როგორც აღვნიშნეთ, კვებითი სირთულეები უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით. ესენია ფიზიკური, ქცევითი, ფიზიოლოგიური, სენსორული, ზოგადი განვითარების და სხვა.
შესაბამისად, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბავშვის ჩართვა სხვადასხვა თერაპიულ პროცესში და ისეთი ნაბიჯების თანმიმდევრობა, როგორიცაა - ბავშვის სრულფასოვანი შეფასება, ინტერვენციის გეგმის, სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება.
ზოგჯერ, კვებასთან დაკავშირებულ ერთ კონკრეტულ სირთულეზე შესაძლოა მუშაობდეს რამდენიმე სპეციალისტი, თუმცა განსხვავდებოდეს მათ მიერ გამოყენებული სტრატეგიები.
მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული თერაპია, რომელიც აქტიურად გამოიყენება კვების სირთულეების დროს.
ჩარევა, რომელიც მოიცავს სამედიცინო საკითხებს - კვებითი სირთულეების მქონე ჩვილებსა და ბავშვებში ხშირია ისეთი სამედიცინო სირთულეები/მდგომარეობები, როგორიცაა მაგალითად: გასტროეზოფაგური რეფლუქსი და კუჭნაწლავის სხვა გართულებები, კუჭ-ნაწლავის სისტემის და ორალური ღრუს სტრუქტურული პრობლემები (მაგ: გაყოფილი სასა, ტუჩი) და სხვა. სამედიცინო სირთულეები გავლენას ახდენენ ბავშვის კვების პროცესზე, შესაბამისად მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის ჩარევა და რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინება.
კვების სირთულეების პარალელურად მნიშვნელოვანია ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობის მონიტორინგი და საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციფიური ინტერვენციის დაგეგმვა. ხშირ შემთვევაში, სამედიცინო ჩარევასთან ერთად საჭიროა ბავშვის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტებთან და მისი ჩართვა თერაპიულ პროცესში. მაგალითად ოკუპაციური თერაპიაში, ენისა და მეტყველების თერაპიაში და სხვა.
ოკუპაციური თერაპია - ორიენტირებულია ფუნქციური და ყოველდღიური აქტივობების შესრულების უნარის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე. ოკუპაციურ თერაპიული ინტერვენციის ძირითად მიზანს წარმოადგენს ბავშვის თანამონაწილეობის გაზრდა ასაკის შესაბამის ისეთ აქტივობებში, როგორიცაა: თამაში, ჭამა, დაბანა, ტუალეტის გამოყენება, ჩაცმა/გახდა და ა.შ.
ჩვილებსა და ბავშვებში კვებითი სირთულეების დროს, ოკუპაციური თერაპიის ინტერვენცია მიმართულია შემდეგ საკითხებზე:
- ორალურ-მოტორულ უნარები
- წოვა, ყლაპვა, სუნთქვის კოორდინაცია
- ყლაპვა
- სენსორული გადამუშავება
- სწორი/ფუნქციური პოზის ხელშეწყობა კვებისას
- ჩვილის/ბავშვის ხელში სწორად ჭერის ტექნიკები
- დამხმარე საშუალებების შერჩევა და მათი სწორად გამოყენებისთვის სხვადასხვა სტრატეგიების შეთავაზება
- გარემოს მორგება/ადაპტირება
- ქცევითი სირთულეების დაძლევა
- მშობლებთან/მზრუნველთან მუშაობა და კვების სხვადასხვა მეთოდის/ტექნიკების გამოყენების სწავლება.
სენსორული ინტეგრაცია - სენსორული ინტეგრაციის თერაპია გამოიყენება მაშინ, როდესაც ბავშვს აქვს სენსორული გადამუშავების სირთულეები, რაც ხშირად გავლენას ახდენს კვების პროცესზე. თერაპიის ძირითადი მიზანია დაეხმაროს ბავშვს სხვადასხვა სენსორული არხიდან (სმენა, მხედველობა, შეხება, ყნოსვა, გემო, პროპრიოცეპცია, ანუ სხეულის პოზისა და გადაადგილების შეგრძნება და ვესტიბულური, ანუ მოძრაობისა და წონასწორობის შეგრძნება) მიღებული სტიმულების გადამუშავებაში, რათა ჰქონდეს სწორი რეაქცია/ადაპტური პასუხი ბუნებრივ გარემოში მიღებულ სტიმულებზე.
