ორალურ მოტორული სირთულეები
ორალურ მოტორული უნარების დარღვევა გავლენას ახდენს კვების პროცესზე, რადგანაც ამ დროს საჭიროა ტუჩების, ენის, ლოყების და ყბის შეთანხმებული მოძრაობების განხორციელება. ორალურ მოტორული უნარების სიძნელეების დროს შესაძლოა ვლინდებოდეს:
- თავისა და ტანის კონტროლის სირთულე - კვებისას სწორ, ფუნქციურ პოზას დიდი გავლენა აქვს ტუჩების, ლოყების, ენის, კბილების შეთანხმებულ მოძრაობაზე. კვებისთვის მეტნაკლებად ოპტიმალურ პოზად მიჩნეულია - სხეულის ვერტიკალურად ამართული პოზა, თავისა და ტანის სიმეტრიული განლაგება, მაგიდასთან ჯდომისას ფეხების იატაკზე დაყრდნობა და მენჯ-ბარძაყის, მუხლის და კოჭ-წვივის სახსრის 90 გრადუსიანი კუთხით მოხრა.
- ადრეული წოვის პატერნის ხანგრძლივად გამოყენება - კოვზით კვების დაწყებისას, დაახლოებით 4 - 6 თვის ასაკში, ჩვილი იყენებს ადრეულ წოვის პატერნს, ხშირად შეიმჩნევა საკვების პირიდან გადმოდინება, რაც გავლენას ახდენს კვების პროცესზე. ორალურ მოტორული უნარების დარღვევების დროს ხშირად შედარებით ხანგრძლივად ნარჩუნდება წოვის ადრეული, ჩამოუყალიბებელი პატერნი.
- პირის ღრუში საკვების მასის ფორმირებისა და მისი გადაადგილების სირთულე - მწირი ორალურ მოტორული კონტროლის გამო, ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს საკვების პირის ღრუში ერთად მოგროვება და შემდეგ მისი გადაადგილება ყლაპვის წამოსაწყებად.
- ყლაპვის წამოწყების სირთულე - ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ენის სუსტი კონტროლი, შესაძლოა გაუჭირდეთ ყლაპვის წამოწყება. ამ დროს საყურადღებოა ზოგადად ყლაპვის და გადაცდენის რისკის შეფასება.
- გადაცდენის ნიშნები დაქუცმაცებული ან მყარი საკვების მირთმევისას - მოტორული სირთულეების დროს, ხშირად ვლინდება ღეჭვის სიძნელეები, ბავშვები შესაძლოა ყლაპავდნენ საკვებს მოუმზადებლად, დაღეჭვის გარეშე. ეს ზოგჯერ იწვევს ღებინების ან გადაცდენის ნიშნებს, რადგანაც საკვები არ არის სათანადოდ დარბილებული და დაქუცმაცებული გადასაყლაპად.
საკვების პირში დაგროვება - პირის ღრუში მცირე ზომის საკვები მოითხოვს მეტ კონტროლირებად მოძრაობებს. შესაბამისად, ხშირად ის ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ პირის - ღრუს მოძრაობების კონტროლის სირთულე, რამდენიმე ულუფას იგროვებენ პირში. ამავდროულად, გაზრდილი ულუფის ღეჭვისთვის და ყლაპვისთის ენის ნაკლები მოძრაობებია საჭირო. ამიტომ, ბავშვების ხშირად მიმართავენ ამგვარ გზას.
სენსორული ინტეგრაციის სირთულეები
ბავშვის გარემოში დამოუკიდებელ ფუნქციონირებას სხვა მრავალ ფაქტორებთან ერთად განაზღრავს, სენსორული ინტეგრაციის უნარი. სენსორული ინტეგრაცია, ანუ შეგრძნებების გაერთიანება, არის ბავშვის უნარი, ერთი მხრივ, სწორად აღიქვას და გადაამუშავოს საკუთარი ფიზიკური მდგომარეობა და მის ირგვლივ არსებული გარემო და მეორეს მხრივ, აღქმული ინფორმაციის გათვალსიწნებით, სწორი საპასუხო რეაგირება მოახდინოს გარემოზე. ადამიანის შეგრძნებებია: სმენა, მხედველობა, ყნოსვა, გემო, შეხება, პროპრიოცეფცია (სხეულის პოზისა და გადაადგილების შეგრძნება) და ვესტიბულური (მოძრაობისა და წონასწორობის შეგრძნება). შეგრძნებების ეფექტურად გადამუშავება უზრუნველყოფს ჩვენს მიზანმინართულ და წარმატებულ თანამონაწილეობას ისეთ ყოველდღიურ აქტივობებში, როგორიცაა მაგალითად: თამაში, კვება, თვითმოვლის თუ სასკოლო აქტივობები და სხვა.
სენსორული სირთულეები კვებასთან მიმართებით სხვადასხვაგვარად ვლინდება. მაგალითად:
- განსხვავებული რეაქცია სტიმულებზე - ბავშვი შესაძლოა იყოს ზედმეტად მგრძნობიარე გარკვეული ტექსტურის ან სტიმულების მიმართ, მაგალითად: გემო, სუნი, ტემპერატურა, ვიზუალური მხარე და სხვა.
- მაღალი ან დაბალი მგრძნობელობა ვესტიბულური (სხეულის მოძრაობისა და წონასწორობის შეგრძნება) სტიმულების მიმართ - ვესტიბულური სტუმულების მიმართ განსხვავებული მგრძნობელობის გამო, ბავშვს შესაძლებელია არ მოსწონდეს პოზის ცვლილება, წყლის დალევის დროს ირიდებდეს თავის უკან გადახრას. შესაძლებელია უჭირდეს ერთ მდგომარეობაში გაჩერება, ჰქონდეს წამოდგომის, სირბილის მცდელობები ან რწევის სურვილი.
- ამრიდებლური ქცევა ძირითადი მზრუნველის მიმართ - ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი სპეციფიკური სტიმულები, როგორიცაა მაგალითად პარფიუმერია, შამპუნი ან სხვა პროდუქტი, რომელსაც მზრუნველი იყენებს.
- შეხებითი შეგრძნების გარჩევის სირთულე - ზოგჯერ ბავშვს უჭირს გარკვეული შეგრძნებების აღქმა და გარჩევა. შესაძლოა არჩევდეს შედარებით ხრაშუნა, საღეჭ საკვებს. თუმცა, ვერ ამჩნდევდეს დასვრილ პირს და ტუჩებს. ასევე უჭირდეს საკვების კონტროლი პირის ღრუში.
- გემოს და სუნის სტიმულების აღქმის დეფიციტი - ბავშვი შესაძლოა არჩევდეს ისეთ ინტენსიურ გემოებს, როგორიცაა მაგალითად მჟავე, ცხარე და უარს ამბობდეს დაბალანსებულ ან მსუბუქ გემოებზე.
- ახალი კვებითი გამოცდილების მიმღებლობის სიძნელე - ბავშვი თავს არიდებს ახალი საკვები პროდუქტის დაგემოვნებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ხშირად არის ახალი საკვების გასინჯვის გვიან შეთავაზება ბავშვისთვის.