ცერებრული დამბლა

ცერებრული დამბლის კლასიფიკაცია კლინიკური ნიშნების მიხედვით

კლინიკური ნიშნების მიხედვით, განასხვავებენ ცერებრული დამბლის შემდეგ ფორმებს:

(ა) სპასტიური ცერებრული დამბლა, გვხვდება შემთხვევათა 70 - 80 %-ში.

(ბ) არასპასტიური ცერებრული დამბლა, გვხვდება შემთხვევათა 20 %-ში, რომლის სახეებია:

  • დისკინეზური ფორმა
  • ატაქსიური ფორმა

(გ) ცერებრული დამბლა შერეული ნიშნებით

ცერებრული დამბლა სპასტიური სინდრომით

სპასტიური ცერებრული დამბლის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ კუნთთა ტონუსის მკვეთრი მატება; კუნთები მუდმივად იმყოფებიან შეკუმშულ მდგომარეობაში, რაც იწვევს კიდურების დაჭიმულობას და უმოძრაობას; შეუძლებელი ხდება  / რთულდება კიდურების მოდუნება და მოხრა. სპასტიური ცერებრული დამბლის დროს, დაზიანებულია ზედა და ქვედა კიდურები (ხელები და ფეხები), ენა, პირი, საყლაპავი მილი, რაც იწვევს გადაადგილების, მეტყველების, ჭამის, სუნთქვისა და ყლაპვის სირთულეებს. ბავშვს უჭირს ამართული პოზის შენარჩუნება, პოზის ცვლილება და ნებითი მოძრაობების განხორციელება.  სიარულის უნარის არსებობის შემთხვევაში, ბავშვები გადაადგილდებიან ფეხისწვერებზე, ბარძაყში და მუხლებში მოხრილი პოზით, ბიძგისებურად ან ჯვარედინად.

ბავშვებს ახასიათებთ რეფლექსების გაძლიერება (ჰიპერ-რეფლექსია), კუნთების სერიული, რითმული შეკუმშვები (კლონუსი). შედეგად, სახეზეა  გაძნელებული ნებითი მოძრაობები, ნატიფი მოტორული ფუნქციის დარღვევა.  ბავშვებს უჭირთ ცალკეული მოძრაობის იზოლირებულად შესრულება.

კუნთების სპასტიური მდგომარეობა, დროთა განმავლობაში, იწვევს მყეს-კუნთოვანი ქსოვილის დამოკლებას,  კუნთის და სახსრის მოძრაობის შეზღუდვას (კონტრაქტურას), სახსრის დეფორმაციას, სახსრის ამოვარდნილობას ან ადგილის მონაცვლეობას (დისლოკაციას).  

სპასტიურ ცერებრულ დამბლას ხშირად აზუსტებენ დაზიანების მხარის და ნაწილის მითითებით (ტოპოგრაფიული კლასიფიკაციით); აქედან გამომდინარეობს ცერებრული დამბლის ტიპები:  მაგ. ცერებრული დამბლა სპასტიური დიპლეგია; ცერებრული დამბლა სპასტიური ტეტრაპლეგია და ა.შ. 

არასპასტიური ცერებრული დამბლა

არასპასტიური ცერებრული დამბლის დროს სახეზეა კუნთების დაბალი ტონუსი ან კუნთთა ტონუსის მონაცვლეობა (ფლუქტუაცია - მატება - კლება). არასპასტიური ცერებრული დამბლისთვის დამახასიათებელია უნებლიე მოძრაობები, რომლებიც შეიძლება იყოს ნელი, სწრაფი, განმეორებადი და რიტმული. ნებითი მოძრაობის მცდელობა, სტრესი და ემოციური ფონი იწვევს უკონტროლო მოძრაობების მატებას, ხოლო ძილის დროს - სიმპტომები ქრება.

არასპასტიური ცერებრული დამბლის დროს დაბალია კონტრაქტურების და სახსრების დეფორმაციების განვითარების ალბათობა, ასევე ნაკლებია ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევის შემთხვევები და გულყრები. შესაძლებელია, სახეზე იყოს  მეტყველების დარღვევა, მაგრამ ეს გამოწვეული იქნება ფიზიკური დარღვევით და არა ინტელექტის დარღვევის გამო.

არასპასტიური ცერებრული დამბლა იყოფა ორ ჯგუფად:  დისკინეზური და ატაქსიური.

