ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომთან მუშაობა სისტემურ მიდგომას საჭიროებს და ინდივიდუალური შეფასებით განისაზღვრება. მუშაობა ძირითადად ეფუძნება:
- მედიკამენტებს
- სწავლის ეფექტიან სტრატეგიებს
- ქცევის მართვას (დაკვირვებაზე დაფუძნებით)
- ბავშვისა და მისი ოჯახის წევრების კონსულტირებას სინდრომის მახასიათებლების და მათი მართვის სტრატეგიების შესახებ.
მდომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება, როდესაც ყველა ამ კომპონენტს ვითვალისწინებთ მუშაობისას.
მედიკამენტები
შემთხვევათა 75 % მედიკამენტების ეფექტურობა მყარად დადასტურებულია. ფსიქოსტიმულანტები ეხმარება ტვინის აქტივობადაქვეითებულ უბნებს, მიაღწიოს აგზნების სათანადო დონეს, რაც დადებითად აისახება ყურადღების კონცენტრირების ხანგრძლივობის გაზრდაზე, მოტორული (მოძრაობითი) აქტივობების შემცირებასა და იმპულსის კონტროლზე. ხშირ შემთხვევაში, ADHD-ს ახლავს შფოთვითი აშლილობები და დეპრესია, რა დროსაც დამატებით მიმართავენ ანტიდეპრესანტებით მკურნალობასაც.
კონკრეტულ სიმპტომებზე მედიკამენტების ეფექტური მოქმედების მიუხედავად, გასათვალისწინებელია წამლის გვერდითი მოვლენებიც, რაც შესაძლოა ვლინდებოდეს მომატებული ძილიანობით ან უძილობით, მადის დაკარგვით და ზოგ შემთხვევაში ტიკური აშლილობით. ამასთან, მედიკამენტი მოქმედებს გარკვეული დროით, რა დროშიც ADHD- ის სიმპტომები არ ვლინდება, შესაბამისად, მედიკამენტის მიღება არ გულისხმობს პრობლემის აღმოფხვრას/ განკურნებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ADHD-ის მქონე პირებს სჭირდებათ დამატებითი სტრატეგიების ცოდნა, რათა შეძლონ მდგომარეობის ეფექტიანად მართვა.
კვებითი რაციონის კონტროლი
უმარავი დისკუსია და კვლევაა იმის დასამტკიცებლად, რომ დიეტით შესაძლოა ADHD სიმპტომების სიმწვავის მართვა. კერძოდ, საკვები დანამატები, როგორიცაა: სანელებლები, არომატიზატორები, კონსერვანტები და საღებავები უნდა იყოს მაქსიმალურად ამოღებული რაციონიდან (Feingold Diet). ასევე, უნდა გაკონტროლდეს შაქრის დონის შემცველობა სისხლში და ალერგიები სპეციფიკურ საკვებზე.
საკვები დანამატები ასტიმულირებენ და ამძაფრებენ ADHD -ის მახასიათებლებს, შაქრის დაბალი დონე და ალერგიული რეაქციები კი უარყოფითად აისახება დასწავლის უნარზე და კვებით ჩვევებზე, რაც ხშირად დამატებით პრობლემას იწვევს ADHD-ის მქონე პირებში.