ვესაუბროთ შინაარსზე.
შეთავაზებული ტექსტი (კითხვის დაუფლების საწყის ეტაპზე) უნდა იყოს მარტივი, ვიზუალურად გაფორმებული, მოკლე, ბავშვის ინტერესს მორგებული. (მაგალითალითად მის საყვარელ ცხოველზე, აქტივობაზე..).
კითხვის სწავლაზე მუშაობას ზოგჯერ ართულებს ბავშვის მხედველობის დეფიციტი. ამისთვის შესაძლოა გამოვიყენოთ დიდი ზომით დაწერილი ტექსტი, ფონისა და ასოების მკაფიო კონტრასტით.
წერა
დაუნის სინდრომის თანმხლები ჰიპოტონიის გათვალისწინებით, უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს შევთავაზოთ ფლომასტერი ან მარკერი, რათა არ დასჭირდეს ძალის დატანება ასოების ფორმირებაზე. ასევე, ხშირად თანმდევი მხედველობის პრობლემის გამო, ეს საშუალება მისივე დაწერილის აღქმაში დაეხმარება.
ფურცელზე გადატანამდე, ცალკეული ასოების სწავლებისას ეფექტურია მულტი მოდალური მიდგომა. კერძოდ, მაქსიმალურად ყველა შეგრძნების ჩართვა ასოების თუ ციფრების სწავლების პროცესში. ამასთან მასალა, აქტივობები უნდა იყოს მრავალფეროვანი და სახალისო (ასოების მაგნიტური ქვიშაში მოხაზვა, გამოძერწვა, გაფერადება, გამოჭრა, ტექსტში ნასწავლი ასოების ამორჩევა, ხელის გულზე მოხაზული ასოს გამოცნობა..)