ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების მდგომარეობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება მდგომარეობის და შეზღუდული შესაძლებლობის სიმძიმის მიხედვით, რაც დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანების ხარისხზე. მაგალითად, თავის ტვინის მცირე დაზიანებამ, შესაძლებელია, გავლენა იქონიოს მხოლოდ სიარულის, ან რომელიმე ერთი კიდურის გამოყენების ხარისხზე, ხოლო ძლიერმა დაზიანებამ - მთელი სხეულის კუნთების კონტროლზე და მოძრაობებზე.
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების ნაწილს აღენიშნება ჰიპოტონია - კუნთების დაბალი ტონუსი, ამ დროს კუნთები ზედმეტად მოდუნებულია; ბავშვების ნაწილს კი შეიძლება აღენიშნებოდეს - ჰიპერტონია, ანუ კუნთთა მაღალი ტონუსი. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს დაბადებისას აღენიშნება ჰიპოტონია, რაც პირველი წლის განმავლობაში იცვლება ჰიპერტონიით.
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს, კუნთთა ტონუსის დარღვევის გამო, ხშირად აღენიშნებათ ასევე სხეულის უჩვეულო პოზები, კოორდინაციის და ბალანსის პრობლემა, რის გამოც, ბავშვს შესაძლოა უჭირდეს:
- თავის ჭერა, ჯდომა ან დგომა;
- გადაადგილება / სიარული (ბავშვები ვერ დადიან, ან დადიან ფეხისწვერებზე; მოხრილი; ფეხების წინ გადაჯვარედინებით (ბალერინას პოზა); ფეხების განზე გადგმით ან ასიმეტრიული სიარულით);
- სხვადასხვა საგნის (მაგ. სათამაშოების) ხელში ჭერა;
- ხელების შეთანხმებულად გამოყენება და საგნებით მანიპულირება (მხოლოდ ერთი ხელის გამოყენება, მეორის იგნორირება; აქტიური ხელის მოუხერხებლად გამოყენება და ა.შ.);
- ყოველდღიური აქტივობების (ჩაცმა / გახდა, დაბანა, ჭამა და ა.შ.) შესრულება.