ცერებრული დამბლა

ცერებრული დამბლის მქონე ბავშთა განათლება

Preview

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვები ისევე იღებენ განათლებას საჯარო სკოლებში, როგორც მათი თანატოლები.

დღეს, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა ვალდებულია, შექმნას  უსაფრთხო და ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო ყველა მოსწავლისთვის, მიუხედავად საგანმანათლებლო საჭიროებისა და / ან შეზღუდული შესაძლებლობისა, სადაც მათ მიეწოდებათ ხარისხიანი განათლება კომპეტენტური და კეთილგანწყობილი მასწავლებლებისგან.

მშობელი კი თავის მხრივ ვალდებულია, ბავშვს შეუწყოს ხელი სავალდებულო განათლების მიღების პროცესში და, ამავდროულად, უფლებამოსილია, მოითხოვოს სკოლისგან შესაბამისი მხარდაჭერა იმისათვის, რომ ბავშვისთვის სასწავლო პროცესი იყოს ხელმისაწვდომი, ის მასში თანამონაწილეობდეს და განიცდიდეს ინდივიდუალურ პროგრესს.

გაუმართლებელია იმ მშობელთა დამოკიდებულება და გადაწყვეტილება, რომელნიც არა მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ბავშვის სკოლაში სიარულს და ბავშვს სკოლისგან და თანატოლებისგან იზოლირებულად ტოვებენ. ხშირად, მშობელთა გადაწყვეტილების მიზეზი მათი არასწორი წარმოდგენები და დაბალი მოლოდინებია ბავშვისა და სკოლის მიმართ.

შესაძლებელია მშობელი თვლიდეს, რომ:

  • ბავშვის  სკოლაში სიარულს აზრი არ აქვს, რადგან ის იქ ვერაფერს ისწავლის;
  • უხერხულია მასწავლებლებთან, რადგან ბავშვმა შესაძლოა ისინი შეაწუხოს
  • ბავშვი სკოლაში დაიღლება და ამიტომ, უმჯობესია, სახლში დარჩეს;
  • ბავშვს სკოლაში დასცინებენ და ამიტომ, ჯობია, მოვარიდოთ სკოლას;
  • სკოლაში ბავშვის მდგომარეობა შეიძლება გართულდეს, სკოლა არ არის უსაფრთხო, მას დაეჯახებიან;
  • ბავშვი ყოველდღე რომ სკოლაში ატარონ, სამსახურში დააგვიანდებათ, ან  სახლის საქმეებს ვერ მოასწრებენ  და ა.შ.

გაუმართლებელია, ასევე, სკოლის წარმომადგენელთა მხრიდან სხვადასხვა მიზეზის დასახელება და მშობლისთვის რჩევა, მითითება, რომ ბავშვი, უმჯობესია, სახლში რჩებოდეს და სკოლაში არ დადიოდეს. ისინი შეილება თვლიდნენ, რომ:

  • ბავშვი ჩამორჩება თანატოლებს, მას სხვა პროგრამა სჭირდება და მასწავლებელი ვერ მოახერხებს მას ცალკე ეჯდეს;
  • სკოლაში არ არის ბავშვისთვის შესაბამისი პირობები, გარემო უსაფრთხო არ არის;
  • სხვა ბავშვები და მათი მშობლები აპროტესტებენ ბავშვის სკოლაში სიარულს;
  • ბავშვს რამე არ დაემართოს სკოლაში, ჯობია სახლში იყოს, იქ უკეთ მიხედავთ;
  • ბავშვი ცოდოა, სკოლაში ძალიან წვალობს;
  • ბავშვის კლასი ზედა სართულზეა, ლიფტი არ არის, იქ ვერ ავა,  და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლების და მასწავლებლების წუხილი ბავშვის უსაფრთხოებაზე, მის მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებაზე, მასწავლებელთა კომპეტენციაზე, რესურსების ნაკლებობაზე - საფუძვლიანია და ლეგიტიმური, გამოსავალი უნდა იყოს არა ბავშვის სახლში დატოვება, არამედ ზრუნვა ამ გამოწვევებზე რეაგირებისთვის.

ამრიგად, დაუშვებელია, მშობლის ან სკოლის გადაწყვეტილებით, ცერებრული დამბლის დიაგნოზის არსებობის გამო, ბავშვის სკოლის  მიღმა დატოვება, განათლებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა. ეს ბავშვის ფუნდამენტური უფლების დარღვევაა.

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვთა განათლებაზე საუბრისას, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს არ ექმნება სირთულეები სწავლის პროცესში. მრავალი მათგანი წარმატებით ართმევს თავს სასწავლო პროცესს. თუმცა, არსებობენ ბავშვები, რომელთაც განსაკუთრებული სირთულეები ექმნებათ განათლების მიღებისას და სპეციფიკური მხარდაჭერა ესაჭიროებათ იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში.

ასეთ ბავშვებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს უწოდებენ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე უფლებამოსილია  მიიღოს საჭირო დამატებითი მხარდაჭერა სკოლაში. ხოლო, სკოლა ვალდებულია სასწავლო პროცესი დაგეგმოს და წარმართოს მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით.

ამისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგი პროცედურები:

  • სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების იდენტიფიცირება

ბავშვის სკოლაში ჩარიცხვამდე, თუკი მშობელს   აქვს მოლოდინი რომ მის შვილს სწავლის პროცესში გარკვეული სირთულეები შეექმნება, რეკომენდებულია მან ამის შესახებ აცნობოს სკოლას - საქმის კურსში ჩააყენოს ადმინისტრაცია და / ან დამრიგებელი.

ამავდროულად, აუცილებელია მასწავლებელი ყურადღებით აკვირდებოდეს მოსწავლეებს, და არ  გამოეპაროს არცერთი თავისი მოსწავლის სირთულეები სწავლის პროცესში.

  • მოსწავლის მიმართვა განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის  სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდთან

მასწავლებლის მიერ სწავლის დროს განსაკუთრებული სირთულეების იდენტიფიცირების შემდეგ, ანუ ეჭვის გაჩენისას, რომ მოსწავლეს აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, აუცილებელია მშობლისგან თანხმობის მიღება და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდთან ბავშვის შეფასების შესახებ მიმართვის გაკეთება.

მულტიდისციპლინურ გუნდს ბავშვის შეფასების მოთხოვნით შესაძლებელია მიმართოს თავად მშობელმა და მან ეს ბავშვის სკოლაში ჩარიცხვამდე ან მას შემდეგ განახორციელოს.  მომართვის ფორმები ხელმისაწვდომია სკოლებში, საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

  • განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის შეფასება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი სხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით შეაფასებს მოსწავლის შემეცნებით უნარებს (აღქმას, ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას, მეტყველებას); აკადემიურ უნარებს (წერას, კითხვას, თხრობას, ანგარიშს);  მოტორულ უნარებს (მსხვილ და ნატიფ მოტორულ უნარებს) და კომუნიკაციის უნარს. ობიექტური შეფასების საფუძველზე გუნდი დაადგენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არსებობას ან უარყოფს მასწავლებელთა და მშობლის ვარაუდს. ამავდროულად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში,  გუნდი განსაზღვრავს რეკომენდაციებს, მოსწავლის სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვის მიზნით. შეფასების ანგარიშს მულტიდისციპლინური გუნდი წარუდგენს სკოლასა და მშობელს.

  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით

სკოლა ვალდებულია გაეცნოს მოსწავლის შეფასების შედეგებს და გუნდის რეკომენდაციების გათვალისწინებით დაგეგმოს მოსწავლის სასწავლო პროცესი. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლე ხდება უფლებამოსილი ისწავლოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, რომელიც უნდა შეიქმნას მშობლის მონაწილეობით; მიიღოს სპეც. მასწავლებლის მხარდაჭერა; განესაზღვროს ინდივიდუალური სასწავლო განრიგი;  მიიღოს შინ განათლება და ა.შ.

  • მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გარემოს და საჭირო მომსახურებების უზრუნველყოფა

საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია სკოლაში შექმნას საუკეთესო პირობები მოსწავლის განათლებისთვის და უზრუნველყოს ის ყველა საჭირო რესურსით და მომსახურებით. თუკი აღნიშნული საკითხები მოგვარებული არ არის, დირექციამ უნდა იზრუნოს:

- სკოლის ფიზიკური გარემოს ადაპტაციაზე - პანდუსის, ადაპტირებული ტუალეტების მოწყობაზე; მოსწავლის კლასის  პირველ სართულზე განთავსებაზე და ა.შ.;

- სპეციალური მასწავლებლის ან ფსიქოლოგის შერჩევაზე და დაქირავებაზე;

- საჭიროების შემთხვევაში პირადი ასისტენტის, ჟესტური ენის თარჯიმნის, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერის  დაქირავებაზე;

- მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ინკლუზიური განათლების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების საკითხებზე;

- რესურს ოთახის დაფუძნებაზე, სადაც თავს მოიყრის მოსწავლისთვის საჭირო სასწავლო რესურსები და სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მოსწავლესთან ინდივიდუალური მეცადინეობის ჩატარება.

  • მოსწავლის სასწავლო პროცესის და შედეგების გადაფასება

სკოლა ვალდებულია ყურადღებით აკვირდებოდეს მოსწავლის სასწავლო პროცესს, არ გამოეპაროს მისი პროგრესი, გამოწვევები და  რეგულარულ რეაგირებას ახდენდეს მათზე. მნიშვნელოვანია მოსწავლის მდგომარეობის გადაფასება მულტიდისციპლინური გუნდის და მასწავლებელთა მონაწილეობით, ახალი რეკომენდაციების განსაზღვრა, შედეგების განხილვა მშობელთან ერთად და ახალი მოქმედების და ღონისძიებების დაგეგმვა / განხორციელება.

  • მუდმივი კომუნიკაცია მშობელთან

სკოლა, განსაკუთრებით კი მოსწავლის დამრიგებელი ვალდებულია მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდეს მშობელთან და აწვდიდეს მას ინფორმაციას ბავშვის სასწავლო პროცესზე - მის პროგრესზე, ქცევაზე,  ახალ გამოწვევებზე. სკოლა ასევე ვალდებულია უსმენდეს მშობელს, მის მოსაზრებებს ბავშვის სასწავლო პროცესის და გარემოს ორგანიზებაზე. ისინი შეთანხმებულად უნდა განიხილავდნენ მოსწავლის უსაფრთხოების საკითხებს, დამატებითი მომსახურებები საჭიროებას, მათ ეფექტს და ა.შ.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+