ცერებრული დამბლის დისკინეზური ფორმა

დისკინეზური სინდრომი ხასიათდება უნებლიე მოძრაობებით. დისკინეზური ფორმის მქონე ბავშვებს, ზურგზე წოლისას, ჩვეულებრივ, აღენიშნებათ კუნთთა ჰიპოტონია (კუნთთა დაბალი ტონუსი); ამ დროს  შესაძლებელია კიდურების სახსარში სრული სიფართით პასიური გაშლა (სხვის მიერ).  ნებითი და მიზანმიმართული მოძრაობების  განხორციელების მცდელობისას ჩნდება და მატულობს უნებლიე მოძრაობები, რაც კიდევ უფრო ძლიერდება ემოციურობის ფონზე.

ბავშებს ასევე ახასიათებთ პრიმიტიული რეფლექსების შენარჩუნება, ჭარბი ნერწყვდენა (ჰიპერსალივაცია), შენელებული ფსიქომოტორული განვითარება. სპასტიური სინდრომებისაგან განსხვავებით, ამ სინდრომებისათვის არ არის დამახასიათებელი კონტრაქტურები. დისკინეზური ნიშნები უფრო თვალსაჩინო ხდება მოგვიანებით, ბავშვის ზრდასთან ერთად.

არსებობს ორი ტიპის დისკინეზური ფორმა: ჰიპერკინეტიკური (ჰორეო-ათეტოიდური) და დისტონიური.

ჰიპერკინეტიკური (ჰორეა-ათეტოიდური) ფორმის შემთხვევაში ბავშვი ავლენს უნებელიე, არამიზანმიმართულ, ჭარბ მოძრაობებს, რადგან კუნთების ერთი ჯგუფის მოქმედება იწვევს კუნთთა სხვა ჯგუფის გააქტიურებას და ამოქმედებას. უნებლიე მოძრაობები, ძირითადად, ვლინდება ხელებში, ფეხებსა და მტევნებში. ამ დროს ბავშვებს აღენიშნებათ უჩვეულო,  სტერეოტიპული პოზები.

დისტონიური ფორმის შემთხვევაში, კუნთების ტონუსის პათოლოგიური ცვლილებები ასევე ვლინდება სხეულის ნაწილის / ნაწილების მოძრაობის მცდელობისას. უფრო მეტად, დარღვეულია სხეულის ზედა ტანის კუნთთა ტონუსი, და შედარებით ნაკლებად - კიდურები, რაც იწვევს ფიქსირებულ,  მოხრილ პოზას. დისტონიის შემთხვევაში, ფერხდება სახსრების სრული სიფართით გაშლა და ის არ არის მოძრაობის სისწრაფეზე დამოკიდებული, რადგან სახსრების ნელი ამოძრავების შემთხვევაშიც, სახსრების სრული სიფართით გაშლა გართულებულია. ამავდროულად, დისტონიის გამოვლინება დამოკიდებულია ბავშვის სიფხიზლის ხარისხზე და ემოციურ მდგომარეობაზე. როდესაც ბავშვს ძინავს დისტონია შესაძლებელია საერთოდ არ იგრძნობოდეს; თუკი ბავშვი გაღიზიანებულია ან ზედმეტად აგზნებულია, დისტონია მკვეთრად ვლინდება.

საყურადღებოა, რომ ბავშვს შესაძლებელია ახასიათებდეს დისკინეზიის ორივე ფორმა.

ცერებრული დამბლის ატაქსიური ფორმა 

ცერებრული დამბლის ატაქსიური ფორმის შემთხვევაში, ბავშებს აღენიშნებათ ნებითი მოძრაობების, კოორდინაციის და წონასწორობის სირთულეები, უნებლიე მოძრაობები ვლინდება ნაკლებად. ისინი, ძირითადად, გადაადგილდებიან ფეხების განზე ფართედ გაშლილი მოძრაობებით და აღენიშნებათ არაზუსტი მოძრაობები, როდესაც ცდილობენ მიწვდნენ რაიმე საგანს (დისმეტრია), რაც დაკავშირებულია ასევე სიღრმის აღქმის დარღვევასთან. თვალისა და ხელის კოორდინირებული მოქმედების დარღვევის გამო, ვლინდება წერის სირთულეები.  სახეზეა მოტორული სფეროს და მეტყველების შენელებული განვითარება.

ცერებრული დამბლა შერეული ნიშნებით

არსებობს ცერებრული დამბლის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს აღენიშნებათ როგორც სპასტიური, ისე არასპასტიური ნიშნები. შერეული ფორმის ცერებრული დამბლის შემთხვევაში, ზოგიერთ კიდურში ვლინდება სპასტიურობა, ზოგიერთში კი ათეტოზი. 

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+