კვებით სირთულეებზე მუშაობის დროს, შესაძლებელია სენსორული ინტეგრაციის ელემენტების გამოყენება საჭიროებიდან გამომდინარე. მაგალითად, როდესაც ბავშვს აქვს მაღალი მგრძნობელობა პირის ღრუში, გადაჭარბებულად აღიქმება ისეთი დეტალები, როგორიცაა - საკვების ფაქტურა და კონსისტენცია. შესაბამისად, ზოგჯერ საჭირო ხდება სენსორული, ფუნქციური აქტივობების გამოყენებით პირის ღრუს დესენსიტიზაცია, ანუ მგრძნობელობის ნორმალიზება.
ინტერვენციის ზოგადი სტრატეგიები სენსორული საჭიროებების მქონე ბავშვთან შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
- არაკვებითი ორალური სტიმულაცია - მაგალითად თამაში სხვადასხვა პროდუქტების ან სათამაშოების გამოყენებით. არაკვებითი სტიმულების გამოყენება მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, ბავშვი იკვებება თუ არა დამოუკიდებლად. კვებაზე მუშაობის დაწყებამდე აუცილებელია, რომ მას ჩამოუყალიბდეს მიმღებლობა საკვები პროდუქტებისადმი.
- საკვების სტრუქტურის, გემოს და არომატის ეტაპობრივი ცვლილება. მაგალითად კვების პროცესში გემოების გამრავალფეროვნება - შედარებით ტკბილი, მარილიანი და ა.შ.
- შეგრძნებების განვითარებაზე მიმართული აქტივობების და თამაშების შეთავაზება. მაგალითად სხვადასხვა სტრუქტურის მასალებით ფუნქციური თამაში (მაგ: ხილით ხატვა, ბურღულეულით თამაში და სხვა).
ენისა და მეტყველების თერაპია - თერაპია ორიენტირებულია ბავშვის მეტყველების და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ბავშვის უნარი, გაიგოს სხვისი მეტყველება და გასაგებად გამოხატოს სათქმელი. ენისა და მეტყველების თერაპევტს აქვს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ბავშის კვებით სირთულეებზე მუშაობის პროცესში. მის მიერ ხდება კვებისა და ყლაპვის კლინიკური და ინსტრუმენტული შეფასება, ხოლო კვების სირთულეებზე დაფუძნებული ინტერვენცია შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
- პირის კუნთების გაძლიერება
- ენის მოძრაობების წახალისება/განვითარების ხელშეწყობა
- სხვადასხვა სტრატეგიების სწავლება წოვის, ღეჭვის, ჭიქიდან სმის უნარების განვითარებისთვის
- ახალი საკვებისა და სასმელის გემოების/არომატების გასინჯვა
- სუნთქვის რეგულაციის ხელშეწყობა წოვის და ყლაპვის დროს
- საკვების /სასმელის მოდიფიცირება ყლაპვის გაუმჯობესებისთვის.მაგალითად საკვები ულუფის კონსისტენციის, სტრუქტურის, მოცულობის მორგება ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე
- სწორი პოზის შერჩევა ბავშვის ხელში ჭერის და დამოუკიდებლად ჯდომის დროს.
კვების თერაპია - კვების თერაპია შესაძლებელია განახორციელოს ამ სფეროში სპეციალიზირებულმა თერაპევტმა. მაგალითად კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების, ან ოკუპაციურმა თერაპევტმა. თერაპია მიმართულია იმაზე, რომ განვითარდეს და/ან გაუმჯობესდეს ბავშვის კვებითი უნარები.
პროცესი შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
- მუშაობა კვებისთვის მზაობის უნარებზე სხვადასხვა სახალისო თამაშებისა და აქტივობების გამოყენებით.
- კვებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და მათი სხვადასხვა გარემოში გამოყენების სწავლება.
- დამოუკიდებლობის მაქსიმალურად წახალისება კვებისას.
- პროცესში ბავშვისა და მშობლის/მზრუნველის პოზიტიური ინტერაქციის წახალისება.
თერაპიის ხანგრძლივობა და სესიების რაოდენობა დამოკიდებულია ბავშვის საჭიროებაზე.
ფსიქოთერაპია - ფსიქოთერაპია ერთ-ერთი ეფექტური გზაა კვებით სირთულეებზე სამუშაოდ, რომლის პროცესი შესაძლოა მოიცავდეს:
- იმ გარემოებებისა და თანმხლები საკითხების/სირთულეების მართვას, რომლებიც გავლენას ახდენენ კვებაზე
- ჩვილისა და მის მშობელს/მზრუნველს შორის პოზიტიური ინტერაქციის წახალისებასა და ხელშეწყობას
ქცევასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც მოიცავს საკვების თავიდან არიდებას, შერჩევითობას და სხვა.